2020-2021 წლის არჩევნებზე სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში
2018-2021 წლებში საერთო ეროვნულ არჩევნებზე სოციალური მედიის უწყვეტი მონიტორინგით გამოვლენილი მიგნებები მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა ქცევასა და მათ განწყობებზე ზემოქმედებისათვის პოლიტიკური პარტიები და ანონიმური შიდა და გარე აქტორები ძალისხმევას არ იშურებენ. მავნე აქტორების მიერ მანიპულაციური ინფორმაციის ტირაჟირება სოციალური მედიის გამოყენებით საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებულ არჩევანს. ეს საფრთხე კი ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის სიმწირის პრობლემის ფონზე ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას შეიძლება წარმოადგენდეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 6,3 პროცენტს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5 პროცენტს - სომეხი ეროვნების მოსახლეობა. ცესკოს მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიხედვით, შექმნილია 348 საარჩევნო უბანი, კერძოდ: ქართულ-აზერბაიჯანული – 211 უბანი; ქართულ-სომხური – 133 უბანი; ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები გამოირჩევიან კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობით, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობის ხარისხს განაპირობებს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ჩატარებული 2019 წლის კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ჩართულობაში მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა მოსახლეობასა და ხელისუფლების/ადგილობრივ თვითმმართველობას/პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობაში. ამავე კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის მთავარი წყარო საქართველოს სატელევიზიო არხებია.
CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევის 2020 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, ინტერნეტს ყოველდღიურად გამოკითხულ ეთნიკურ სომეხთა 61%, ხოლო ეთნიკურ აზერბაიჯანელთა 86% მოიხმარს. ინტერნეტის აქტიურად გამოყენების მაჩვენებლის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფოს ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების გამოყენება, მედიაწიგნიერების გაზრდა და ონლაინ სივრცეში ნავიგაციის უნარების გაძლიერება. სოციალური მედიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო მედიუმად გარდაქმნა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეთნიკური უმცირესობების სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ინტეგრაციის ეფექტურ საშუალებად. თუმცა, თუ სახელმწიფოს მცდელობები ადგილობრივი მოსახლეობის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გასაძლიერებლად არასაკმარისი იქნება, შესაძლოა, ამ საინფორმაციო გამტარმა, პირიქით, ნეგატიური როლი შეასრულოს და შიდა თუ გარე მავნე აქტორების ჩარევით ხელი შეუწყოს საზოგადოების გახლეჩვასა და გაუცხოვებას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ტრადიციულ საარჩევნო მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც ახორციელებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ, ზემოთ აღწერილი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე, დაიწყო სოციალური მედიის ექსპერიმენტული მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში, კერძოდ, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. მონიტორინგი მიზნად ისახავდა გამოევლინა სოციალური მედიის პლატფორმების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ტენდენციები და გამოეკვეთა მთავარი გზავნილები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში იყო აქტუალური და ხსენებულ რეგიონებში ამომრჩეველთა ქცევასა და განწყობებზე გავლენას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ