2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

ინციდენტები - 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები

10:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევები

 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა 

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #41-ე საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“  დამკვირვებელს არ მისცეს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება. კომისიამ მას განუმარტა, რომ უბანზე შეუშვებდნენ წილისყრის პროცესის დასრულების შემდეგ;
  • #6  სამგორის საარჩევნო ოლქის  #31-ე უბანზე, დილის 7 საათიდან კარი დაკეტილი იყო და დამკვირვებელს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება;
  • #5 ისნის #31 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი წილისყრის პროცედურების დასრულებამდე უბანზე არ შეუშვეს. ამავე უბანზე, კომისიის მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშულება არ მისცა.

წილისყრის წესის დარღვევა 

  • #24 დმანისის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა, კერძოდ გადაკეცილ ფურცლებზე სადაც მითითებული იყო ფუნქცია-მოვალეობები არ ერტყა კომისიის ბეჭედი. მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა;
  • #80 ქედის #5 საარჩევნო უბანზე  ნაკადის მომწესრიგებელმა საარჩევნო კოდექსის დარღვევით, უარი განაცხადა მისთვის წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება, კანონის თანახმად,  კომისიის სხვა წევრს დააკისრა;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ოთხი რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარდა, მაშინ როდესაც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა ექვსი იყო. თავმჯდომარის მითითებით ორმა წევრმა უარი თქვა რეგისტრატორის წილისყრაში მონაწილეობაზე და წილისყრის გარეშე დანიშნა რეგისტრატორი კომისიის წევრები. დამკვირვებლის მიერ დარღვევაზე ზეპირი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ უარი განაცხადა დარღვევის აღმოფხვრაზე.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები 

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე  #5 რეგისტრატორს  გადაეცა პაკეტად შეკრული ბიულეტენების დასტა, რომლის ოდენობა ნაცვლად  50-ისა შეადგენდა 53-ს;
  • #3 საბურთალოს სარჩევნო ოლქის # 80-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 1326 ამომრჩეველი, თუმცა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ხუთი რეგისტრატორის ნაცვლად ფიქსირდება 4. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა 2 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ერთ სახის ბიულეტენი. ამომრჩეველმა ერთი მათგანი უკან დააბრუნა.

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის  #36 საარჩევნო უბანზე, დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო დაგვიანებით, 10 ამომრჩევლის მიღების შემდეგ;
  • #54 სამტრედიის სარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე წინასწარ შეივსო საკონტროლო ფურცელი და სამივე საკონტროლო ფურცელი მოთავსდა ძირითად ყუთში.

სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ. 

უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის  აღრიცხვა

  • #66  ხობის საარჩევნო ოლქის #25 უბანთან 25-30 მეტრის რადიუსში დაუდგენელი პირები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. 

ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 სარჩევნო უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებ აპარატთან დაკავშირებით ტექნიკური ხრვეზი დაფიქსირდა.  ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი მოხსნა.

 

15:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევები

 

დაკვირვების უფლების შეზღუდვა 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ელენე ნარმანიას მიმართ, მოგვიანებით კი, "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფის დამკვირვებლების დავით ლოგუასა და დათა აქუბარდიას მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპრისპირების მცდელობასაც. ორგანიზაციის დამკვირვებელი ელენე ნარმანია უკანონოდ გამოაძევეს უბნიდან და საერთოდ წაართვეს დაკვირვების შესაძლებლობა, ხოლო, მანამდე მთელი დღის განმავლობაში უზღუდავდნენ დაკვირვების უფლებას. საარჩევნო კომისია მოქმედებდა არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ, ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ჯიქიას მითითებებით, რომელიც უთითებდა თავმჯდომარეს ვინ გაძევებინა ან დაეტოვებინა უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ამ საუბნო კომისიიდან გააძევეს საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებელიც.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს მდივნის წინააღმდეგობის გამო ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების უფლება არ მიეცა;
  • #3 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #21 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სთხოვდა მონაწილეობა მიეღო გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრთა შესარჩევ წილისყრაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 

  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინები დგას კომისიის წევრებთან ახლოს, რითაც ირღვევა ფარულობის პრინციპი; 
  • #58 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #118 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ შევსებული ბიულეტენები სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, რის შედეგადაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი; 
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან ხმის მიცემის შემდგომ გახსნილი ბიულეტენებით გამოდიან, აღნიშნულ პროცესში კი უბანზე მყოფი პირებისთვის ცნობილი ხდება ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული ნება, კომისიის თავჯდომარე დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად არ ახდენს რეაგირებას; 
  • #32 გორის სარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს შეყვა გარეშე პირი ხმის მისაცემად მაგრამ აღნიშნული ამომრჩეველი დახმარებას არ საჭიროებდა; 
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენების კონვერტში მოთავსებამდე ისინი გაშლილი სახით აჩვენა ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელმაც დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, რის შემდეგაც მას ხელი ჩამოართვა; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ამოწმებს თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამგვარი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს; 
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში აჩვენა „ახალგაზრდული ინიციატივა - დემოკრატიისთვის“ დამკვირვებელს.  

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები 

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ იყო გადაყვანილი სპეციალურ სიაში, თუმცა ამომრჩევლის განცხადებით კომისიისთვის არ მიუმართავს, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო სპეციალურ სიაში. ამომრჩეველმა მისცა ხმა; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, 11:42 წუთზე, გაცემული ბიულეტენების გადათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს 1 ბიულეტენით მეტი ჰქონდა გაცემული ამომრჩეველზე; კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება; 
  • ფოთის #70 საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ; 
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის და სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ იყო ერთიან, საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში. ხოლო ამავე ოლქის #52 უბანზე აღნიშნული ინფორმაცია არ იყო შეყვანილი არც ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო და არც ერთიან საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში;
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე, საათზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ისე გადასცა ბიულეტენები, რომ არ მოაწერინა ხელი სამაგიდო სიაში მისი/ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ; 
  • #82 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში მითითებული ხელმოწერების რაოდენობას. ერთ-ერთი რეგისტრატორის ახსნა-განმარტების თანახმად, მას გამოჩრა ამომრჩევლის ხელმოწერა;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #77, #79 და #82 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების ნაწილი შესაბამისი წინაპირობის გარეშე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ შეყვანილი. ამომრჩევლებმა აღნიშნულის შესახებ უბანზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს. სპეციალურ სიაში შეყვანის გამო მათ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ;
  • #3 საბურთალოს ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიაში არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სიის ორი ვერსია, რაც ეწინააღდეგება საარჩევნო კოდექსს.

აგიტაცია 

  • #14 დედოფლისწყროს #4 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის პროცედურის განხორციელებისას საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მკაფიოდ მიანიშნა რომ საარჩევნო ბიულეტენში შემოეხაზა რიცხვი 5;
  • #62 ჩოხატაურის #14 სარჩევნო უბანზე სარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ხშირად უგულვებელყოფს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და საარჩევნო უბნის ეზოში ხმის მიცემამდე ინტენსიურად ხვდება ამომრჩევლებს; 
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გარეთ, მერის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამკერდე ნიშანი, საარჩევნო უბანზე შესვლისას ხვდება და ესაუბრება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; 
  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარე ფასადზე გამოკრულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა. კერძოდ, მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი. სააგიტაციო მასალა განთავსებულია 25 მეტრიანი დისტანციის დარღვევით.

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით 

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აფიქსირებს უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობას და სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს ინფორმაციას გაურკვეველ პირებს, თავმჯდომარის მიერ შენიშვნას უგულებელყოფს; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბნის კართან დგას მამაკაცი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციით მესამე პირებს ინფორმაციას აწვდის უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების შესახებ; 
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი აღრიცხავს ამომრჩევლებს. 

უბნის მოწყობის წესის დარღვევა 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანი განთავსებულია ორსართულიან შენობაში. კენჭისყრის სივრცე მოწყობილია შენობის მეორე სართულზე. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ნაკადის მარეგულირებელი მარკირებას ამოწმებს შენობის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე უშუალოდ კენჭისყრის სივრცესთან დგას კომისიის მეორე წევრი, რომელიც არ ამოწმებს მარკირების სითხის არსებობას და მხოლოდ რიგს არეგულირებს. შესაბამისად, მარკირების შემოწმებისა და უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვება ერთდროულად შეუძლებელია;
  • #67 ზუგდიდის #56 საარჩევნო უბნის შიგნით იყო ხალხმრავლობა და რეგისტრატორთან ფიქსირდებოდა ორზე მეტი ამომრჩეველი;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1600-მდე ამომრჩეველი, არ არის გადაცემული ხმის დათვლისთვის გამოსაყენებელი ვიდეო კამერა.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დარღვევები 

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა ორი ცალი ერთი სახის ბიულეტენი; 
  • #66 ხობის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი იმგვარად ხევდა ბიულეტენებს, რომ აღარ ჩანდა უბნის და ოლქის შესახებ სათანადო რეკვიზიტები. ასეთი ათამდე ფაქტი დაფიქსირდა; 
  • #8 დიდუბის სარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი იმგვარად ხევს საარჩევნო ბიულეტენებს, რომ არ აქვს არც ოლქის და არც უბნის ნომერი.

მარკირების წესის დარღვევა 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე, 08:00 საათზე, უბანზე მოსულ მოსულ ამომრჩეველს, რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ჯერ მარკირება გაუკეთა და შემდეგ გადაამოწმა მისი მონაცემები ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი სხვა უბანზე იყო დარეგისტრირებული და ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა; 
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთა და ამის შემდეგ გადაამოწმა იგი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამომრჩეველი რეგისტრირებული იყო სხვა უბანზე, რის გამოც შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება.

ბიულეტენების დასტებთან დაკავშირებული ხარვეზი 

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #41 უბანს გადაცემული ჰქონდა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის უბნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. აღნიშნული ბიულეტენებიდან 36 ცალი გამოიყენა კომისიამ; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრებს ჰქონდა ხარვეზი. კერძოდ, ერთში იყო 1 ბიულეტენით ნაკლები, ხოლო მეორეში -2 ბიულეტენით მეტი. 

საარჩევნო უბანზე არსებული ქაოსი 

  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე არის ქაოსი, ნაკადის მარეგულირებლის კომისიის წევრი მიერ არ რეგულირდება ამომრჩეველთა ნაკადი, რაც იწვევს ქაოსს. დამკვირვებლის მიერ მიცემული შენიშვნის მიუხედავად არ გამოსწორდა აღნიშნული დარღვევა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #59 საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შენობაში იყო ხალხმრავლობა და გაურკვევლობა. ვერ მოწმდებოდა კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების სტატუსი, საფრთხე ექმნებოდა კენჭისყრის ფარულობას და კენჭისყრის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ადამიანთა შეკრება. პოლიციის გამოძახების შემდგომ, ვითარება დასტაბილურდა.

 

19:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევები

 

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით 

  • #79 ბათუმის #96-ე საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" დამკვირვებელი უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პირად მონაცემებს ინიშნავდა და აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემდა ტელეფონით; 
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება გაცემულ ბიულეტენზე ნაკლები ხელმოწერა; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აღრიცხავს ამომრჩევლის პირადი მონაცემებს და ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს მესამე პირებს.

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას აძლევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამომრჩევლებს ხმას აძლევდნენ ფურცელზე დაწერილი რიგითიი ნომრების მიხედვით. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომისია აღნიშნულ დარღვევაზე არ რეაგირებს. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი. უბანზე არ მოწმდება და არ კეთდება მარკირება. დღის მანძილზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არაერთხელ შეუზღუდეს დაკვირვების უფლება. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ არაერთხელ დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 

  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის დაახლოებით 15 ამომრჩეველმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და კომისიის წევრებს აჩვენეს თუ ვინ შემოხაზეს ბიულეტენში. კომისიის თავმჯდომარის მითითების მიუხედავად  დარღვევა არ აღმოიფხვრა.

დამკვირვებლის უფლებების დარღვევა

  • #16 ყვარლის #15 საარჩევნო უბანზე "სამრთლინი არჩევნების" დამკვირვებელს კომისიის წევრები ექცევიან არაეთიკურად, აყენებენ შეურაცხყოფას და არ აძლევენ დამკვირვებლის უფლებამოსილების კეროვნად განხორციელების საშუალებას.

დამკვირვებლის მიერ კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

  • #1 მთაწმინდის #12 საარჩევნო უბანზე გახსნის მომენტიდან იმყოფება ა(ა)იპ ,,ალტერნატივა ენჯეო"-ს  დამკვირვებელი მჭიდრო კონტაქტში შედის ამომრჩეველთან, ხმაურობს უბანზე, რითაც ირღვევა კენჭისყრის პროცედურის მიმდინარეობა, შედეგად იქმნება ხმაური და ქაოსი. აღნიშნულზე კომისიის თავმჯდომარეს ეთხოვა დარღვევის აღმოფხვრა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია; 

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე,  ბიულეტენისა და ხელმოწერების გადამოწმებისას დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს იმაზე მეტი ბიულეტენი ჰქონდა გაცემული, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერები ფიქსირდებოდა. რეგისტრატორის განმარტებით, მას ამომრჩევლის ხელმოწერა გამოჩრა; 
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთ-ერთი  ამომრჩეველს ბიულეტენი ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე გადასცა; 
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერების და გაცემული ბიულეტენების რაოდენობის დათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს პროპორციული საარჩევნო სისტემით გაცემული ბიულეტენის ერთით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას, ხოლო მაჟორიტარული ბიულეტენი ერთით ნაკლები იყო ხელმოწერების რაოდენობაზე; 
  • #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე გასცა ბიულეტენი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, შემდგომ კი სამაგიდო სიაში გააკეთა ხელმოწერა ამომრჩევლის არყოფნის დროს, ხოლო დარღვევის დაფიქსირების შემდგომ უბანზე მოყვანილ იქნა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემიდან გარკვეული დროის შემდგომ მოაწერა ხელი სამაგიდო სიაში

მარკირების წესის დარღვევა 

  • #2 ვაკის #49 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა;
  • #2 ვაკის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გუკეთეს მარკირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი. ამომრჩეველს შეეზღუდა საარჩევნო უფლება.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები 

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში 50 ბიულეტენს ნაცვლად დაბეჭდილი იყო 52. კომისიის რეგისტრატორის მიერ აღნიშნულზე შედგა ახსნა-განმარტებაის აქტი.

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

  • #10 გლდანის #10 საარჩევნო უბანზე,  გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ დაფიქსირდა, რომ ხუთ ბიულეტენი არ იყო რეგისტრატორი კომისიის წევრის ბეჭდით დამოწმებული; 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის პირადი ნომერში იყო შეცდომა. ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. თავმჯდომარემ დაწერა ახსნა განმარტება  რომ რეგისტრაციისას შეცდომით უკარნახა ამომრჩეველმა პირადი ნომერი ტელეფონით;
  • #62 ჩოხატაურის  #14 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ამის გამო, ხმა ვეღარ მისცა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებული გადასატანი ყუთი, ამავე კომისიის წევრებმა კვლავ გაიტანეს უბნიდან, გადასატან საარჩევნო სიაში მყოფი იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც თავდაპირველად ვერ მისცა ხმა კომისიის წევრების უკანონო ქმედების გამო.

 

20:00 საათის შემდგომ გამოვლენილი დარღვევები

დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა, რის შესახებაც, მან ახსნა-განმარტება დაწერა. შესაბამისად, აღნიშნულ უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერებს რაოდენობას;
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, სიებში არსებული ხელმოწერების დათვლისა და აგრეთვე გაცემული ბიულეტენების რაოდენობის შედარების შემდეგ გაირკვა, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გაცემულია საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის გათვალისწინებული ბიულეტენების მეტი რაოდენობა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი რეგისტრირებული იყო უბნის სპეციალურ სიაში და არ წარმოადგენდა უბნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს; 
  • #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესში ერთ-ერთ კონვერტში აღმოჩნდა მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი ორი ბიულეტენი, რომელთაგან ერთი ერთი რეგისტრატორის მიერ იყო დამოწმებული, მეორე კი მეორე რეგისტრატორის მიერ. 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე წილისყრით გამოვლენილი მთვლელების მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტინების დათვლაში უშუალოდ მონაწილეობენ კომისიის სხვა წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები. ამასთან, საარჩევნო კონვერტებიდან დადგენილზე მეტი ოდენობის ბიულეტენების აღმოჩენისას, ისინი შეურიეს და ჩათვალეს ნამდვილ ბიულეტენებში. ასევე, საარჩევნო ყუთში კონვერტის გარეშე არსებული ბიულეტენები ჩაითვალა ნამდვილად. ამგვარი ფაქტები ხმის დათვლისას დაფიქსირდა არაერთგზის. სამართლიანი არჩევნები მოითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას;

ხმის დათვლის პროცესში ვიდეოგადაღების წესის დარღვევა

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დაწყების დროს მიმდინარეობდა ვიდეო ფიქსაციის პროცესი, რომელიც გაურკვეველ დროს შეწყდა. საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს ვიდეოაპარატურა ერთი საათის განმავლობაში იყო გამორთული, „სამართლიანი არჩევნების“ შენიშვნის შემდგომ მოხდა ვიდეო აპარატურის ჩართვა;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის მთვლელები ბიულეტენების დათვლისას, ბიულეტენებს ვიდეოკამერას არ აფიქსირებინებდნენ. მითითებების მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა ეს პრობლემა. ასევე, ხმების დათვლის პროცესში მთვლელების გარდა ჩართულები იყვნენ სხვა პირებიც;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე ყუთის გახსნის დროს არ იყო ჩართული ვიდეო ფიქსაციის კამერა. იგი ჩართეს ყუთების გახსნის შემდეგ. ასევე, კომისიის მიერ ყუთების გახსნამდე არ დაილუქა რეგისტრატორების ბეჭდები და ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიები;
  • დიდუბის #8 საარჩევნო უბანზე პირველი მთვლელი ბიულეტენების ამოღებისას ვიდეოზე არ აფიქსირებდა ბიულეტენის წინა მხარეს და არ აცხადებდა ვისთვის იყო მიცემული ხმა. ამასთან, უბანზე გარკვეული პერიოდით გაითიშა ვიდეოფიქსაციის პროცესი, რომელიც მოგვიანებით აღდგა. დამკვირვებელმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მიუთითა არსებულ დარღვევებზე, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. თავმჯდომარემ განმარტების სახით მიუთითა, რომ მოქმედებდა საოლქო საარჩევნო კომისიის მითითებების შესაბამისად.

შემაჯამებელი ოქმის ასლების გაუცემლობა/დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #65 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს არ მისცა კომისიის წევრის წერილობით დაფიქსირებული ახსნა-განმარტებისთვის ფოტოს გადაღების საშუალება. დამკვირვებლის მხრიდან მითითების მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევა არ აღმოფხვრა;
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელ ოქმის ასლი ბეჭდითა და ხელმოწერით არ დაუმოწმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს;
  • #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს, ხმის დათვლისას კომისიამ უფლება არ მისცა ფოტო გადაეღო კონვერტის გარეშე ყუთში მოთავსებული ბიულეტენისთვის. ამასთანავე, როგორც კომისიის წევრები, ასევე თავმჯდომარე მის მიმართ აგრესიულები არიან;
  • #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს გადაეცა შემაჯამებელი ოქმების ასლები ხელმოწერებისა და ბეჭდით დამოწმების გარეშე, ისე რომ ამის შესახებ ადგილზე საჩივრის დაწერის საშუალება არ მიეცა.

ბიულეტენების ბათილობა

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას აღმოჩენილ იქნა 28 ბიულეტენი, რომლებსაც არ ჰქონდა რეგისტრატორების ხელმოწერა. აღნიშნული ბიულეტენების უმრავლესობაში ხმა მიცემული იყო ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის. 

საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესის დარღვევა

  • #20 რუსთვის სარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე ყუთები გაიხსნა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო საარჩევნო მასალის, მათ შორის სამაგიდე სიების, ბეჭდების და ა.შ დალუქვის გარეშე;
  • ხულოს საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიამ ხმის დათვლის პროცესში ცალკე კონვერტში მოათავსა და დალუქა მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ბიულეტენები და კონვერტზე გააკეთა შესაბამისი რაოდენობის აღმნიშვნელი წარწერა. მოგვიანებით კომისია დაეჭვდა მათ მიერ მითითებულ რაოდენობაში და გახსნა დალუქული კონვერტი;
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე, მასალების დალუქვისა და ხმების დათვლის შემდეგ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დაულუქავად ჰქონდათ გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა;
  • დმანისის #23 საარჩევნო უბნიდან ოლქში შესულ მასალებს არ ახლდა რეგისტრატორი კომისიის წევრებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში კომისიამ ოლქში დალუქული ბეჭდები მიიტანა. 

სხვა

  • #13 სიღნაღის #33-ში სამი ბიულეტენი აღმოჩნდა კონვერტის გარეშე, რომელიც კომისიამ ნამდვილად მიიჩნია. 

 

---

 

 

უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები

 

სააგიტაციო მასალების განთავსება საარჩევნო უბნიდან 25 მეტრამდე მანძილზე 

  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #103, #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #46 და #22 მარნეულის სარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნებთან განთავსებული იყო ,,ქართული ოცნების" კანდიდატების საარჩევნო პლაკატები;
  • #91 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან განთავსებული იყო “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატები;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბნიდან 15 მეტრის რადიუსში განთავსებული იყო სააგიტაციო მასალა, კერძოდ საარჩევნო სუბიექტის "გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო" პლაკატი.

კოორდინატორების მობილიზება

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყვნენ პარტია “საქართველოსთვის” კოორდინატორები;
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან ფიქსირდებოდა არააკრედიტირებულ პირთა ჯგუფი (სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის კოორდინატორები), რომელთაგან ერთ-ერთი ურეკავდა ამომრჩევლებს და ცდილობდა მათ უბანზე მობილიზებას; 
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა პირი, რომელიც ადგილზე მისულ ამომრჩევლებს ხვდებოდა, ცდილობდა მათთან კომუნიკაციას და მოუწოდებდა, ეაქტიურათ არჩევნებზე. აგრეთვე, აღნიშნული პირი ტელეფონით ეკონტაქტებოდა სხვა პირებს და აწვდიდა ინფორმაციას უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა კოორდინატორების (სავარაუდოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის) მობილიზება. მათგან ერთ-ერთს კომუნიკაცია ჰქონდა საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან და ამომრჩევლების მოსვლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავდა ფურცლებზე;
  • #6 სამგორის #49 საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორი ამომრჩევლებს ესაუბრებოდა ხმის მიცემის შემდეგ;
  • #55 ხონის #28 უბანთან იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები;
  • #41 ნინოწმინდის #4 , #47 მესტიის #33 უბნებთან შეინიშნებოდნენ კოორდინატორები, უცნობია მათი კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.  

საეჭვო აქტივობა 

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა უმრავლესობა შედიოდა კენჭისყრის შენობის მოპირდაპირედ განთავსებულ შენობაში, სადაც განთავსებულია სოფელ ახკერპის მერის წარმომადგენლის ოფისი. შენობაში შესული ამომრჩევლები ადგილზე ჩერდებოდნენ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, რის შემდგომაც ტოვებდნენ ადგილს. იმავე შენობაში, უბნის დატოვების შემდეგ, შევიდა მარნეულის #16 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანიც. 

აგიტაციის გაწევა 

  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის დაშორებით მყოფი ორი პირი მიმართავდა მისულ ამომრჩევლებს პარტია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ: ,,ხომ იცი, ხმა ვის უნდა მისცე, ხომ იცი 41";
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან 100 მეტრის დაშორებით, იმყოფებოდნენ პარტიების: “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “საქართველოსთვის” კოორდინატორები, რომლებიც უბანზე მოსულ ამომრჩევლებს გადასცემდნენ სააგიტაციო მასალას, საარჩევნო ნომრებს; 
  • #16 ყვარლის #30 უბანთან დღის განმავლობაში შეკრებილი პირები ურეკავდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ არჩევნებზე მოსვლისკენ. მათგან ერთ-ერთმა 19:30 საათზე ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ხმა მიეცათ ქართული ოცნებისთვის და შემოეხაზათ N41.

სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება 

  • გორის #1 საარჩევნო უბანთან “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირია. 

სავარაუდო მოსყიდვა

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. დამკვირვებლის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, გადაეცა ტალონი;
  • #81 ქობულეთის #64 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩევლებს, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემდა;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანთან (100 მეტრის მოშორებით) მობილიზებული კოორდინატორები ამომრჩევლებს გადასცემდნენ თანხას.
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა კენჭისყრის შენობის გარეთ ერთ-ერთ ამომრჩეველს გადასცა თანხა. 

ამომრჩეველთა აღრიცხვა სახელებითა და გვარებით 

  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შესასვლელთან იმყოფებოდა ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტთა ლიგის” დამკვირვებელი და ამოწმებდა მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ან ეკითხებოდა სახელსა და გვარს;
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #86 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ ორგანიზაციების ,,მწვანე დედამიწისა" და ,,საზოგადოებრივი გაერთიანების" წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავდნენ მისულ ამომრჩევლებს;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან პოლიტიკური პარტიების - “ქართული ოცნების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “საქართველოსთვის” კოორდინატორები აწარმოებდნენ მისული ამომრჩევლების აღრიცხვას;
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებს;
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანთან, შენობის შესასვლელში, მყოფი ხუთი პირი, სატელეფონო კომუნიკაციას ამყარებდა ამომრჩევლებთან და ამოწმებდა მათი საარჩევნო უბანზე გამოცხადების საკითხს; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” კოორდინატორები და სიაში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს;
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა ორი ადამიანი სიებით, რომლებიც, სავარაუდოდ, აწარმოებდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან კენჭისყრის შენობიდან დაუდგენელი პირი, რომელსაც თან ჰქონდა სია, ეკითხებოდა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს, მისცეს თუ არა ხმა; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19, #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #49, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35, და #17 თელავის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან შეკრებილი პირები ახორციელებდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. უმეტეს შემთხვევაში, თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები; 
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბნის შესასვლელში შეინიშნებოდა პირის მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა; 
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სახელობითი სიები, რომლებსაც ასევე, კომუნიკაცია ჰქონდათ ამომრჩევლებთან; 
  • #39 ასპინძის #15 უბანთან დაუდგენელი პირი ახდენდა ამომრჩეველთა აღრიცხვას;
  • #52 ბაღდათის #2 საარჩევნო უბანთან, ავტომობილში, შეინიშნებოდნენ “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს;
  • #13 სიღნაღის #21 უბანთან შეინიშნებოდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც აწარმოებდნენ ამორმჩეველთა აღრიცხვას.

ამომრჩეველთა მობილიზება

  • #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #24; #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #24; #58 წყალტუბოს #49; #58 წყალტუბოს #49; #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #58; #32 გორის საარჩევნო ოლქის #1; #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #65, #55 ხონის საარჩევნო ოლქის #28, #47 მესტიის საარჩევნო ოლქის #33, #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #4, #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #8, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #18; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #12 უბნებზე ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმეჯერ მოიყვანეს ადამიანების ჯგუფი ხმის მისაცემად; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო პირთა ჯგუფი, რომლებმაც საარჩევნო უბანზე მოიყვანეს ამომრჩევლები ხმის მისაცემად.
  • #2 ვაკის #75 უბანზე იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ახდენდა ამომრჩევლის მობილიზებას და დაჰყვებოდა მათ საარჩევნო უბანთან; 
  • #52 ბაღდათის #2 საარჩევნო უბანთან ერთი და იგივე მანქანით ორჯერ მოიყვანეს ამომრჩევლები.

პირთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე მანძილზე

  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყვნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტომობილით;
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 უბანთან იმყოფებოდა ორი პირი, რომლებიც სიაში, სავარაუდოდ, აწარმოებდნენ ამომრჩეველთა აღწერას;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #75 სარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო ავტომობილი. მასში მყოფი პირები ესაუბრებოდნე უბანზე მისულ ამომრჩევლებს. აგრეთვე, მიმდებარე ეზოში მობილიზებული იყო ადამიანთა ჯგუფი;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო მოქალაქეთა ჯგუფი; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 უბანთან დილის 10 საათიდან შეინიშნებოდა საეჭვო პირთა შეკრება (სავარაუდოდ ე.წ. ძველი ბიჭები) რომლებიც შედიოდნენ კომუნიკაციაში ამომრჩევლებთან და პერიოდულად ახდენდნენ ხმის მისაცემად მოქალაქეთა მობილიზებას;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო 4-5 პირი, რომლებიც კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან.

ამომრჩევლის კონტროლი 100 მეტრიდან მოშორებით

  • #22 მარნეულის #38; #20 რუსთავის #68; #7 ჩუღურეთის #48, #60 ოზურგეთის #18, #16 ყვარლის #30; #3 საბურთალოს #44; #39 ასპინძის #15 და #11 საგარეჯოს #14 უბნებთან შეკრებილი იყო დაუდგენელ პირთა ჯგუფი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ადგილზე;
  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #43, #39 ასპინძის ოლქის #15 და #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან, დილიდან, 100 მეტრის მოშორებით, მობილიზებული იყო ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფი პირი აკვირდებოდა უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; 
  • #67 ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ამომრჩევლებს ეკონტაქტებოდნენ ხმის მიცემის შემდეგ;
  • #66 ხობის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაჩი ბერაია, 7-10 მოქალაქესთან ერთად. 
  • #67 ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანთან დაუდგენელი პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ავტომობილით, რომლებიც ტელეფონით საუბრობდნენ. 
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანთან, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით განთავსებულ ავტომომანქანაში იმყოფებოდნენ კოორდინატორები და, სავარაუდოდ, ახდენენ მოქალაქეთა აღრიცხვასა და მობილიზებას.
  • #62 ჩოხატაურის #4 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით იდგა ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ კოორდინატორები და ახდენდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ასევე, მიმდინარეობდა მოქალაქეებთან სატელეფონო კავშირი და არჩევნებზე მისვლის თხოვნა.
  • #59 ქუთაისის #59 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის მოშორებით, შეინიშნებოდა პირთა მობილიზება, რომლებიც აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს.   

ამომრჩეველთა კონტროლი 100 მეტრის რადიუსში

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში დილიდან იდგა ავტომობილი, საიდანაც უცხო პირები აკვირდებოდნან ამომრჩევლების მოსვლის პროცესს.

დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვა

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანთან მყოფი პოლიცია “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სთხოვდა, რომ დაეტოვებინა გარე დაკვირვების ტერიტორია და გადაენაცვლა საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მოშორებით. პრობლემა „სამართლიანი არჩევნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.

არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა კენჭისყრის ოთახში 

  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანთან არააკრედიტირებული პირი ცდილობდა უბანზე შესვლას, თუმცა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, კვლავ დარჩა უბნის სიახლოვეს და ცდილობდა ამომრჩევლებთან კომუნიკაციას.

სხვა ტენდენციები 

  • #2 ვაკის #75 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ამომრჩევლებს ესაუბრებოდა და მიჰყვებოდა კენჭისყრის ოთახამდე;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე 12-20 წუთის განმავლობაში ამომრჩეველს შეეზღუდა ხმის მისაცემად კენჭისყრის ოთახში შესვლა;
  • #8 დიდუბის #25 საარჩევნო უბანთან საეჭვო პირი იმყოფებოდა, რომელიც ხშირად საუბრობდა ტელეფონით. 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.