2016 საპარლამენტო არჩევნები

წინასაარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის,  პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე.

2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 3 ივნისის განკარგულება რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი განისაზღვრა.  შესაბამისად, ოფიციალური  წინასაარჩევნო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან დაიწყო და 4 თვე გაგრძელდება.



მიუხედავად არაერთი ინიციატივისა, კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამას გარდა, ბოლომდე არ არის მიყვანილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტები. მართალია, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და საოლქო კომისიების მიერ საჩივრების განხილვისას არაერთგვაროვანი მიდგომების კუთხით. წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება. მედია გარემოს კუთხით კითხვებს აჩენს ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავები და რამდენიმე თოქ-შოუს დახურვა. წინასაარჩევნო პერიოდში პრინციპულად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა.


წინასაარჩევნო გარემოს შეფასება 21 ივნისი 2016