2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

ISFED-ის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შეფასება საოლქო საარჩევნო კომისიებში

ფოტო: ghn.ge

 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შეფასება საოლქო საარჩევნო კომისიებში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის დარღვევების, საარჩევნო უბნის მიმდებარედ რეგულაციების დარღვევის, ხმის დათვლისა და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებში 346 საჩივარი წარადგინა. კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებს 122 საჩივარი წარედგინათ, ხოლო პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ჩანაწერთა წიგნში 62 შენიშვნა გაკეთდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 346 საჩივრიდან 56 საჩივარი დაკმაყოფილდა, 60 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 198 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 28 საჩივარი განუხილველი დარჩა ხოლო 4 საჩივრის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კვლავ მიმდინარეობს. ორგანიზაციამ რაონულ სასამართლოში 4 სარჩელი წარადგინა 6 უბნის შემაჯამებელ ოქმში  და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ  დარღვევებთან დაკავშირებით, აქედან ორი სარჩელი წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში.   

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვისას ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და დაეფიქსირებინათ პოზიცია წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ორგანიზაციის საჩივრების განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. გამონაკლისს წარმოდგენდა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში #02 საარჩევნო უბანთან დაკავშირებული დავის განხილვა, სადაც თანამშრომლური გარემო უზრუნველყოფილი არ იყო.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის ეტაპზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 

  • საჩივრების განხილვებთან/გადათვლასთან დაკავშირებული სხდომები, ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიებში იწყებოდა გვიან საღამოს და ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა, შესაბამისად კომისიის წევრებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გადაღლილ მდგომარეობაში უხდებოდათ, რაც  რიგ შემთხვევებში საჩივრის განხილვის პროცესს ზედაპირულს ხდიდა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ხშირად ერიდებოდნენ და საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრების  მიერ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვნად შესრულას დაღლილობით ან/და ადამიანური შეცდომით ხსნიდნენ. 
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ძირითადად „შენიშვნა“ ან „გაფრთხილება“ გამოიყენებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განხილვის ეტაპზე საარჩევნო  უბანზე დაწერილი  ახსნა-განმარტებების გარდა საუბნო  საარჩევნო კომისიის წევრების ზეპირ ახსნა-განმარტებებსაც ეყრდნობოდნენ, რომლებიც სხდომაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჰყავდათ მოწვეული.
  • საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განხილვის დროს საუბნო საარჩევნო კომისიების ახსნა-განმარტებების გარდა, ხშირად ხსნიდნენ და ამოწმებდნენ საარჩევნო უბნებზე წარმოებულ ჩანაწერთა წიგნებს და სხვა რელევანტურ დოკუმენტაციას, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. 
  • საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრებთან დაკავშირებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ერთგვაროვანი სტანდარტი არ ჰქონდათ. საოლქო კომისიების ნაწილი ჯეროვნად ამოწმებდა განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს, თუმცა  ნაწილი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები წინასწარ მომზადებულ გადაწყვეტილებებს სხდომაზე აცნობდნენ კომისიის დანარჩენ წევრებს და აცხადებდნენ, რომ მათ საჭირო გარემოებები უკვე მოიკვლიეს. 
  • ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრები დარღვევის სიმძიმის მიუხედავად არ დაკმაყოფილებულა, მიუხედავად კანონით არსებული წინაპირობების არსებობისა კომისიამ ადმინისტრაციული პასუსხისმგებლობის ზომების ნაცვლად მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კომისია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უგულებელყოფდა პროპორციულობისა და თანასზომიერების პრიციპებს, რაც აჩენდა განცდას იმის შესახებ, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომები არ იყო დაღვევის სიმძიმის  შესაბამისი. 
  • კენჭისყრის შედეგების გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის მოთხოვნის  მოცულობის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირად, საკუთრი ინიციატივის ფარგლებში, ნაწილობრივ, ცალკეულ მონაცემებს ამოწმებდნენ, ხოლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვისას უთითებდნენ, რომ მათი ინიციატივის ფარგლებში მონაცემები უკვე გადამოწმებულია. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა 113 საჩივრით 131 საარჩევნო უბნის შედეგების სრული ან ცალკეული მონაცემების გადათვლა მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მონაცემები; არ დგებოდა ბალანსი - კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატებოდა ან მკვეთრად ჩამორჩებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.   

დავების განხილვის ეტაპზე, ტენდენციის სახით გამოიკვეთა, რომ ის საჩივრები, რომლებშიც შემაჯამებელი ოქმების გადათვლა და დამრღვევი პირების სამართლებრივი პასუხისმგელობა იყო მოთხოვნილი, საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა საჩივრების წარდგენის შემდგომ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვალეს. რიგ შემთხვევებში დამრღვევ პირებს დისციპლინური პასუხისმგებლობაც დააკისრეს, თუმცა, საჩივრებთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებებში მიუთითეს, რომ საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ან ნაწილობრივ დაკმყოფილდა, რადგან საჩივრით წარდგენილ პრეტენზიებთან დაკავშირებით ოლქებმა შესაბამისი ზომები საკუთარი ინციატივით უკვე მიიღეს. საპირისპიროდ, საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა, რომლებმაც უბნების მონაცემები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, “სამართლიანი არჩევნების” საჩივრები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულად ჩათვალეს. 

131 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, 50 უბნის მონაცემების გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა უარი განაცხადეს. სრულად ან ნაწილობრივ გადაისინჯა 81 უბანი, მათგან, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 61, ხოლო „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების ფარგლებში 20 საარჩევნო უბნის მონაცემები შემოწმდა. 

„სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების წარდგენის მიუხედავად, საოლქო კომისიების მიერ საკუთარი ინიციატივის ფარგლებში გადათვლილად მიჩნეული 61 საარჩევნო უბნიდან 10  უბნის შედეგები ნაწილობრივ 9 ოქტომბერს, ღამის საათებში გადაითვალა, რასაც წინ საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ ცესკოს თავმჯდომარის მოწოდება უძღვოდა - გადაეთვალათ საეჭვო უბნები, „მეტობით დისბალანსის“, ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობის ან სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების გათვალისწინებით. 

-----

შენიშვნა: ერთი საჩივარი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე დარღვევას/მოთხოვნას

-----

წარდგენილი საჩივრებიდან 72 საჩივარი შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორად ან საერთოდ არ იყო მითითებული სავალდებულო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭედი, სათანადოდ არ იყო შევსებული შესაბამისი გრაფები და სხვა. ამგვარ დარღვევებთან დაკვშირებით ორგანიზაცია ითხოვდა პასუხისმგებელი კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობებს, ხოლო ოქმის გადასწორების შემთხვევაში - ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მათგან 16 საჩივარი სრულად, 7 - ნაწილობრივ, 42 არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივრის შესახებ ადმინისტარციული წარმოება მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი 17 საჩივრიდან 2 სრულად, ხოლო 1 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დანარჩენი საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან განუხილვევლად იქნა დატოვებული. საოლქო საარჩევნო კომისიები მასიურად უგულვებელყოფნდნენ კენჭისყრის პროცესში დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემთხვევებს, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებსაც შეიცავდნენ. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“  მარნეულის #14; #48; ზუგდიდის #90 და წალენჯიხის #28 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, კენჭისყრის პროცესის არსებითი დარღვევების ფონზე წარმართვის გამო, შედეგების ბათილობა მოითხოვა, რომელთაგან არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა1. ორგანიზაცია ასევე ითხოვდა 3 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების ბათილობას, რომელთაგან 1 დაკმაყოფილდა. მარნეულის და ზუგდიდის უბნებთან დაკავშირებით დავა სასამართლოში გრძელდება. 

უარყოფითად უნდა შეფასდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ „სამართლიანი არჩევნების მიერ წარდგენილი 28 საჩივრის განუხილვევლად დატოვება, რომლებიც მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას. მათი დიდი ნაწილი კენჭისყრის პროცედურების დარღვევებს ეხება. თუმცა, რამდენიმე საჩივარი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით განუხილველი დარჩა იმ არგუმენტით, რომ გასაჩივრებულ უბანზე ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით ორგანიზაციას საჩივარი წარდგენილი არ ჰქონია. შემაჯამებელ ოქმის გასაჩივრების ვადად განსაზღვრულია ორი კალენდარული დღე და საჩივრის ავტორს მისი გასაჩივრება ამ ვადაში შეუძლია ხმის დათვლის პროცედურების გასაჩივრების მიუხედავად. მართალია, ასეთი ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ცალკეული საოლქო საარჩევნო კომისიის ამგვარი შეფასება, უფლებამოსილ პირს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების უფლებას უკარგავს.

რაც შეეხება დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საჩივრების განუხილვევლად დატოვებას, ამ შემთხვევებში, მიზეზად დასახელებულია გარემოება, რომ შესაბამის უბანზე აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა. ეს არგუმენტი გამოყენებულ იქნა, მაგალითად სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე ფიზიკურად არ უშვებდნენ და მათი დაშვება საოლქო საარჩევნო კომისიების ინფორმირების და საოლქო კომისიაში საჩივრის წარდგენის შემდეგ მოხდა. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ უნდა წარედგინა დამკვირვებელს საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის, როდესაც მას ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ ეძლეოდა.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ განუხილველი დატოვა  ორგანიზაციის მიერ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო უბანზე დარღვევის აღმოფხვრა მოხდა დაუყოვნებლივ, რის შემდეგაც შესაბამისი მითითება გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში. კომისიის მიერ უბანზე კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრა არ უნდა ყოფილიყო საჩივრის განუხილვევლად დატოვების საფუძველი, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საოლქო საარჩევნო კომისიას კანონით  ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში აქვს უფლებამოსილება მიიღოს საჩივრის განუხილვევლად დატოვების შესახებ გადაწყევტილება - კერძოდ, როცა საჩივარი არაუფლებამოსილი პირის, ვადის დარღვევისა თუ არსის მითითების გარეშეა წარდგენილი. აღნიშნულ შემთხვევაში, საჩივრების განუხილვევლად დატოვების არცერთი ჩამოთვლილი წინაპირობა არ არსებობდა.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ საჩივრებით მოთხოვნილი საარჩევნო უბნების გადათვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით მისასალმებელი ნაბიჯია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, გადათვლის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი ასახვა საჩივრებთან დაკავშირებულ განკარგულებებშიც. ამასთან გადათვლის პროცესთან დაკავშირებით ჩაართული მხარეების ინფორმირება დროული უნდა იყოს, პროცესი კი უფრო მეტად გამჭირვალე. მნიშნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტურის დროს გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრას მეორე ტურისთვის.

 “სამართლიანი არჩევნები” აგრძელებს საჩვირებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალურ ანალიზს, რომლის მიგნებები არჩევნების შემაჯამებელ ანგრიშში იქნება წარმოდგენილი. 

 

----

[1] მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხედველობაში არ მიიღო #14 და #48 საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიერ მარკირების გარეშე ხმის მიცემის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის, ხმის დათვლის პროცედურების არსებითი დარღვევების ფონზე წარმართვის შემთხვევები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხედველობაში არ მიიღო გარემოება, რომ #90-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის,  დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ. მისი საარჩევნო უბნიდან გამოძევების შემდეგ კი, "სამართლიანი არჩევნების" სხვა დამკვირვებლების მიმართ დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობის ფაქტები. ორგანიზაციის დამკვირვებლები ერთმანეთის მიყოლებით უკანონოდ გამოაძევეს უბნიდან და საერთოდ წაართვეს დაკვირვების შესაძლებლობა. საუბნო საარჩევნო კომისია მოქმედებდა არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ, ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ჯიქიას მითითებებით. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. უბანში იყო უკონტროლო სიტუაცია. ამ საუბნო კომისიიდან გააძევეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელიც.