2017 ადგილობრივი თვითმმართველობა

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: 
• ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; 
თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე;  
ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.  

უბნის გახსნის პროცესი ძირითადად კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებშიც. არც ერთ ქალაქში არ გამოვლენილა ქვეყნის მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენციებისგან განსხვავებული სურათი.  

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.  

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. 

ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია. 

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% იყო მზად. 

საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა. 

საარჩევნო უბნების 2.7%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა.  

დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იხილეთ ქვემოთ. 

დარღვევები 

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

უბნის გახსნის პროცესის დროს იდენტიფიცირებული პრობლემები: 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა: 

• #79 ბათუმი საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც ვერ დააკვირდა წილისყრის პროცედურას; 
• #2 ვაკის საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ კომისიამ არ დაარეგისტრირა;  
• #2 ვაკის საოლქო კომისიის #53 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ.  
• #67 ზუგდიდის საოლქო კომიის #65 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს წაართვა მობილური ტელეფონი და მოგვიანებით დაუბრუნა; 
• #1 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლეოდა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება; წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა: 
• #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების გარეშე გადაინაწილეს კომისიის წევრებმა ფუნქციები; 
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #36 საარჩვნო უბანზე წილისყრის ფარულობა დარღვეული იყო;  
• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა; 
• #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე 
• #79 ბათუმის ოლქის #61 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა. საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება: 
• #79 ბათუმის საოლქო კომისიის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა არასწორად მოაწერეს საკონტროლო ფურცელს ხელი; 
• #59 ქუთაისის საოლქო კომისიის #64 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მითითებული არ არის მისი შევსების დრო; 
• #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული;
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლზე არ მიუთითეს ყუთში ჩაგდების დრო, რის შემდეგაც გახსნეს ძირითადი საარჩევნო ყუთი, ამოიღეს საკონტროლო ფურცელი შეავსეს და ყუთში თავიდან მოათავსეს;
• #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული;
• #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიეთითა ყუთში ჩაგდების დრო;
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე პირველი კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა არაუფლებამოსილმა პირმა;
• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს ყუთში, რომელიც შემდგომ ამოიღს ყუთიდან.

კენჭისყრის მიმდინარეობის დროს იდენტიფიცირებული დარღვევები: 

კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა: 

• #82 ქობულეთს საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას არ აწარმოებს;

მარკირების პროცედურის დარღვევა:

• #79 ბათუმი საოლქო კომისიის #45 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;
• #2 საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;

მარკირების წესის დარღვევა:

• #7 ჩუღურეთის საოლქოს კომისიის #42 საარჩევნო უბანზე მარკირება უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს გაუკეთდა, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

• #1 მთაწმინის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით.
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა დიდი რაოდენობით ბიულეტენები წინასწარ დაამოწმა ხელმოწერით და ბეჭდით;
• #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩველს გადასცა 4 ბიულეტენი;
• #79 ბათუმის ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩველი კონვერტში მოთავსებული ბიულეტენებით გამოვიდა კენჭისყრის კაბინიდან;

„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge 

მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039. 

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. 

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

 სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ან NED-ის შეხედულებებს.