საზოგადოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების მიერ კონტრაქციებისგან თავის შეკავების საკითხს ეხმაურებიან
წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება ცხადყოფს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მიერ დესტრუქციული ქმედებები, ასევე, პარტიების საარჩევნო შტაბებისა და სააგიტაციო მასალების განზრახ დაზიანების ფაქტები, რაც პარტიულ აქტივისტებს შორის ამძაფრებს დაპირისპირებას, ზრდის ძალადობის რისკებს და უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.
ძალადობა და პოლიტიკურ პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და მიგვაჩნია, რომ მის უზრუნველსაყოფად როგორც ხელისუფლებამ, ისე საარჩევნო სუბიექტებმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 14 სექტემბრის რეკომენდაცია პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ან მათი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისგან, ასევე, ამ შეხვედრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრაქციისგან, რითაც უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების რისკი.
აღნიშნული რეკომენდაციის აღსრულების უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ უწყებათაშორისო კომისიას და მის შემადგენლობაში მყოფ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიონ და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას პოლიტიკური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, თუ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების თაობაზე.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მკაცრი პოლიტიკური შეფასება მისცენ და საჯაროდ დაგმონ მათი მხარდამჭერების პროვოკაციული ქმედებები.
ამასთანავე, მივესალმებით ინიციატივას, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რითაც აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თავიანთ რიგებში არ დაუშვან, არ წაახალისონ და გაემიჯნონ ისეთ ქმედებებს, რაც დაპირსპირების და ძალადობის საფრთხეებს აჩენს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთასორისო გამჭვირვალობა- საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო