2021 ადგილობრივი თვითმმართველობა

კენჭისყრის მიმდინარეობა 15:00 საათისთვის

ძირითადი დასკვნები 15:00-სთვის

დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში. რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება. მათ შორის, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის ორი სხვადასხვა დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეციალურ სიებში ამომრჩევლები უსაფუძვლოდ არიან დაფიქსირებული. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩენილი აქვთ ამომრჩეველთა ხელმოწერები. მიმდინარეობდა უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვაც.

არჩევნების დღის მიმდინარეობას, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო უბნების გარეთაც აკვირდება. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება, მათ შორის, ავტომობილში. დაფიქსირდა უბნის მიმდებარედ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც. 

 

დეტალური ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის შესახებ 12:00 საათისთვის

ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით (PVT), ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის შეადგინა: 

  • ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 17.7%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც მცირე ზრდაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (16.3%); 
  • თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15.8%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (14.7%) ასევე მცირე ზრდაა; 
  • რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18.5% შეადგინა (+/-0.6% ცდომილების ხარისხით). 

საარჩევნო უბნების 98.6%-ზე კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (96.2%). 

 

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები

კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

დაკვირვების უფლების შეზღუდვა (3) 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ელენე ნარმანიას მიმართ, მოგვიანებით კი, "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფის დამკვირვებლების დავით ლოგუასა და დათა აქუბარდიას მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპრისპირების მცდელობასაც. ორგანიზაციის დამკვირვებელი ელენე ნარმანია უკანონოდ გამოაძევეს უბნიდან და საერთოდ წაართვეს დაკვირვების შესაძლებლობა, ხოლო, მანამდე მთელი დღის განმავლობაში უზღუდავდნენ დაკვირვების უფლებას. საარჩევნო კომისია მოქმედებდა არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ, ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ჯიქიას მითითებებით, რომელიც უთითებდა თავმჯდომარეს ვინ გაძევებინა ან დაეტოვებინა უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ამ საუბნო კომისიიდან გააძევეს საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებელიც.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს მდივნის წინააღმდეგობის გამო ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების უფლება არ მიეცა;
  • #3 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #21 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სთხოვდა მონაწილეობა მიეღო გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრთა შესარჩევ წილისყრაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (7) 

  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინები დგას კომისიის წევრებთან ახლოს, რითაც ირღვევა ფარულობის პრინციპი; 
  • #58 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #118 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ შევსებული ბიულეტენები სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, რის შედეგადაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი; 
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან ხმის მიცემის შემდგომ გახსნილი ბიულეტენებით გამოდიან, აღნიშნულ პროცესში კი უბანზე მყოფი პირებისთვის ცნობილი ხდება ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული ნება, კომისიის თავჯდომარე დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად არ ახდენს რეაგირებას; 
  • #32 გორის სარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს შეყვა გარეშე პირი ხმის მისაცემად მაგრამ აღნიშნული ამომრჩეველი დახმარებას არ საჭიროებდა; 
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენების კონვერტში მოთავსებამდე ისინი გაშლილი სახით აჩვენა ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელმაც დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, რის შემდეგაც მას ხელი ჩამოართვა; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ამოწმებს თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამგვარი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს; 
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში აჩვენა „ახალგაზრდული ინიციატივა - დემოკრატიისთვის“ დამკვირვებელს.  

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები (8) 

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ იყო გადაყვანილი სპეციალურ სიაში, თუმცა ამომრჩევლის განცხადებით კომისიისთვის არ მიუმართავს, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო სპეციალურ სიაში. ამომრჩეველმა მისცა ხმა; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, 11:42 წუთზე, გაცემული ბიულეტენების გადათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს 1 ბიულეტენით მეტი ჰქონდა გაცემული ამომრჩეველზე; კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება; 
  • ფოთის #70 საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ; 
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის და სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ იყო ერთიან, საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში. ხოლო ამავე ოლქის #52 უბანზე აღნიშნული ინფორმაცია არ იყო შეყვანილი არც ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო და არც ერთიან საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში;
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე, საათზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ისე გადასცა ბიულეტენები, რომ არ მოაწერინა ხელი სამაგიდო სიაში მისი/ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ; 
  • #82 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში მითითებული ხელმოწერების რაოდენობას. ერთ-ერთი რეგისტრატორის ახსნა-განმარტების თანახმად, მას გამოჩრა ამომრჩევლის ხელმოწერა;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #77, #79 და #82 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების ნაწილი შესაბამისი წინაპირობის გარეშე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ შეყვანილი. ამომრჩევლებმა აღნიშნულის შესახებ უბანზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს. სპეციალურ სიაში შეყვანის გამო მათ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ;
  • #3 საბურთალოს ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიაში არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სიის ორი ვერსია, რაც ეწინააღდეგება საარჩევნო კოდექსს.

აგიტაცია (4) 

  • #14 დედოფლისწყროს #4 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის პროცედურის განხორციელებისას საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მკაფიოდ მიანიშნა რომ საარჩევნო ბიულეტენში შემოეხაზა რიცხვი 5;
  • #62 ჩოხატაურის #14 სარჩევნო უბანზე სარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ხშირად უგულვებელყოფს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და საარჩევნო უბნის ეზოში ხმის მიცემამდე ინტენსიურად ხვდება ამომრჩევლებს; 
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გარეთ, მერის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამკერდე ნიშანი, საარჩევნო უბანზე შესვლისას ხვდება და ესაუბრება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; 
  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარე ფასადზე გამოკრულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა. კერძოდ, მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი. სააგიტაციო მასალა განთავსებულია 25 მეტრიანი დისტანციის დარღვევით.

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით (3) 

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აფიქსირებს უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობას და სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს ინფორმაციას გაურკვეველ პირებს, თავმჯდომარის მიერ შენიშვნას უგულებელყოფს; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბნის კართან დგას მამაკაცი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციით მესამე პირებს ინფორმაციას აწვდის უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების შესახებ; 
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი აღრიცხავს ამომრჩევლებს. 

უბნის მოწყობის წესის დარღვევა (3) 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანი განთავსებულია ორსართულიან შენობაში. კენჭისყრის სივრცე მოწყობილია შენობის მეორე სართულზე. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ნაკადის მარეგულირებელი მარკირებას ამოწმებს შენობის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე უშუალოდ კენჭისყრის სივრცესთან დგას კომისიის მეორე წევრი, რომელიც არ ამოწმებს მარკირების სითხის არსებობას და მხოლოდ რიგს არეგულირებს. შესაბამისად, მარკირების შემოწმებისა და უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვება ერთდროულად შეუძლებელია;
  • #67 ზუგდიდის #56 საარჩევნო უბნის შიგნით იყო ხალხმრავლობა და რეგისტრატორთან ფიქსირდებოდა ორზე მეტი ამომრჩეველი;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1600-მდე ამომრჩეველი, არ არის გადაცემული ხმის დათვლისთვის გამოსაყენებელი ვიდეო კამერა.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დარღვევები (3) 

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა ორი ცალი ერთი სახის ბიულეტენი; 
  • #66 ხობის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი იმგვარად ხევდა ბიულეტენებს, რომ აღარ ჩანდა უბნის და ოლქის შესახებ სათანადო რეკვიზიტები. ასეთი ათამდე ფაქტი დაფიქსირდა; 
  • #8 დიდუბის სარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი იმგვარად ხევს საარჩევნო ბიულეტენებს, რომ არ აქვს არც ოლქის და არც უბნის ნომერი.

მარკირების წესის დარღვევა (2) 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე, 08:00 საათზე, უბანზე მოსულ მოსულ ამომრჩეველს, რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ჯერ მარკირება გაუკეთა და შემდეგ გადაამოწმა მისი მონაცემები ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი სხვა უბანზე იყო დარეგისტრირებული და ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა; 
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთა და ამის შემდეგ გადაამოწმა იგი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამომრჩეველი რეგისტრირებული იყო სხვა უბანზე, რის გამოც შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება.

ბიულეტენების დასტებთან დაკავშირებული ხარვეზი (2) 

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #41 უბანს გადაცემული ჰქონდა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის უბნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. აღნიშნული ბიულეტენებიდან 36 ცალი გამოიყენა კომისიამ; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრებს ჰქონდა ხარვეზი. კერძოდ, ერთში იყო 1 ბიულეტენით ნაკლები, ხოლო მეორეში -2 ბიულეტენით მეტი. 

საარჩევნო უბანზე არსებული ქაოსი (2) 

  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე არის ქაოსი, ნაკადის მარეგულირებლის კომისიის წევრი მიერ არ რეგულირდება ამომრჩეველთა ნაკადი, რაც იწვევს ქაოსს. დამკვირვებლის მიერ მიცემული შენიშვნის მიუხედავად არ გამოსწორდა აღნიშნული დარღვევა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #59 საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შენობაში იყო ხალხმრავლობა და გაურკვევლობა. ვერ მოწმდებოდა კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების სტატუსი, საფრთხე ექმნებოდა კენჭისყრის ფარულობას და კენჭისყრის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ადამიანთა შეკრება. პოლიციის გამოძახების შემდგომ, ვითარება დასტაბილურდა.

 

უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები

სააგიტაციო მასალების განთავსება საარჩევნო უბნიდან 25 მეტრამდე მანძილზე (4) 

  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #103 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის განთავსება ,,ქართული ოცნების" კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, სასარგებლოდ;
  • #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანთან განთავსებულია ,,ქართული ოცნების" კანდიდატის საარჩევნო პლაკატი;
  • #6 Სამგორის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან განთავსებულია “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატები;
  • #22 Მარნეულის სარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანთან განთავსებულია “ქართული ოცნების” კანდიდატების საარჩევნო პლაკატები.

კოორდინატორების მობილიზება (3) 

  • #20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან პარტია “საქართველოსთვის” კოორდინატორები; 
  • #9 Ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება არააკრედიტირებულ პირთა ჯგუფი (სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის კოორდინატორები), რომელთაგან ერთ-ერთი ურეკავს ამომჩევლებს და ცდილობს მათ უბანზე მობილიზებას; 
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან იმყოფება პირი, რომელიც ადგილზე მისულ ამომრჩეველს ხვდება, ცდილობს მათთან კომუნიკაციას და მოუწოდებს, იაქტიურონ არჩევნებზე. აგრეთვე, აღნიშნული პირი ტელეფონით ეკონტაქტება სხვა პირებს და აწვდის ინფორმაციას უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

სავარაუდო მოსყიდვა (4)

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. დამკვირვებლის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, გადაეცა ტალონი;
  • #81 ქობულეთის #64 საარჩევნო უბანთან იმყოფება ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩევლებს, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემს;
  • #2 ვაკის #75 უბანთან (100 მეტრის მოშორებით) მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს გადასცემენ თანხას.

ამომრჩეველთა აღრიცხვა სახელებითა და გვარებით (6)

  • #83 Ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შესასვლელთან იმყოფება ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტთა ლიგის” დამკვირვებელი და ამოწმებს მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ან ეკითხება სახელსა და გვარს;
  • #20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება 7 პირის პირის შეკრება, რომლებიც აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებს;
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანთან, შენობის შესასვლელში, დგას ხუთი პიროვნება, რომლებიც რეკავენ სხვადასხვა ნომრებზე და ამოწმებენ მათი მოსვლის საკითხს; 
  • #67 Ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #86 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან ორგანიზაციების ,,მწვანე დედამიწისა" და ,,საზოგადოებრივი გაერთიანების" წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს;
  • #20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები და სიაში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს;
  • #52 Ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან შეინიშნება ორი ადამიანი სიებით, რომლებიც, სავარაუდოდ, აწარმოებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. 

პირთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე მანძილზე (6)

  • #52 Ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტომობილით;
  • #52 Ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 უბანთან იმყოფება ორი პირი, რომლებიც სიაში, სავარაუდოდ, აწარმოებენ ამომრჩეველთა აღწერას;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #75 სარჩევნო უბანთან მობილიზებულია ავტომობილი. Მასში მყოფი პირები ესაუბრებიან უბანზე მისულ ამომრჩევლებს. აგრეთვე, მიმდებარე ეზოში მობილიზებულია ადამიანთა ჯგუფი;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან მობილიზებულია ჯგუფი; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 უბანთან დილის 10 საათიდან შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება;
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან შეკრებლია დაახლოებით 4-5 პირი, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან.

ამომრჩევლის კონტროლი 100 მეტრიდან მოშორებით (2) 

  • #58 Წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #43, #39 ასპინძის ოლქის #15 და #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან, დილიდან, 100 მეტრის მოშორებით, მობილიზებულია ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფი პირი აკვირდება უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; 
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანთან, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, დგას ავტომობილი, რომელშიც იმყოფებიან კოორდინატორები და სავარაუდოდ, ახდენენ მოქალაქეთა აღრიცხვას და მობილიზებას.

ამომრჩეველთა კონტროლი 100 მეტრის რადიუსში (1)

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში დილიდან დგას ავტომობილი, საიდანაც უცხო პირები აკვირდებიან ამომრჩევლების მოსვლის პროცესს.

ამომრჩევლის მობილიზება (1)

  • # 52 Ბაღდათის #2 საარჩევნო უბანთან ერთი და იმავე მანქანით ორჯერ მოიყვანეს ამომრჩევლები.

დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვა (1)

  • #3 Საბურთალოს საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანთან, დილის 8 საათიდან მობილიზებულია პოლიცია. პოლიცია სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს სთხოვდა, რომ დატოვოს გარე დაკვირვების ტერიტორია და გადაინაცვლოს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მოშორებით. Პრობლემა „სამართლიანი არჩევნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.

არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა კენჭისყრის ოთახში (1) 

  • # 84 Ხულოს საარჩევნო ოლქის #11 უბანთან არააკრედიტირებული პირი ცდილობდა უბანზე შესვლას, თუმცა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, კვლავ დარჩა უბნის სიახლოვეს და ცდილობს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას.

 

საჩივრები, განცხადებები 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 45 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 41 საჩივარი. 1 საჩივარი წარედგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 32 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. 

 

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება. 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი). 

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ ორგანიზაციის ფეისბუქისა და თვითერის ანგარიშებს.

„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემისას გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდსამართლიან არჩევნებსდა, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდსამართლიან არჩევნებსდა, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.