2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის VI შუალედური ანგარიში
ფოტო: ipn.ge
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს პერიოდს 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი; „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის და ხელის შეშლის 12 შემთხვევა; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 2; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 8 და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 3 ფაქტი; საქველმოქმედო პროექტის დაანონსების 1 შემთხვევა; ამასთან, ანგარიშში ასახულია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები.