ანგარიშები

2022 წლის 20 ივნისის საჯარო სკოლების სამეურვეო არჩევნების მონიტორინგის ანგარიში

ბოლო წლებში, საგანმანათლებლო სისტემა და განსაკუთრებით საჯარო სკოლები, მათი მაღალი საარჩევნო პოტენციალის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის მიერ არჩევნების მანიპულაციისთვის გამოიყენება. აღნიშნულს მოწმობს 2018 წელს ზუგდიდს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, ასევე უკანასკნელი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო სკოლების პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის არაერთი ფაქტი. ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევის გარდა, 2020 წელს დაიწყო ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად არასასურველი სკოლის დირექტორების შერჩევითად განდევნა, რაც მოგვიანებით დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გასაჯაროვებულმა დოკუმენტებმა.

 

2022 წელს არჩეულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს მაღალი ალბათობით დაეკისრებათ საჯარო სკოლების დირექტორთა არჩევა მომდევნო ექვსი წლით. რამდენადაც საჯარო სკოლებში დირექტორთა უმრავლესობის უფლებამოსილების ვადა ამოწურულია და სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები განაგებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თარიღის მითითების გარეშე, გაცხადებული აქვს სკოლის დირექტორების მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება, რაც სკოლის დირექტორების შერჩევის წინაპირობაა, თუმცა დირექტორის არჩევის საბოლოო გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს პრეროგატივაა.

 

ამ რეალობის გათვალისწინებით, საჯარო სკოლებში თვითმმართველი ორგანოს - სამეურვეო საბჭოების არჩევნების პროცესის მონიტორინგი მნიშვნელოვანი მოვლენაა. სწორედ ამ ორგანოზეა დამოკიდებული სკოლის დირექტორთა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე პროცესით, პროფესიონალიზმისა და კეთილსიდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე არჩევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამეურვეო საბჭოს არჩევნებს 57 სკოლაში დააკვირდა. დაკვირვება მოიცავდა საარჩევნო უბნის გახსნიდან შემაჯამებელი ოქმის გამოცემის ჩათვლით მიმდინარე პროცესების დაკვირვებას და მათ შესაბამისობას სამეურვეო საბჭოების არჩევნებისთვის დადგენილ საკანონმდებლო ჩარჩოსთან. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ინფორმაცია ასევე მიიღეს შესაბამის სკოლებში საარჩევნო პროცესის მოსამზადებელი სტადიის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

 

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2022 წლის 20 ივნისს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებები და ფაქტები ეყრდნობა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციას იმ საჯარო სკოლების შესახებ, რომლებშიც განხორციელდა დაკვირვება.

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ