2020 საპარლამენტო

ISFED გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას

„სამართლიანი არჩევნები“ გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტი

29 სექტემბერს, მარნეულში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღო ორმა ჟურნალისტმა და  ორმა ოპერატორმა. ტელეკომპანიების ინფორმაციით დაზიანებულია  ტექნიკაც.

ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლია ასევე სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებელი მარნეულში, გიორგი მუმლაძე, რომელსაც ჟურნალისტებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაესხნენ თავს. იგი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

ჟურნალისტებისა და აქტივისტების გარდა, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წევრებმა. მათგან 3, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„სამართლიანი არჩევნები“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 29 სექტემბერს მარნეულში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის გამო. აღნიშნული ქმედება მიუღებელია და მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამართალდამცავი უწყებების და პოლიციის არაეფექტური რეაგირება, რის შედეგადაც სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდა და ძალმომრეობითი ქმედებების შედეგად ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.

დღის მანძილზე, სიტუაცია რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით დაიძაბა. პირველი დაპირისპირება 13 საათისთვის დაიწყო. პირველად, მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები შეიკრიბნენ და საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას და პირველ სხდომების ჩატარებას აპროტესტებდნენ იმ მიზეზით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომების შესახებ  ინფორმირებული არ იყვნენ საუბნო კომისიის ის წევრები, რომლებიც დანიშნულნი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ენმ-ის მომხრეებს. მოგვიანებით, პროცესში ჩაერთო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

საგულისხმოა, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წინ არსებული დაძაბულობის განმუხტვა ვერ შეძლეს.

პარალელურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდა, სადაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და სხდომა არ იყო. ცესკოს განცხადებით, საოლქო კომისიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს სცემეს, რომელიც იქმყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე.საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეც, რომელმაც განაცხადა, რომ ოლქის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა ლაშა ქველაძემ მიაყენა. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ოლქის შენობაში შესვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა. ისინი ითხოვდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ნაციონალური მოძრაობის დანიშნული წევრების შენობაში შესვლასაც, თუმცა რა მიზეზით, უცნობია.

ამის შემდეგ ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი მაღალჩინოსნები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობის“ მომხრეებს განუმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო და ინციდენტი სრულად იქნებოდა გამოძიებული, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა და აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

მოგვიანებით, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ის მიერ დანიშნული წევრის ლევან ქველაძის ავტომობილი დააზიანეს, ჩაამსხვრიეს საქარე მინა, რა დროსაც ავტომობილში პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ პარტიების მომხრეებს შორის ჯგუფური ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღო ლაშა ქველაძემ და მისმა მამამ. პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ სამედიცინო დახმარების გამოძახება სცადა, რა დროსაც მისი თქმით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, ამირან გიორგაძემ და მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა.

პარტიების მომხრეებს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ „მთავარი არხი“ და  საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. მათ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ, დაუზიანეს კამერები და ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ ორ ჟურნალისტს და ორივე არხის ოპერატორებს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მან მარნეულიდან საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირი ჩართვა დაასრულა. გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ნახევარ საათში მივიდა, რის მიზეზადაც შეზღუდული რესურსები დაასახელეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის არაერთი ეკიპაჟი, თუმცა სამართალდამცავი უწყების რეაგირება მომხდარ ძალადობაზე არაეფექტური იყო, რის გამოც დაპირისპირების თავიდან არიდება შეუძლებელი აღმოჩნდა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ძალადობის და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 126- და 154-ე მუხლებით დაიწყო,

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლა მათი საქმიანობის განხორციელებისას ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლას ვადებში გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.