2017 ადგილობრივი თვითმმართველობა

კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცესი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: 
• ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; 
თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე;  
ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.7%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს #მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე, რუსთავშიც სადაც დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია 10 საარჩევნო უბნიდან მოგვაწოდეს. 

კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები. ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 16.8%-ზე დაფიქსირდა. იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ ყველა უბანს დააკვირდა, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა და საარჩევნო უბნების 74.8%-ზე დაფიქსირდა.  

უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები 7 საარჩევნო უბანზე; მარკირების პროცედურის დარღვევის შემთხვევები 15 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არაუფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწიელობის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი 1 საარჩევნო უბანზე; უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევის სხვა სახის ფაქტები 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე; 

ამ დროისთვის წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში 88 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 57 შენიშვნა. 

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით 

• საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის (97.7%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან (98%). ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ამ მონაცემთან შედარებით სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.   

• საარჩევნო უბნების 97.3%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2016 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 97%-ზე და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის (97.3%-ზე) იდენტურია 97.3%-ზე. მარკირების შემოწმების დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ შემთხვევაშიც მარნეულის ოლქში დაფიქსირდა. 
 • საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2016 წლის საპარლამენტო (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (99.7 %) მონაცემებისგან. 
 • საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 98.7%-ზე და გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 96%-ზე; შედარებით მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა. • საარჩევნო უბნების 98%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2016 წლისა (95%) და 2014 (96.3%) წლის ანალოგიურ მონაცემებს შორის; თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის ფარულობა ყველაზე ნაკლებად დაცული იყო მარნეულისა და ბათუმის ოლქებში. 
 • მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2014 წლის თვითმმართველობისა (1.3%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებისგან (1%). 

 • კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული სხვა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 5.4%-ზე. 

დარღვევები 


17:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა: 
 
• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩeვნო უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება; 
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. 

კენჭისყრის პროცედურის უკანონო შეწყვეტა 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის პროცესი უკანონოდ დარღვევით შეწყვიტეს და კენჭისყრის შენობა დატოვეს. ორგანიზაციამ უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. 

მარკირების არ შემოწმება: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება.

მარკირების მქონე ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნებში: 

• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე 2 ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მისცეს. 

ბიულეტენების მონიშვნა: 

• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი საწერი კალმით ნომრავდა ბიულეტენებს. 

არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა:  

• #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #10 საარჩeვნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთით, ასევე, უბანზე.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტში მხოლოდ ერთი ბიულეტენი მოათავსა.

გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღმატება სიაში ხელმოწერების რაოდენობას:

• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #14 და #34 საარჩევნო უბნებზე, #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე და #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

ფუნქციების შენაცვლება დარღვევით:

• #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების გაცვლა არ ფიქსირდება ჩანაწერთა წიგნში.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

• #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბაზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი არასათანადო გრაფაში მოაწერინა;
• #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი არასათანადო გრაფაში მოაწერინა;
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა ერთით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტენი დააბრუნეს;
• #81 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე სიაში არ იყო მითითებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია; • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე გასცა ერთი სახის ორი ბიულეტენი; • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის # 2 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სიაში არ მოაწერინა; • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა გაფუჭებული ბიულეტენი საარჩევნო უბანზე არ დააბრუნეს.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე:

• #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პ/გ „მემარცხენე ალიანსის“ ორი წარმომადგენელი; სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩევნო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

„სამართლიანი არჩევნები“ მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ. 

მომდევნო განცხადება გამოქვეყნდება 22 ოქტომბერს.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო  მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ან NED-ის შეხედულებებს.