ფიზიკური დაპირისპირების, ზეწოლა-მუქარის ფაქტები და პოლიტიკური კონტექსტი არჩევნების II ტურის წინ
28 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნები“ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს 38 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა იმ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, სადაც მეორე ტური დაინიშნა.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.
ანგარიშში ძირითადად საუბარია პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა/მუქარის და დაშინების შემთხვევებზე, რაც წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობრივ ხასიათს სძენს. აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ნეგატიური ფონი შეუქმნა ასევე 8 ოქტომბერს, ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების 3 უბანზე მომხდარი ძალადობრივმა ფაქტებმა. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ.