ISFED ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წინასაარჩევნოდ 2 მილიონი ლარით გაზრდას ეხმაურება
ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაობის შესრულებისთვის ბიუჯეტის ამ ნაწილის 2 მილიონ 225 ათასი ლარით გაზრდა მოითხოვა. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #35 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ თვითმმართველობის წინაშე გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ბათუმის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე, შენობებზე, მიმდინარე ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. ბათუმის მერიას აღნიშნული ხარჯების დაფარვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიაჩნია მიზანშეწონილად.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯების ზრდა შემოდგომისა და მომავალი ზამთრის სეზონზე მოსალოდნელი ნალექების ინტენსივობის და სტიქიური მოვლენების რისკებს ითვალისწინებს და მიმართულია შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ბათუმის მერიის აღნიშნული ინიციატივა არღვევს საარჩევნო კოდექსით დადგენილ აკრძალვებს და მიმართულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისკენ.
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით.
შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ბათუმის მერიასა და საკრებულოს დაიცვან საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ხარჯების ზრდის აკრძალვასთან დაკავშირებით და საჭიროებისამებრ, აღნიშნული ცვლილებათა პროექტი არჩევნების საბოლოო გამოცხადების შემდეგ განახორციელონ.