2016 საპარლამენტო არჩევნები

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება. 

ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით უწევს მონიტორინგს. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია, ხოლო ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობს.


ძირითადი დასკვნები

15:00 საათის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრები იცავენ კანონის დადგენილ პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღრიცხული მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავაც მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება. 

დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის -  1, საარჩევნო უბანზე აგიტაციის 1, ხმის ხელმეორედ მიცემის - 1, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის - 2, მარკირების პროცედურის დარღვევის - 1, საარჩევნო დოკუმენტაციებისა და პროცედურების არასათანადო წარმოების - 4, გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურის დარღვევის -  5 და ჟურნალისტის საქმიანობის შეჟღუდვის 1 ფაქტი. 

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების მიხედვით

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგენს   30.9%-ს +/-0.8% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის, 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა (41.8% +/- 0.6%). 

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების  89.6 %-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო საარჩევნო უბნების 10.4%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.



„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული დარღვევები

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

 #36 მაჟორიტარული ოლქის #50 საარჩევნო უბანზე (მარნეული) კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით მიაწოდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველს, რომელმაც ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავად მოათავსა.

ხელმეორედ ხმის მიცემა

 #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველთა სიაში არ იყო მითითებული ინფორმაცია იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც ხმას აძლევდნენ გადასატანი ყუთის საშუალებით. შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა: უბანზე და გადასატანი ყუთის სიის მეშვეობით.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

 #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბნის (ბათუმი) მიმდებარე ტერიტორიაზე პ/გ „ქართული ოცნების“ კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების გადაღების საშუალება არ მისცა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

 #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველი პ/გ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით იმყოფებოდა, კერძოდ მას ეხურა ქუდი, რომელზეც გამოსახული იყო პარტიის რიგითი ნომერი.

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

 #60 მაჟორიტარული ოლქის #35 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) არაუფლებამოსილი სუბიექტის, „ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, ალეკო მეგრელიძე იმყოფება; 
 #61 მაჟორიტარული ოლქის #40 საარჩევნო უბანზე (ოზურგეთი) ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა;

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

 #49 მაჟორიტარული ოლქის #83 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ჩანაწერთა წიგნში კომისიის ბეჭდის ნომრის ნაცვლად მითითებულია „2016“. აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა-განმარტება;
 #29 მაჟორიტარული ოლქის #73 საარჩევნო უბანზე (რუსთავი) ამომრჩეველთა ხელმოწერების დათვლისას, ხელმოწერების რაოდენობა გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა;
 #49 მაჟორიტარული ოლქის #93 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) საკონტროლო ფურცელზე არაა მითითებული ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი; 
 #49 მაჟორიტარული ოლქის #80 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) სამმა კომისიის წევრმა საკონტროლო ფურცელს ხელი არ მოაწერა.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები

 #47 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის სიაში არ იყო კომისიის წევრის ხელმოწერა; 
 #70 მაჟორიტარული ოლქის #76 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) ამომრჩეველმა ბიულეტენი შეცდომით მოათავსა გადასატან ყუთში, რის გამოც გადასატანი ყუთი დაილუქა შედეგად, გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა 7 ამომრჩეველმა დაკარგა ხმის მიცემის უფლება;
 #2 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (ვაკე) გადასატანი ყუთის კომისიის წევრებმა იმაზე ერთით ნაკლები ბულეტენი დააბრუნეს უკან, ვიდრე  სიაში არსებული ხელმოწერებისა და წაღებული ბიულეტენების სხვაობა უნდა ყოფილიყო. 
 #36 მაჟორიტარული ოლქის #7 (მარნეული) და #61 მაჟორიტარული ოლქის (ფოთი) #15 საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული.

მარკირების პროცედურის დარღვევა

 #11 მაჟორიტარული ოლქის #20 საარჩევნო უბანზე (სამგორი) ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთეს და სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არაა მოცემული უბნის ამომრჩეველი, რის გამოც მან ხმის მიცემის უფლება დაკარგა. 


წარდგენილი საჩივრები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებში დაფიქსირდა 49 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 31 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 32 საჩივარი.   


სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდება.

  

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.


“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).


„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.



„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.





სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, და ევროკავშირის შეხედულებებს.