2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

11:00 - უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემში (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი), აკვირდებაi. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორგანიზაცია საარჩვენო უბნების მესამედს, დანარჩენ ქალაქებსა და თემებში კი ნახევარს აკვირდება. 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო საარჩევნო კომისიის და 29 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლებისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაცii. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი). 

ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დამთავრებამდე აკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა ეძლევა.

„სამართლიანი არჩევნები“ დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00, და 22:00. 

ამჯერად, ორგანიზაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

 

ძირითადი დასკვნები 11:00-სთვის

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა. თუმცა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლისა და დაკვირვების უფლება თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ. თუმცა, ორ შემთხვევაში გამოვლინდა დამკვირვებლის უფლების უხეში შეზღუდვა, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დამკვირვებლის მიმართ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე. საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მათი აღრიცხვის შემთხვევები. საყურადღებოა, რომ ბათუმის #45 და #85 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს. 

 

უბნის მოწყობის სტატისტიკა (შიდა დაკვირვება)

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია 542 დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების თანახმად: 

  • ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება ყველგან შეუზღუდავად მიეცათ; 
  • 540 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესს დაბრკოლების გარეშე დააკვირდნენ. 2 უბანზე კი დაკვირვების უფლება შეეზღუდათ; 
  • 502 საარჩევნო უბანი კენჭისყრის დასაწყებად 08:00 საათზე, ხოლო 40 საარჩევნო უბანი 08:00-08:20 შუალედში იყო მზად;
  • 540 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესის შესაბამისად გადანაწილდა; 
  • ყველა უბანზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა და პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო. 

 

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები (08:00-10:00)

ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ შემდეგი სახის დარღვევები დაფიქსირდა:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა, რომელიც ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს. თავმჯდომარის მითითების მიუხედავად პირმა საარჩევნო უბანი არ დატოვა. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ კი აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს;
  • #67 ზუგდიდის #96 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

საარჩევნო უბნის გახსნის და წილისყრის პროცედურების დარღვევა

  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი, #20 რუსთავის სარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანი, და #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანი გაიხსნა 07:00 საათამდე. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება 07:00 საათამდე არ მიეცათ;
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #91 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის პროცედურა დაირღვა, კერძოდ კომისიის წევრმა განმეორებით აიღო წილისყრის ფურცელი;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #100 უბანში დაირღვა წილისყრის პროცედურა - საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ. საუბნო კომისიის წევრებს შორის საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, ყურადღების გარეშე დარჩა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესი და ბიულეტენი ყუთში მოთავსდა კონვერტის გარეშე;
  • #5 ისნის #71 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. ფუნქციების გადანაწილების შემდეგ იგი დადგა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით და ხელს უშლიდა ამომრჩევლის შეუფერხებლად გადაადგილებას, რამაც შექმნა ქაოსი უბანზე. იგი არ ემორჩილება თავმჯდომარის მითითებას, რის გამოც უბანზე დაძაბულობაა.

ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევა

  • #79 ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენი კომისიის ბეჭდით და ხელმოწერით არ დაამოწმა და ისე გადასცა ამომრჩეველს.

მარკირების სითხის და მარკირების ხელსაწყოსთან დაკავშირებული ხარვეზები

  • #67 ზუგდიდის #96-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მარკირების სითხის წაშლა შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარით, რაც ქმნის რისკს, რომ ამომრჩეველმა მარკირების პროცედურების დარღვევით მისცეს ხმა; 
  • #79 ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო. საუბნო საარჩევნო კომისიამ ახალი ხელსაწყო საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღო. 

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების სამაგიდო სიებში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველების შესახებ;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთიან სიაში არასათანადო ადგილას მოაწერა ხელი, რასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთან წიგნში.

ამომრჩევლის აღრიცხვა

  • #17 თელავის #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

Სხვა ხარვეზები

  • #67 ზუგდიდის #16 საარჩევნო უბნის ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორები სათანადოდ არ ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, კერძოდ პირადობის მოწმობის წარდგენის დროს ამომრჩეველს შემოწმების მიზნით არ ახსნევინებენ პირბადეს. ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (08:00-10:00)

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრამდე)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #5, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეიმჩნევა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც სხედან მანქანაში და პერიოდულად უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს. ერთ-ერთმა პირმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ არ შეშლოდათ, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება; 
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. ერთ-ერთ მათგანს უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასცა გაურკვეველი ფურცელი. Საეჭვო პირები არიან ავტომობილით, რომლებსაც აქვთ, სავარაუდოდ, სიები.

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

  • #17 თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება. 

კოორდინატორების მობილიზება უბანთან

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში, მობილიზებულნი არიან პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომელთაც ხელში სახელობითი სიები უჭირავთ და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს, როგორც უბანში შესვლამდე, ისე უბნიდან გამოსვლის შემდეგ; 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნება კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამ ეტაპზე დაუდგენელია მათი პარტიული მიკუთვნება; 
  • #79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, შეინიშნება პარტია ,,ქართული ოცნების” კოორდინატორების შეკრება, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩეველთან. 

ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა

  • #67 ზუგდიდის #32 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელში მყოფი პირებიც, სავარაუდოდ, სიის მიხედვით, აღრიცხავენ ამომრჩევლებს. 

სავარაუდო მოსყიდვა

  • #79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.

საჩივრები, განცხადებები

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 5 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 3 საჩივარი. 11 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. 

 

არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემისას გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები, მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ ორგანიზაციის ფეისბუქისა და თვითერის ანგარიშებს.

 

სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 16:00 საათზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდსამართლიან არჩევნებსდა, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.

 

-----

[i] კიდევ 12 მუნიციპალიტეტში, სადაც მერის არჩევნები იმართება, ორგანიზაციას მობილური ჯგუფის დამკვირვებლები ეყოლება.

[ii] ორგანიზაციის გარე დამკვირვებლები თბილისში 57 უბანს აკვირდებიან. 9 უბანს აკვირდებიან ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში 8-8-ს, რუსთავში 6-ს, ოზურგეთში 5-ს, თელავში 4-ს, ხოლო ფოთში 3-ს.