ანგარიშები

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

წინასაარჩევნოდ კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა საკანონმდებლო რეკომენდაციები და მონაწილეობა მიეღო განხილვებში. 

ჯგუფის მუშაობის შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საარჩევნო კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში. პოზიტიურად ვაფასებთ ისეთი ცვლილებების განხორცილებას, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას, იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის მიცემას, პარტიებისთვის დაწესებული არაგონივრული და არაპროპორციული სანქციების შემცირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის, ყადაღის დადების წარმოებისა და გასაჩივრების ვადების გამიჯვნას. თუმცა, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის შედეგად ცვლილებები არ შეხებია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო სისტემის ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა სიების ფორმირება, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება და სხვა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა.

,,სამართლიანი არჩევნების’’ შეფასებით,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო ღია და ხელს უწყობდა ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლური გარემოს ჩამოყალიბებას. ცესკო აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამომრჩევლების ინფორმირების პროცესში.

მიუხედავად ამისა, ცესკოს საქმიანობაში რამდენიმე გადაწყვეტილება ,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული. აღნიშული ეხებოდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი თქმის შესახებ საკითხს, რაც კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. ასევე, ცესკოს დადგენილებას, რომელიც კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს ადგენს.



Presidential Elections Final Report | ISFED