2016 საპარლამენტო არჩევნები

ISFED ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე აუდიტის სამსახურს მიმართავს

„სამართლიანი არჩევნები“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს. მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.





2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის - ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.


  


„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის - რიმა ბერაძისა და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“-ს მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლით. კანონის თანახმად, პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. 

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.

საგულისხმოა, რომ ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ -ს  ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ლოგოს ანალოგიურია . ამასთან, ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოყენებული სახელი - „ქართული ოცნება“ პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. წინასაარჩევნო აგიტაცია კი, კანონის თანახმად განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტის არჩევას. 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ცესკო, რომელიც შემდგომ განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს არ განახორციელონ ისეთი შინაარსის აქტივობა, რომელსაც ქველმოქმედების ფორმა აქვთ, შინაარსით კი ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები არამარტო საარჩევნო გარემოზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები როგორც ორგანიზატორი პირების, პარტიის და მათი წარმომადგენლების, ასევე, მატერიალური სიკეთის მიმღები მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით.