„სამართლიანი არჩევნები” სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს
2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერმა, თემურ ხაჩიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400 ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია "ცენტრისტების" ოფისში ქალაქ რუსთავში.
ხაჩიშვილის თქმით, პარტიის ოფისში ამომრჩევლის რეგისტრაციის მიზანია აღრიცხონ ის პირები ვინც მომავალში რუსულ პენსიას მიიღებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებს, თუ რამდენ საქართველოს მოქალაქეს სურს მათი პენსიის მიღება.
ხაჩიშვილი ამავე გადაცემაში საუბრისას დასძენს, რომ ის პირები ვინც 8 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას, პენსიას მიიღებენ 2017 წლიდან, ხოლო ისინი, ვინც უფრო გვიან დარეგისტრირდებიან, მათთვის პენსიის მიღების თარიღი გადაიწევს 2018 წლისთვის.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მისი წარმომადგენლის, თემურ ხაჩიშვილის სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს ამომრჩეველთან. ხელშეკრულების თანახმად, არჩევნების დასრულების შემდგომ 50 დღეში საქართველოს ყველა პენსიონერი, ვინც გამოთქვამს სურვილის, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც არის 400 ლარი. აღნიშნული ქმედება არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელმოწერის შედეგად ამომრჩეველი ვალდებულებას იღებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ საარჩევნო სუბიექტი უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები" საქართველოს ამომრჩევლების დაინტერესებას ახდენს 400 ლარიანი პენსიით, რომლის დაფინანსების წყარო არა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტია. შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის დაინტერესებას მატერიალური სახსრებით რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ახდენს, რაც საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ სარჩელით მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, ვინაიდან სახეზეა პარტია "ცენტრისტების" მიერ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით აკრძალული ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც სასამართლოს მიერ აღნიშნული პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.