2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში
ანგარიში წარმოადგენს 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (შემდგში - „სამართლიანი არჩევნები“) სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, მეორე ტურისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.
საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი არჩევნებამდე ხუთი თვის განმავლობაში, 1 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, „სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალური ოფისისა და 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ექვსი შუალედური ანგარიში გამოსცა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგი ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. ორგანიზაცია უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს სრულად დააკვირდა, ხოლო, საარჩევნო პროცესის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისთვის ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდი2 გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია 980 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა, მათ შორის, ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 4 საარჩევნო უბანზე3. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.