2020 საპარლამენტო

ამომრჩეველთა მოსყიდვის და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები ISFED-ის II შუალედურ ანგარიშში

4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო. 

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ 4, „ლელო საქართველოსთვის” მიერ 1, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 2 შემთხვევა; თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ - 1; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2; სოციალური დამხარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2; „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1; პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში  დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი. 

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ტენდენციის სახით გამოკვეთილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა  მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებად შესაბამის ოლქში.

ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების  „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც  სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს, კერძოდ: „ლელო საქართველოსთვის”  სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს  დაეხმარა, ხოლო - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები  ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

მარნეულში „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. 

კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, “ჰაიდერბეგცემენტის’’ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკურ ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება.

საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს”. 

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია.

რეკომენდაციები:

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • ქველმოქმედების განხორციელებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
  • პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • პროკურატურამ სათანადო, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, მარნეულში, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები ფაქტის პოლიტიკური სარჩულის შესახებ;
  • ხელისუფლებამ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არ განახორციელოს აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწობილ მოქალაქეებზე ზეწოლა/მუქარა ან/და მათ მიმართ დისკრიმინაცია, არ დაუშვას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება;
  • ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

  • სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და გამორიცხონ ამ პროცესში მოქალაქეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ან/და პარტიული კუთვნილების საფუძველზე;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები.

რელიგიურ ორგანიზაციებს

  • რელიგიურმა ორგანიზაციებმა, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან ევროკავშირის შეხედულებებს.