2017 ადგილობრივი თვითმმართველობა

კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე. 

პირველი ტურის მსგავსად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 19:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ოზურგეთის ოლქში ტენდენციის სახით ფიქსირდება საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და პარტიული კოორდინატორების სიმრავლე, რაც შესაძლოა ამომრჩევლის მხრიდან აღქმული იქნას, როგორც ნების გამოხატვის კონტროლის მცდელობა. ეს ტენდენცია გამოკვეთილად შესამჩნევია ოზურგეთის #3, #4, #7, #8, #55 საარჩევნო უბნების მიმდებარედ. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ოზურგეთის საარჩევნო ოლქში და 17 საათისთვის 47%-ს გადააჭარბა. 

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩენვნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 13 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 12 საჩივარი, რომელთაგან ერთი კომისიამ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა. 

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე  

17:00 საათისთვის ექვსი ოლქის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 27% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (36.5%).  

ამომორჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით: 
  • ოზურგეთი - 47%
  • ბორჯომი - 45%
  • ყაზბეგი - 44%
  • მარტვილი - 31%
  • ხაშური - 27% 
  • ქუთაისი - 14% 
PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 90.8%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 9.2%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში. ამ მხრივ აღსანიშნავია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც უბნების 35.5%-ზე ხმის მიცემის სიწრაფემ წუთში 1-დან 2 ამომრჩევლამდე შეადგინა.

დარღვევები 

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

• #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მისცა ხმა. 
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში.  
• #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორს ორი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში. 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.მისია ასევემხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდიეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კონტრიბუციით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის, ბრიტანეთის საელჩოს ან NED-ის  შეხედულებებს.