ხონი-ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება
2018 წლის 28 აპრილს ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 28 აპრილის შუალედურ არჩევნებს საარჩევნო უბნებზე 25 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო კომისიის 2 დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება.
აღნიშნულ არჩევნებს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად ჩაატარებს ახალი კომპოზიციით. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონე 12 წევრით განისაზღვრება, რომელთა შორის 6 პარტიული წევრიდან 3 „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებში 5 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა უთანასწორო საარჩევნო კანონმდებლობის მიზეზით.1
წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ადგილი არ ჰქონია საარჩევნო კანონმდებლობის მასიურ დარღვევებს. კანდიდატებს შორის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატი გიგი უგულავა, რომელიც საცხოვრებლად ხონის ოლქში გადავიდა და დარეგისტრირდა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი - გივი ჭიჭინაძე. მმართველი პარტიის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და თავად პრემიერ-მინისტრი. მინისტრები საარჩევნო ოლქს აქტიურად სტუმრობდნენ და მოსახლეობას აცნობდნენ სახელმწიფოს მიერ თავიანთ სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს.
„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციაში წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საჩივარი დაფიქსირებული არ არის.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბრობდნენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მიმართეს.
- „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი, შალვა ლორთქიფანიძე, რომელიც იმავდროულად ვანის საკრებულოს დეპუტატია, მათ მხარდამჭერებს, ავტო სამრეცხაოს მფლობელ ძმებს მირზა და თენგიზ ბელთაძეებს 3,000 ლარიანი ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. პარტიის განცხადებით, მუქარა გიგი უგულავასთან წინასაარჩევნო კამანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოებს და კანდიდატის მიმართ გამოხატულ კეთილგანწყობას უკავშირდებოდა. უწყებათაშორის კომისიაზე საკითხის განხილვისას, შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, როგორც კომპანიამ, ასევე თავად მირზა და თენგიზ ბელთაძეებმა მუქარის ფაქტი უარყვეს. საგულისხმოა, რომ ბელთაძეებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარი არ ისურვეს. „სამართლიანი არჩევნებთან“ კომუნიკაციაში კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიამ“ მუქარის ფაქტი უარყო და ბელთაძეების ავტო სამრეცხაოს შემოწმება გეგმიური ვიზიტის აუცილებლობით ახსნა.
- წინასაარჩევნო პერიოდში ქალაქ ხონში ადგილი ჰქონდა „ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გადაკვრის ფაქტებს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ პლაკატების გადაკვრის ფაქტები განსაკუთრებით ხშირი იყო მაშინ, როდესაც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხონში გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერ შეხვედრას ატარებდა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს „ევროპული საქართველოს“ ყველა სააგიტაციო მასალა იქნა ჩამოხსნილი. ხონში გიგი უგულავას სააგიტაციო პლაკატები არჩევნების წინა დღესაც არის ჩამოხეული.
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ნიშნებს შეიცავდა 24 აპრილს ქუთაისის საკრებულოს მცდელობა ხონის მუნიციპალიტეტისთვის 50-მდე გარე განათების მეორადი სანათის გადაეცა. თუმცა, საკითხი დღის წესრიგიდან საკრებულოს სხდომამდე, რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ამოიღეს. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ ქმედებით წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერას გამოხატავდა.
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს კენჭისყრის დღემდე ერთი დღით ადრე ხონის ოლქის სამი სოფლისთვის განკუთვნილი ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელის გახსნა, რომელსაც დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი. აღნიშნული ღონისძიების დამთხვევა შუალედური არჩევნების კენჭისყრის წინა დღეს შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და აჩენს ეჭვებს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს 28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების დღის მშვიდ ვითარებაში და კანონით დადგენილი პროცედურებით ჩატარებას.
1პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს შუალედურ არჩევნებს: ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა