2016 საპარლამენტო არჩევნები

ზეწოლა-მუქარის, ძალადობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები ISFED-ის I შუალედურ ანგარიშში

26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის  - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. 

ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე. მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, 1-18 ივლისის პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 52 შეხვედრას დაესწრნენ. ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები.

2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რაც  საარჩევნო გარემოს  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, არ განხორციელებულა, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით. 

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. 




ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლებელია არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის და NED-ის შეხედულებებს.