2016 საპარლამენტო არჩევნები

არჩევნების დღის სიმულაცია ISFED-ში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 3 ოქტომბერს, არჩევნების დღის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის, ხმების პარალელური დათვლის (PVT) სიმულაცია განახორციელა.  

სიმულაციის დროს, დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) მეშვეობით უკავშირდებიან თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 იურისტის, 20 PVT ოპერატორისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისგან. სიმულაციის ერთი საათის განმავლობაში დამკვირვებელთა 98 პროცენტმა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა.



დღევანდელი სიმულაცია "სამართლიანი არჩევნების" მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილია და მიზნად ისახავდა დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას. სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების დღის მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად. "სამართლიანმა არჩევნებმა" დამკვირვებელთა ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. შესაბამისი მასალები ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს უკვე გადაეცა და დღევანდელი წარმატებული სიმულაციის შემდეგ "სამართლიანი არჩევნები" დარწმუნებულია, რომ მისი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღისთვის მზად არის.

სიმულაციას "სამართლიან არჩევნებში" საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიხეილ ბენიძე, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მათ კითხვებს პასუხობდა "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისიის და ხმების პარალელური დათვლის შესახებ.