2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

ცესკომ უნდა გადახედოს ბელარუსის ცესკოს საარჩევნო დამკვირვებლად რეგისტრაციის საკითხს

ჩვენ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ და „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE)“  შეშფოთებული ვართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც გულისხმობს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების - გალინა მკრტჩიანისა და ოლესია ურბანოვიჩის საერთაშორისო დამკვირვებლებად რეგისტრაციას მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ გადახედოს ქ-ნ მკრტჩიანისა და ქ-ნ ურბანოვიჩის სადამკვირვებლო აკრედიტაციის საკითხს და გაითვალისწინოს, რომ ისინი არიან ბელარუსის უკომპრომისოდ რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაში. 

ჩვენ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შევახსენებთ, რომ 1996 წლის შემდეგ, ბელარუსის რესპუბლიკაში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული არც ეუთო/ოდირისა და არც ადგილობრივი დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების მიერ, როგორც ბელარუსულ კანონებთან თუ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ლიდია იარმოშინას თავმჯდომარეობით, ჩაატარა 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნები, რომელიც, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების მტკიცებულებების მიხედვით, უამრავი დარღვევის ფონზე წარიმართა, რომელთა შორის იყო ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობის შეზღუდვა, დამკვირვებელთა არ დაშვება საარჩევნო უბანზე და არასწორი დათვლების დადასტურება. იმისათვის, რომ გაყალბებული არჩევნები დაეფარათ, ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებს არ მიეცათ უფლება განეხორციელებინათ სადამკვირვებლო მისია. 

არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებამ ბელარუსის მასშტაბით მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო. ათასობით მშვიდობიანი ადამიანი, ვინც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მათ შორის ასობით ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წევრები, გახდნენ დევნისა და დაკავებების ობიექტები. თითქმის 700 პოლიტიკურ პატიმარს შორის, შვიდი არის EPDE-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის - ადამიანთა უფლებების ცენტრ „ვიასნას“ წევრი, მათ შორის, ხელმძღვანელი ალეს ბიელიაკი, რომელსაც ევროპის საბჭოს მიერ მინიჭებული აქვს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების ჯილდო. ადამიანთა უფლებების ცენტრ “ვიასნასთან“ ერთად EPDE-ს კიდევ ერთმა დამფუძნებელმა წევრმა - „ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტმა“ ბელარუსელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარსულში რამდენიმე საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მათი საერთო ინიციატივა - „ადამიანთა უფლეbების დამცველები სამართლიანი არჩევნებისთვის“ სარგებლობს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციითა და მხარდაჭერით. გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშაა „ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტიც“, რომელსაც ემუქრება ლიკვიდაციის საფრთხე უზენაესი სასამართლოს მიერ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული „მტკიცებულებების“ საფუძველზე. 

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საარჩევნო კომისიის ყველასათვის ცნობილი თავმჯდომარე იარმოშინა მიიჩნევა პირდაპირ პასუხისმგებლად ოპოზიციური კანდიდატის - სვეტლანა წიხანოვსკაიას იძულებაში, რომ ჩაეწერა ვიდეო მიმართვა, სადაც ბელარუსელებს მოუწოდებდა, რომ პატივი ეცათ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის და დაესრულებინათ პროტესტი. იარმუშინა და ბელარუსის საარჩევნო კომისიის 11 წევრი არიან ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიებში, რადგან მათ არასათანადოდ ჩაატარეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, არ დაემორჩილნენ სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს და გააყალბეს არჩევნების შედეგები. 

სამწუხაროდ, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილეობის შეწყვეტით, ბელარუსის ხელისუფლებამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ დემოკრატიულ სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. 

სიტუაციის გათვალისწინებით, ბელარუსის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა რეგისტრირება, რომ დააკვირდნენ და შეაფასონ საქართველოს ადილობრივი არჩევნები, არის მიუღებელი და, ფაქტობრივად, საქართველოს ინსტიტუციებისა და კერძოდ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიჩნეული იქნება, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ გადახედოს ქ-ნ მკრტჩიანისთვისა და ქ-ნ ურბანოვიჩისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას. ეს წვლილს შეიტანს საქართველოს არჩევნების სამართლიანობაში და იქნება ბელარუსელი ხალხის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემის ნიშანი, რომლებიც იბრძვიან მათი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

„ევროპული პლატფორმა დემოკრატული არჩევნებისთვის“