ანგარიშები

2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის III შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. 9 სექტემბერს ორგანიზაციამ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში კოდექსით დადგენილი განსაკუთრებული საარჩევნო რეჟიმი ამოქმედდა, მათ შორის, საბიუჯეტო ცვლილებების და დაუგეგმავი სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდის აკრძალვა, სპეციალური მედია რეგულაციების ამოქმედება, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება საოლქო კომისიების მიერ და სხვა. ამავე პერიოდში დასრულდა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. პროპორციული სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 6 საარჩევნო ბლოკი და 24 პარტია . 

შესამჩნევად გააქტიურდა წინასაარჩევნო კამპანია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ სამ ფაქტთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. კამპანიისთვის ხელის შეშლასთან ერთად გამოვლინდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც, რაც საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები, რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ ქონია. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7,  სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი.




Isfed III შუალედური ანგარიში - 9 სექტემბერი