2016 საპარლამენტო არჩევნები

განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით

ამჟამად საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს წყვეტს. ნდობის ჯგუფი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, რომლის უშუალო ფუნქციაც თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების საიდუმლო საქმიანობისა და ხარჯების კონტროლია; მის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური; მას აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
 
აქედან გამომდინარე,  ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მისი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის, ბიოგრაფიისა და რეპუტაციის დეპუტატებით. სამწუხაროდ წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გააუქმა ნდობის ჯგუფის წევრებისათვის კენჭისყრის აუცილებლობა, რამაც ამ ჯგუფის მნიშვნელობა, მისი პოლიტიკურ წონა და ლეგიტიმაციის ხარისხი დააკნინა. აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც უსაფრთხოების სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი.
 
საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების კანონით გათვალისწინებული შემოწმება მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, მათთან ერთად კომიტეტების სხვა წევრებსაც მოუწევთ ნატოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ნატოს უსაფრთხოების შემოწმების გავლაც.  
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
 
განსაკუთრებული ყურადღებით  მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის;
 
აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;
 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას.
 
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრობლემის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაგვარებლად და მომავალში ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება. კოალიცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
 
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
კავშირი საფარი - Union Sapari
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - Georgian Reforms Associates 
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - World Experience for Georgia