წინასაარჩევნო დავები: საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი
ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ
მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გამჭვირვალობის, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თუ ახალი ტექნოლოგიების
დანერგვის კუთხით. მხოლოდ 2017 წელს ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ ორი საერთაშორისო ჯილდო აიღო გაწეული საქმიანობისთვის. 2017 წელს ჯილდო აიღო ასევე ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო
პროცესების განვითარების ხელშეწყობისათვის. მსგავსი ჯილდოები
წარმატებული საქმიანობის აღმნიშვნელია. აქვე ისმის კითხვა
წარმატებული იყო თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა ყველა
მიმართულებით.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავების განხილვის კუთხით
წარმატებულად ვერ შეფასდება. საარჩევნო დავების სწორად გადაწყვეტა
ერთ-ერთი საშაულებაა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო
გარემოს შექმნის პროცესში. ამ კუთხით, საარჩევნო ადმინისტრაცია,
რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული სახის დავების განხილვა-
გადაწყვეტა ევალება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან უნდა
უზრუნველყოს სწორი პრაქტიკის დამკვიდრება, რაც შესაბამისობაში
იქნება საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან და სულისკვეთებასთან.
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით ხელი უნდა
შეუწყოს მაღალი სატანდარტის დამკვიდრებას, რაც თანასწორი
საარჩევნო გარემოს დამკვიდრების წინაპირობა იქნება.
ამის საპირისპიროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე
პრეცედენტულ საქმეზე წამოჭრილ გამოწვევებს სათანადოდ ვერ უპასუხა.
მის მიერ საარჩევნო ნორმების გამოყენება სრულად ეწინააღმდეგებოდა
საარჩევნო კანონმდებლობის დანიშნულებას. საარჩევნო დავების
გადაწყვეტის მხრივ ადმინისტრაციის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა
არასამთავრობო სექტორმა, მიიჩნია რა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია
ვიწროდ განმარტავდა ნორმებს და თავს არიდებდა პასუხისმგებლობის
აღებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
მოცემულ დოკუმენტში მიმოვიხილავთ, თუ რატომ არის საარჩევნო
ადმინისტრაციის საქმიანობა საარჩევნო დავების კუთხით
პრობლემატური; რამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების
მხრიდან უარყოფითი შეფასება; საარჩევნო ადმინისტრაციის რომელი
გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მიუღებელი და რა პრაქტიკა დაამკვიდრა
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით, რაც
გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო
გარემოზე.
წინასაარჩევნო დავები საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი