2018 საპრეზიდენტო

ISFED კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშირისო საზოგადოება ეხმიანება 14 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს. 

14 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პრესკონფერენცია გამართა და თავს დაესხა „სამართლიან არჩევნებს“ 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშის გამო, რომელშიც შეფასებული იყო კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება და „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა.

ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ. „სამართლიან არჩევნებზე“ თავდასხმის მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები იყო არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული. სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა „სამართლიანი არჩევნების“ დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნები“ კახა ბექაურის, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებებს აფასებს, როგორც ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას, რაც სრულიად დაუშვებელია და დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ბექაურის საუბრიდან ჩანს, საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით, იგი ერთმანეთში ურევდა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს და ამავე დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოწყობილ დისკუსიაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელშიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის თემაზე, კახა ბექაური, როგორც ჩანს, საუბრობდა 2017 წელს მარეგულირებლის მიერ ამავე ტელეკომპანიის სამართალდამრღვევად ცნობის ფაქტზე, ხოლო „სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში აფასებდა კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ და ეყრდნობოდა იმ სხდომის ოქმს, რომელსაც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი პირადად ესწრებოდა.

ამდენად, ბექაურის განცხადებაში ანგარიშთან დაუკავშირებელი გარემოებების და ფაქტობრივი უზუსტობების სიმრავლე არასერიოზულს ხდის მის ბრალდებებს და ამცირებს მათზე არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობას.

მიუხედავად ამისა, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ თუ რატომ არის ბექაურის მიერ გამოთქმული ბრალდებები არათანმიმდევრული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი:  

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის 15-16 აგვისტოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა ეთერში განათავსა პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ რეკლამა. 2018 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, „რუსთავი 2“-მა „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებით დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი1.

აღსანიშნავია, რომ კომისიის შედგენილ თავდაპირველ სამსახურეობრივ ბარათში, საუბარი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის დარღვევაზე, თუმცა, მოგვიანებით, 2018 წლის 23 აგვისტოს ზეპირი მოსმენის დროს კომისიის წევრებმა შეცვალეს სამართლებრივი დასაბუთება და „რუსთავი 2“-ის მიერ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსება „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის დარღვევად მიიჩნიეს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სწორედ კომისიის მიერ „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის საფუძველზე ტელეკომპანიის სამართალდამრღვევად ცნობის კანონიერება შეაფასა. კომისიის სხდომაზე, რაც დასტურდება ასევე 2018 წლის 23 აგვისტოს N41 სხდომის ოქმის ამონაწერიდანაც, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა კომისიის წევრებისგან ითხოვა დაზუსტება, „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის სავარაუდო დარღვევაზე იყო საუბარი თუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, რაზეც კომისიის წევრებმა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლზე მოახდინეს ხაზგასმა, რის შემდეგაც კომისიის თავჯდომარემ, კახა ბექაურმა დააზუსტა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უკვე დაწყებულია2. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და განმარტავდა, რომ 2018 წლის 15-16 აგვისტოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მონიტორინგის განხორცილების დროს არ იყო წინასაარჩევნო პერიოდი და მიღებულ გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასაბუთებდა, რაც შეუსაბამობაში მოდის მისი და კომისიის სხვა წევრების მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებთან3.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლს, ის არეგულირებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში, ხოლო ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. შესაბამისად, კოდექსის 50-ე მუხლის მოქმედების გავრცელება შესაძლებელი ხდება მაქსიმუმ არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე, ხოლო მაუწყებლებს შესაბამისი ვალდებულებები ეკისრებათ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა.

ამდენად, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მაუწყებლებს კომისიისთვის პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება იმპერატიულად ეკისრებათ არაუადრეს 29 აგვისტოსი და არაუგვიანეს 8 სექტემბრისა. შესაბამისად, 15-16 აგვისტოს ტელევიზიის ეთერში გასული რეკლამის საკითხის განხილვა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლით, რასაც მარეგულირებლის გადაწყვეტილება ეფუძნება, არაკანონიერია.

2. ასევე, გაუგებარია ბექაურის აპელირება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 661 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად „აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება...“ საგულისხმოა, რომ აღნიშნული მუხლი თავისთავად ხარვეზიანია, რადგან ამ მუხლში პოლიტიკური პარტიებისათვის მაუწყებლებისგან მომსახურების შესყიდვის იმპერატიული აკრძალვა საერთოდ არ ითვალისწინებს გამონაკლისს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დაშვებაზე და თავის მხრივ ეწინააღმდეგება ამავე კანონის 66-ე მუხლს წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ. შესაბამისად, 661 მუხლის იმგვარი ინტერპრეტირება, როგორსაც ბექაური გვთავაზობს, საერთოდ დაუშვებელს ხდის პოლიტიკური პარტიებისთვის მაუწყებელში რეკლამის განთავსებას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. ამდენად, 661 მუხლის ამგვარი განმარტება დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს ქმნის.

3. უსაფუძვლოა, ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით ბექაურის მიერ გაჟღერებული ბრალდებები. ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავს, რომ საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომლითაც ტელეკომპანიებს დაევალათ გადაამოწმონ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევას საარჩევნო პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სუბიექტების გაშუქების და ამომრჩეველის ნებაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. „საარჩევნო კოდექსი“ მაუწყებლებს ანიჭებს უფლებამოსილებას „...კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით...“ ამის გათვალისწინებით, მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციოლოგიური კვლევების დისკრიმინაციულად გამოყენება. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კვლევა მაუწყებლის მიერ მის გამოყენებამდე.

კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კვლევის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობაზე პასუხისმგებლობა შემსრულებელზე უნდა მოდიოდეს, რადგან ეს მაუწყებლის ექსპერტიზას და კომპეტენციას სცდება. ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის არცერთი ნორმა კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობასა და შედეგების სანდოობაზე პასუხისმგებლობას მაუწყებლებს არ აკისრებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაუწყებელი თავად არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი.  საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში მაუწყებელი კვალიფიციური სუბიექტების განსაზღვრისას ხშირად თავად არ უკვეთავს საზოგადოებრივი აზრის კვლევას, არამედ იყენებს სხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად, NDI და IRI. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია მაუწყებლებისთვის მსგავსი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევების სისწორეზე პასუხისმგებლობის დაკისრება.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდი პირველი არ არის, როდესაც კომისია კანონს ასე განმარტავს, თუმცა კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილით ჩანს, რომ კომისია აპირებს შესაბამისი საჩივრის შემთხვევაში მაუწყებლებს მონაცემთა სანდოობის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა დაავალოს და კვლევის მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა მათ დააკისროს.

ამის გათვალისწინებით, კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციით მაუწყებლებისთვის არაპროპორციული პასუხისმგებლობის დაკისრება და პრაქტიკაში ვერშესრულებადი მიზნის დასახვა, ერთი მხრივ, წარმოშობს მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით თვითცენზურის რისკებს, ხოლო, მეორე მხრივ, კომისიას აძლევს მაუწყებლებისთვის სანქციების შერჩევითად დაკისრების ბერკეტს.

14 სექტემბრის პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციის მიზნით, ბექაური ორგანიზაციას „არაკვალიფიციურობასა“ და „უცოდინრობაში“ სდებდა ბრალს, ორგანიზაციის შესაძლო მიკერძოებულობაზე აპელირებდა და სვამდა კითხვებს თუ რატომ მოხვდა, მისი თქმით, არასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ფაქტი წინასაარჩევნო ანგარიშში. როგორც ჩანს, ბატონ ბექაურს არ ესმის კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო გარემოზე, რაც მისსავე კვალიფიციურობას აყენებს ეჭვქვეშ. ბექაურის არათანმიმდევრული განცხადებები და ფაქტობრივი გარემოებების აღრევა არაპროფესიონალური, ხოლო ბექაურის მიერ მტკიცებულებების გარეშე მიკერძოებულობაზე აქცენტის გაკეთება - დაუსაბუთებელი, არასერიოზული და არაეთიკურია.

მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, გაიაზროს მისი, როგორც მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოს როლი, კრიტიკას უპასუხოს არგუმენტირებულად და დაიცვას ეთიკური კომუნიკაციის ნორმები.

მნიშვნელოვანია კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი საარჩევნო პროცესში და თავი შეიკავონ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის, და მისი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებისგან, რადგან მსგავსი ქმედებები კითხვებს აჩენს საპრეზიდენტო არჩევნების წინ კომისიის სანდოობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.    

[1] იხ. ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N41 სხდომის ოქმიდან. 
[2] იხ.ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N41 სხდომის ოქმიდან, გვ. 4 
[3] იხ. ინფორმაცია: https://www.facebook.com/gnccge/videos/764867973851204/