2024 საპარლამენტო

„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ („სამართლიანი არჩევნები“) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული მახასიათებლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესწავლის შედეგად საყურადღებო ტენდენცია შენიშნა, რაც საარჩევნო ოლქების ნაწილში რეგისტრირებული კაცი და ქალი ამომრჩევლებიდან არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა წილებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებაში გამოიხატა.  

უფრო დეტალური ანალიზისთვის, დამატებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოითხოვა ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გენდერული შემადგენლობის შესახებ, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით. მოწოდებული მონაცემების პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს  შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლების აქტივობა 80-დან 100 პროცენტამდეა, ქალი ამომრჩევლების საშუალო აქტივობა 57%-მდეა. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოცემულ საარჩევნო უბნებზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ  გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება. ამგვარი არალოგიკური მონაცემები, მათი ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

 

ქალებისა და კაცების აქტივობის განაწილება ერთიანი სიიდან

 

„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ:  

  • 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი - ქალი ამომრჩევლების; 
  • მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას; 
  • 23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო. 

 

საარჩევნო უბნები ლოგიკური შეზღუდვებიდან აცდენებით

ამასთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა არაერთი აუხსნელი შეუსაბამობა ცესკოს მიერ მოწოდებულ მონაცემებშიც. კერძოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იყო 961 751 ქალი და 1 098 661 კაცი, სულ 2 060 412, ამომრჩეველი. საარჩევნო უბნების მიხედვით გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ოლქების უმეტეს ნაწილში არჩევნებში მონაწილე ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, კაცი ამომრჩევლების რაოდენობის უკუპროპორციულად, გაზრდილია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით. ამ მონაცემების შესაბამისად, გამოცხადებული ქალი ამომრჩევლების რაოდენობა 1 053 662 -ს, ხოლო კაცების 1 009 686-ს უტოლდება (სულ 2 063 348 ამომრჩეველი). საერთო ჯამში, ფიქსირდება არჩევნებზე მოსული ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით და კაცი ამომრჩევლების რიცხვის კლება 88 975-ით. ზოგიერთ შემთხვევაში, კერძოდ 10 საარჩევნო ოლქში, შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მათ შორის მაქსიმალური აცდენა გამოვლინდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, თუმცა ბოლოს მიღებული მონაცემებით ფიქსირდება 43 858 ამომრჩევლის გამოცხადება. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე აღარ იძებნება, იმავე ბმულზე კი ატვირთულია აქტივობის განახლებული მაჩვენებლები. რომელიც ოლქების მიხედვით ემთხვევა მოწოდებულ მონაცემებს, თუმცა 15 ოლქში კიდევ არის შეცვლილი მოსული ამომრჩევლების გენდერული შემადგენლობა. ეს ყოველივე აჩენს კითხვებს საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია ამომრჩეველთა სპეციალური სიების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია განახლებულ და საბოლოო შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

 

ერთიანი სიიდან ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობი დონეები ოლქების მიხედვით 

 

 

დამატებით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მონაცემი არ შეესაბამება ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ასახულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.  

მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ სხვაობებს 15 საარჩევნო უბანში.

 

დანართი:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან 4 ნოემბერს მიღებული მონაცემები საარჩევნო უბნების მიხედვით