ანგარიშები

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის პირველი ანგარიში

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად ყოფილი ოპოზიციური ძალა საპარლამენტო უმრავლესობაში მოვიდა. პრემიერ მინისტრი და მთავრობა ახალი მმართველი ძალის მიერ დაკომპლექტდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე განხორციელებული ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობას არ უნდა შეხებოდა, არჩევნების დასრულებისთანავე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით

ხელმძღვანელ პირთა (გამგებლების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების) ცვლილებების პროცესი დაიწყო. ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მასიურად ჩაანაცვლეს. ცალკეულ შემთხვევებში ახალმა ხელმძღვანელებმა თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს თვითმმართველობების აპარატის თანამშრომლებს და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს - რწმუნებულებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური მოტივით („ქართული ოცნების“ მიმართ არსებული სიმპათიის გამო) სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი არჩევნების შემდგომ ქ.თბილისის მერიაშიც დააფიქსირა. ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა, უმეტესად კი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირთა გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ. საპროტესტი აქციები ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე საკრებულოების გადაწყვეტილებებს - გამგებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაენიშნათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. საპროტესტო აქციების მონაწილეები როგორც წესი, ითხოვდნენ მოქმედი, თუ ახლადდანიშნული გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ჩანაცვლებას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტებითა და მხარდამჭერებით. აქციებმა გარკვეულ შემთხვევებში უკიდურესი ფორმა - შიმშილობის სახე მიიღო. სამწუხაროდ, აქციები არაერთ შემთხვევაში უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ძალადობაში, გამგეობის შენობების შესასვლელების ბლოკირებაში, შენობაში შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა. ხელისუფების რეაგირება აღნიშნულ ქმედბებზე არ იყო ყიელთვის დროული და ეფექტური. არჩევნების დღის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს „სამართლიანი არჩევნები“ ყველა მუნიციპალიტეტში აკვირდებოდა. თვითმმართველობების მიმართ განხორციელებული უკანონო ზეწოლის ფაქტები ორგანიზაციამ არაერთგზის დაგმო1 და ხელისუფლებას მოუწოდა აღნიშნული ფაქტების გამოძიება და დამრღვევ პირთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გატარება.