2022 შუალედური

საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში

2022 წლის 2 აპრილს საქართველოში პარლამენტისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. შესაბამისი საარჩევნო ოლქების ამომრჩევლები მაჟორიტარებს აირჩევენ. რუსთავი-გარდაბნის #12 საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩეს, რომლის ადგილი 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ვაკანტური გახდა, ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში რუსთავის მერად არჩევის შემდეგ. ბათუმის საკრებულოში უნდა შეივსოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი დანაკლისი.  შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, მთელი პერიოდის განმავლობაში - 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით აკვირდებოდა.  

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკანასკნელ დრომდე სრული სახით, ფაქტობრივად არ წარმოებულა, განსაკუთრებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. მმართველი პარტია შედარებით აქტიური იყო, ძირითადად, ბოლო პერიოდში.  

 

მთელს წინასაარჩევნო გარემოზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრამ და ბარბაროსული ომის წარმოებამ, რის გამოც პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ყურადღება სწორედ ომზე იყო მიმართული.