კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის პროცესი
2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.
ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით უწევს მონიტორინგს. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია, ხოლო ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობს.
ძირითადი დასკვნები
კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის პროცესში ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები, როგორიცაა, ხმის მიცემის ფარულობისა და მარკირების პროცედურის დარღვევები. ამ თვალსაზრისით ყველაზე პრობლემური მარნეულის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იყო.
ამჟამად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები აგრძელებენ ხმის დათვლის პროცესის მონიტორინგს, რომლის დროსაც რიგ საარჩევნო უბანზე იკვეთება ბიულეტენის ფარულობის დარღვევის, ბიულეტენებზე სავალდებულო რეკვიზიტების ნაკლებობისა და მონაწილე ამომრჩევლებთან შედარებით ნაკლები ბიულეტენების არსებობის ისეთი შემთვევები, რომელთა იდენტიფიცირება ხმის მიცემის პროცესში არ იყო შესაძლებელი.
კენჭისყრის პროცესის შეფასება PVT შედეგებზე დაყრდნობით
საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად იდენტურია პირველი ტურის მონაცემთან, როდესაც ამომრჩევლების 98%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში სათანადო დოკუმენტაციით.
საარჩევნო უბნების 99.1%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც წარმოადგენს უმნიშვნელო გაუმჯობესებას პირველი ტურის არჩევნების მონაცემებთან, როდესაც მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა საარჩევნო უბნების 97%-ზე.
თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე (99.9%) ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც სტატისტიკურად იდენტურია პირველი ტურის მონაცემებთან, რა დროსაც ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა საარჩევნო უბნების 98%-ზე.
საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პირველი ტურის არჩევნების მონაცემისგან, როდესაც მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 98.7%-ზე.
საარჩევნო უბნების 97.6 %-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო, რაც წარმოადგენს უმნიშვნელო გაუმჯობესებას პირველ ტურთან შედარებით, როდესაც ხმის მიცემის ფარულობა უბნების 95%-ზე იყო დაცული.
საარჩევნო უბნებზე (100%) არ დაფიქისრებულა ამომრჩეველზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები, რაც წარმოადგენს მცირედ გაუმჯობესებას პირველი ტურის მონაცემთან, როდესაც საარჩევნო უბნების 1%-ზე დაფიქსირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები.
კენჭისყრის პროცესის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 0.4%-ზე.
19:00 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევები
ხმის დათვლის მიმდინარე პროცსში გამოვლენილი დარღვევები
• #66 მაჟრიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, 35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული;
• #49 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ 9 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ბიულეტენების ბათილობის საფუძველია. აღნიშნულ 9-დან არჩევანი 6 ბიულეტენში „ქართული ოცნების“, ხოლო 3 შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო გაკეთებული;
• #72 მაჟორიტარული ოლქის #3 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) გადასატანი ყუთის საკონტროლო ფურცელი არ შეესაბამება თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს.
მარკირების მქონე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა
• #36 მაჟორიტარული ოლქის #48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) და #69 მაჟორიტარული ოლქის #8 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) ამომრჩეველს, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირება ხმის მიცემის უფლება მისცეს;
არაუფლებამოსილი პირი უბანზე
• #60 მაჟორიტარული ოლქის #19 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) იმყოფება ერთ-ერთი კანდიდატის ორი წარმომადგენელი. ამავე უბანზე კომისიის თავმჯდომარე იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში.
ბიულეტენის არასათანადოდ გაცემა
• #6 მაჟორიტარული ოლქის #54 საარჩევნო უბანზე (საბურთალო) რეგისტრატორმა ბიულეტენი ისე გასცა, რომ სიაში არ მოაწერა ხელი სათანადო გრაფაში;
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 54 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 39 საჩივარი.
სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდება.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს 31 ოქტომბერს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.