2024 საპარლამენტო

ხშირად დასმული კითხვები: საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის

1. როდის იმართება მომდევნო არჩევნები?

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2024 წლის 26 ოქტომბერს. არჩევნები ერთდღიანია და ხმის მიცემა შესაძლებელია 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

 

2. რა ასაკიდან შემიძლია, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში?

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

3. შემიძლია თუ არა არჩევნებში ხმის მიცემა, თუ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეც ვარ?

თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.

 

4. სად შეიძლება მივცე ხმა საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც გაიხსნება საარჩევნო უბნები.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

5. როგორ მივიღო საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა?

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

ა) იმყოფებოდეთ/დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე; ან 

ბ) 7 ოქტომბრის ჩათვლით ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით გაიაროთ საარჩევნო რეგისტრაცია საარჩევნო უბანში, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი) იხსნება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. 

გაითვალისწინეთ, საარჩევნო უბანში რეგისტრაციის გავლა არ იწვევს პირის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.

 

6. როგორ გადავამოწმო ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე?

საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს ან მიმართეთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

7. როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია: 

  • ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge საშუალებით,
  • საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით ან
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ინსტრუქცია

 

8. შესაძლებელია თუ არა ჩემი საკონსულო აღრიცხვის მისამართის ნაცვლად სხვა საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივცე ხმა?

ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც იმყოფებით საკონსულო აღრიცხვაზე და სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი.

 

9. ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, თუ საკონსულო სამსახურს რაიმე სახის მომსახურეობაზე უკვე მივმართე?

გაითვალისწინეთ, რომ სხვა საკონსულო მომსახურების მიღებისას არ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე თქვენი ავტომატურად დაყენება და ამისათვის საჭიროა ცალკე პროცედურების გავლა.

 

10. რა დოკუმენტაცია დამჭირდება ხმის მისაცემად?

არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ: 

  • საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტით, ან
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. 

ხმის მიცემა აკრძალულია ნებისმიერი სხვა დოკუმენტით, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის ქსეროასლებით.

 

11. როგორ შეიძლება ავიღო/აღვადგინო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

საქართველოს მოქალაქის პასპორტის და/ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ან აღდგენის მიზნით უნდა მიმართოთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღება, ასევე, შესაძლებელია დისტანციურად.

ბიომეტრიული პასპორტის დისტანციურად მიღების წესი

 

12. შემიძლია თუ არა დისტანციურად მივცე ხმა?

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.

 

13. შესაძლებელია თუ არა სხვის მაგივრად მივცე ხმა?

საარჩევნო კანონმდებლობით, დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად (მათ შორის მინდობილობით) ხმის მიცემა.

 

14. შემიძლია თუ არა მივიღო მონაწილეობა არჩევნებში თუ საზღვარგარეთ ვიმყოფები უკანონოდ (არალეგალურად)?

აზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე  ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად).

გახსოვდეთ, არჩევნებში თქვენი მონაწილეობა არ უკავშირდება თქვენთვის რაიმე სახის არასასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომის რისკს.

 

15. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ვის დავუკავშირდე?

საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო სამსახურებს.

 

16. სად შეიძლება გავეცნო ინფორმაციას არჩევნების შესახებ?

არჩევნებთან დაკავშირებით განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით.