2024 საპარლამენტო

10:00 საათი - უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

1. ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.  

„სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია შედგება 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).  

არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ხდება საარჩევნო უბნების გარე დაკვირვებაც.  

 

2. ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების თითქმის 75% 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად იყო. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნების მომზადების პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებიდან  გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.  

  

3. საარჩევნო უბნის მოწყობა და გახსნა: სტატისტიკა ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით  

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ დონეზე ხმების პარალელური დათვლის პრიორიტეტულ შერჩევაში მოხვედრილი უბნების 98%-დან მიიღო. შედეგების თანახმად: 

  • საარჩევნო უბნების უმეტესობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს; 
  • საარჩევნო უბნების 63%-ში 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა, ხოლო 9-დან 14-მდე კომისიის წევრი უბნების 37%-ში გამოცხადდა; 
  • საარჩევნო უბნების 97%-ში კენჭისყრის შენობის ფართი და შიდა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა; 
  • 08:00 საათზე საარჩევნო უბნების 75% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად; 08:00-08:20 საათის შუალედში კი თითქმის ყველა დანარჩენი საარჩევნო უბანი იყო მზად;  
  • თითქმის ყველა საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა; 
  • უმეტეს საარჩევნო უბანში თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა უბანში ყოფნის უფლების მქონე პირებს (დამკვირვებელს/წარმომადგენელს) არ შეზღუდვია.  

 

მხოლოდ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება:  

თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ასევე, ხმის დათვლის აპარატების ერთმანეთთან სინქრონიზაცია შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით მოხდა; 

თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების ნულოვანი ამონაწერებით დადასტურდა, რომ მათი მეშვეობით არავის გაუვლია ვერიფიკაცია/რეგისტრაცია ან მიუცია ხმა; 

თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ვერიფიკაციის აპარატიდან ამომრჩეველთა სია, ინსტრუქციის შესაბამისად, ამოიბეჭდა და გამოიკრა საჯარო გაცნობისთვის;  

საარჩევნო უბნების 91%-ში, ვერიფიკაციის ან ხმის მიცემის აპარატებს რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზი 08:00 საათისთვის არ ჰქონია. 

   

4. დაფიქსირებული დარღვევები / ინცინდენტები 

10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები/ინცინდენტები: 

  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა  

#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #41, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბნებში  „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები  არ შეუშვეს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნის გახსნის შემდეგ.  

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #9 და #12  საარჩევნო უბნებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები გააძევეს საარჩევნო უბნებიდან. 

 

  • მარკირების წესების დარღვევა 

#36  ბორჯომის  საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანში ორმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა.  

 

  • საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირების ყოფნა  

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #5 სარჩევნო უბანში,  #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #50 სარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. 

#51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანში უბნის გახსნამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიყვანა ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 

 

  •  ფიზიკურად ძალადობის შემთხვევები 

#67 საარჩევნო ოლქის #9 სარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა.  

 

  • საარჩევნო უბნების მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები   

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #18 სარჩევნო უბანში და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში   რეგისტრატორის მაგიდები იმდენად ახლოს იყო კედელთან, რომ უბანში მყოფ აკრედიტირებულ დამკვირვებლებს სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.  

 

  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა 

#57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;  

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის  წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ; 

#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. 

 

  • ამომრჩეველთა აღრიცხვა საარჩევნო უბნის მიმდებარედ 

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანთან შეინიშნება მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ისინი განთავსებულნი არიან საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრში და ადგილზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებიან. 

 

  • ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა #81 ქობულეთის ოლქის #33-ე და #15 უბნებზე, #79 ბათუმის ოლქის #10 უბანზე.

 

5. საჩივრები, განცხადებები 

10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 2 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.  

 

6. დარღვევებისა და ინციდენტების ვებ-პორტალი 

არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, ვებ-პორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident

სამართლიანი არჩევნების”  შემდეგი ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. 

 

 

 

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ევროკავშირის, ამერიკელი ხალხის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის”. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” შეხედულებებს.