განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობრივ ინციდენტში სავარაუდოდ გუბერნატორის მონაწილეობის საკითხი.
წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ამგვარ მოქმედებებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 27 ოქტომბერს ურაველი-მუსხის გზაზე ადგილი ჰქონდა შესაძლო ძარცვისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებს. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიის აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას და ხვდებოდნენ მოსახლეობას. წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, მოსახლეობასთან შესახვედრად გადაადგილებისას, „ენმ“-ს აქტივისტის ნ.ხ.-ს განცხადებით მათ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი დაყვებოდა. აღნიშნული ნ.ხ.-მ დააფიქსირა ვიდეოკამერის მეშვეობით, რის შემდეგაც ნ.ხ.-ს მანქანას, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანა წამოეწია. მანქანიდან "კეთილმოწყობის სამსახურის" ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი გადმოვიდა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაიღო.
მოგვიანებით, როგორც „ენმ“-ს აქტივისტი აღნიშნავს, სოფლიდან დაბრუნებისას ურაველის გზაზე გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს. მომდარს უარყოფს გიორგი ბალიაშვილიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძარცვა).
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება არა მხოლოდ ნივთის (ვიდეოკამერის) აშკარა დაუფლებაზე უნდა გაამახვილოს, არამედ, შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებზეც. კერძოდ, დაზარალებულის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში „ენმ“-ს მაჟორიტარობის კანდიდატი აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას და „ენმ“-ს აქტივისტებისადმი ძალადობრივ ფაქტებს ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამანიის ღონისძიებებთან კავშირში.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების გარეშე არ დარჩეს შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტები. დაზარალებულის მიერ აღწერილი ქმედება და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს: „წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარას“.
გარდა ამისა, ნ.ხ.-ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიტიკურ (წინასაარჩევნო) საქმიანობაში ხელის შეშლა და მსგავსი ფაქტები.
აღნიშნულზე მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუკერძოებელი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინცინდენტი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სახალხო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო