2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

10:00 - უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

 

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება. 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი). 

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

„სამართლიანი არჩევნები“ დღის განმავლობაში 4-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 10:00, 15:00, 19:00 და 21:00. არჩევნების დღის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩატარდება 3 ოქტომბერს. 

ამჯერად, ორგანიზაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

 

წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია

არჩევნების დღის მისია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გაგრძელებაა, რომელიც ორგანიზაციამ 2021 წლის 1 ივნისს დაიწყო და მოიცავდა როგორც ადგილზე დაკვირვებას 71 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, ისე წინასაარჩევნო კამპანიის ანალიზს სოციალური მედიის პლატფორმებზე. 

„სამართლიანი არჩევნების“ მიგნებების თანახმად, წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემოს ახასიათებდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. ამგვარი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიას არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო.

 

ძირითადი დასკვნები 10:00-სთვის

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

 

უბნის მოწყობის სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით ეროვნულ დონეზე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ დონეზე PVT-ის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 99%-დან მიიღო. შედეგების თანახმად:

  • უბნების 99.7%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 57.9%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 42.0%-ზე. დანარჩენ 0.1%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
  • უბნების 99.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
  • უბნების 75.7% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით (99.3%); საარჩევნო უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად; 
  • უბნების 99.2%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესი  გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მცირე გაუარესებაა 2017 წლის არჩევნების შესაბამისი მაჩვენებლთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 99.9%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.7%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო; 

 

უბნის მოწყობის სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით თბილისში

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია თბილისში PVT-ის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 99%-დან მიიღო. PVT-ის შედეგების თანახმად:

  • უბნების 99.1%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს;
  • უბნების 66.3%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 33.1%-ზე. დანარჩენ 0.6%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
  • უბნების 98.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
  • უბნების 76% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად; საარჩევნო უბნების 23.4% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.6% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად; 
  • უბნების 99.1%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით არ გადანაწილებულა;
  • უბნების 99.7%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.4%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო;

 

დარღვევები

 

ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (3) 

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #41-ე საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“  დამკვირვებელს არ მისცეს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება. კომისიამ მას განუმარტა, რომ უბანზე შეუშვებდნენ წილისყრის პროცესის დასრულების შემდეგ;
  • #6  სამგორის საარჩევნო ოლქის  #31-ე უბანზე, დილის 7 საათიდან კარი დაკეტილი იყო და დამკვირვებელს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება;
  • #5 ისნის #31 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი წილისყრის პროცედურების დასრულებამდე უბანზე არ შეუშვეს. ამავე უბანზე, კომისიის მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშულება არ მისცა.

 

წილისყრის წესის დარღვევა (3) 

  • #24 დმანისის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა, კერძოდ გადაკეცილ ფურცლებზე სადაც მითითებული იყო ფუნქცია-მოვალეობები არ ერტყა კომისიის ბეჭედი. მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა;
  • #80 ქედის #5 საარჩევნო უბანზე  ნაკადის მომწესრიგებელმა საარჩევნო კოდექსის დარღვევით, უარი განაცხადა მისთვის წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება, კანონის თანახმად,  კომისიის სხვა წევრს დააკისრა;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ოთხი რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარდა, მაშინ როდესაც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა ექვსი იყო. თავმჯდომარის მითითებით ორმა წევრმა უარი თქვა რეგისტრატორის წილისყრაში მონაწილეობაზე და წილისყრის გარეშე დანიშნა რეგისტრატორი კომისიის წევრები. დამკვირვებლის მიერ დარღვევაზე ზეპირი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ უარი განაცხადა დარღვევის აღმოფხვრაზე.

 

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები (2) 

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე  #5 რეგისტრატორს  გადაეცა პაკეტად შეკრული ბიულეტენების დასტა, რომლის ოდენობა ნაცვლად  50-ისა შეადგენდა 53-ს;
  • #3 საბურთალოს სარჩევნო ოლქის # 80-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 1326 ამომრჩეველი, თუმცა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ხუთი რეგისტრატორის ნაცვლად ფიქსირდება 4. 

 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება (2)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა 2 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ერთ სახის ბიულეტენი. ამომრჩეველმა ერთი მათგანი უკან დააბრუნა.

 

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა (2)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის  #36 საარჩევნო უბანზე, დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო დაგვიანებით, 10 ამომრჩევლის მიღების შემდეგ;
  • #54 სამტრედიის სარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე წინასწარ შეივსო საკონტროლო ფურცელი და სამივე საკონტროლო ფურცელი მოთავსდა ძირითად ყუთში.

 

სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები (1) 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ. 

 

უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის  აღრიცხვა (1)

  • #66  ხობის საარჩევნო ოლქის #25 უბანთან 25-30 მეტრის რადიუსში დაუდგენელი პირები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. 

 

ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 სარჩევნო უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებ აპარატთან დაკავშირებით ტექნიკური ხრვეზი დაფიქსირდა.  ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი მოხსნა.

 

საჩივრები, განცხადებები

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 8 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი. 4 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.  

 

არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემისaს გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ ორგანიზაციის ფეისბუქისა და თვითერის ანგარიშებს.

სამართლიანი არჩევნებისშემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.