ანგარიშები

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ საქმიანობა საქართველოს რეგიონებში

შესავალი  

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 20 ნოემბერს გამართული ყრილობის შედეგად დაფუძნდა. პარტია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმავე წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. 2022 წლის 11 აპრილს პარტიის სახელწოდებაში ცვლილება შევიდა და მას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ დაერქვა. პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებლები ულტრაკონსერვატიული, პრორუსული ჯგუფის - „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჯერ სოციალურ მედიაში აქტიურობდნენ, ხოლო შემდეგ მათ ტელევიზიაც შექმნეს. 2021 წლის 5 ივლისს ამავე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი, ჰომოფობიური აქცია, სადაც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. 

„ალტ-ინფოს“ მჭიდრო კავშირი გააჩნია რუსული ულტრანაციონალისტური ნეოევრაზიონიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელ, კრემლთან დაახლოებულ ალექსანდრ დუგინთან. იგი არაერთხელ ყოფილა აღნიშნული ტელევიზიის სტუმარი. აღსანიშნავია, რომ დუგინი სოციალური ქსელით პოზიტიურად ეხმაურებოდა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელთა მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასაც. 

„კონსერვატიული მოძრაობა“, წესდების მიხედვით, მიზნად დამოუკიდებელი, სოციალური, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ქრისტიანულ - დემოკრატიული და კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს. პარტიის მიერ წესდებით დეკლარირებულ მიზნებს შორისაა, ასევე, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრა ქართულ კანონმდებლობაში; მედიისა და განათლების სფეროში „გარე ჩარევის აკრძალვა“ და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სტრუქტურების საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე კონტროლი. ამასთან, საგულისხმოა, რომ პარტიის წარმომადგენელთა ხედვები უფრო რადიკალურია, ვიდრე წესდებით დეკლარირებული მიზნები. 

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ შექმნიდან მალევე რეგიონული ქსელის ფორმირება დაიწყო. პარტიამ მოკლე ხანში მოახერხა რაიონული ოფისების გახსნაც. ქართული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ახერხებენ არასაარჩევნო პერიოდში რეგიონებში ოფისების ფართო ქსელით ოპერირებას, „კონსერვატიული მოძრაობის“ სწრაფად გააქტიურებამ ფინანსური შემოსავლების შესახებაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, პოლიტიკური გაერთიანების რეგიონული დანახარჯები, ოფისების იჯარასთან ერთად, ინვენტარისა და აღჭურვილობისთვის გაწეულ ხარჯებსა და ანაზღაურების გაცემასაც მოიცავდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, პარტიამ ხარჯებისა და შემოწირულებების ნაწილი დამალა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ დაადეკლარირა. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 17 მაისს აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. 3 ივნისს კი სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება 217 482 ლარით დააჯარიმა. 

Საგულისხმოა, რომ პ/გ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 2022 წლის 2 ივლისს აქცია გაიმართა, რომელიც მიზნად „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ფესტივალის ძალადობრივად ჩაშლას ისახავდა. პარტიის წარმომადგენლები აქციის ორგანიზებისთვის მხარდამჭერებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდნენ. კერძოდ, 22 და 23 ივნისს პარტიის ფეისბუქგვერდებზე გავრცელდა მოწოდება რეგიონებიდან ხალხის ტრანსპორტირების მიზნით თანხის შესაგროვებლად. მოწოდებას თან ახლდა საბანკო  ანგარიშების რეკვიზიტები, რომელთა მიმღებად დაფიქსირებულია ზურაბ კობახიძე. საგულისხმოა, რომ ზურაბ კობახიძე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველია. 

 

 

     1. „კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელები 

1.1. პოლიტიკური გამოცდილება 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი პარტიულ პოლიტიკაში გამოცდილებით არ გამოირჩევა. თუმცა,  მათი ნაწილი წარსულში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ირიცხებოდა ან დამოუკიდებლად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. მათ შორის: 

  • „კონსერვატიული მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია გოთუა, 1990-იან წლებში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი იყო.  
  • ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი, არარატ ქამალიანი, 2012 წლამდე ახალქალაქის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. იგი, ასევე, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრია. 2014 წლიდან კი ქამალიანი საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკურ პარტიაში ბოლო დრომდე არ გამოჩენილა.  
  • თიანეთის მუნიციპალიტეტში პარტიის ოფისის თანახელმძღვანელი, ადომელ არაბული, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიული სიით  მონაწილეობდა.  
  • „უკანასკნელ მუნიციპალურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭს იყრიდა თეთრიწყაროს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, თამაზ ბექაურიც. ის მანამდე დასუფთავების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა და პარტია „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს.  
  • მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობდა ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძეც. იგი ადგილობრივ მე-14 მაჟორიტარულ ოლქში, საინიციატივო ჯგუფის სახელით, იყრიდა კენჭს, თუმცა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერის, მარიკა ჩხიკვიშვილის, სასარგებლოდ მოხსნა. 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი წარსულში სხვა არაერთ პარტიასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის: 

  • ამბროლაურის ოფისის ხელმძღვანელი, გოჩა ხუციძე, „კონსერვატიულ მოძრაობამდე“ სხვადასხვა დროს „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირს", „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.  უკანასკნელად იგი 2014 წელს, მმართველი პარტიის ნომინირებით, თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურის საკრებულოში ერთ-ერთი ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული.  
  • ხარაგაულის ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი (გოგი) ლაცაბიძე კი წარსულში მუნიციპალიტეტში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისებს ხელმძღვანელობდა. 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერთა ნაწილი პარტიაში სხვა ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული/პრორუსული პარტიებიდან გადმოვიდა. მათ შორის, ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვახტანგ ბარბაქაძე, წარსულში „ქართული მარშის“ წევრი იყო. წნორის ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი ხატიაშვილი, კი მანამდე „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა. 

 

1.2. ბიზნესსაქმიანობა 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერთა ნაწილი ბიზნესსაქმიანობითაც არის დაკავებული. მათ შორის:  

  • რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, მერაბ გიგანს, შპს „გიგანი-707“ აქვს დაფუძნებული. გიგანი ფლობს წილს შპს „ტექნომეტალშიც“. ყოფილ შპს „ვიქტორია +“-ში, სადაც გიგანს 25%-იანი წილი ჰქონდა, იგი ბიზნესპარტნიორობას უწევდა ალექსანდრე ქარდავას, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის, გიორგი ქარდავას, ძმაა. შპს „ვიქტორია+“-ს ერთი ტენდერიც აქვს მოგებული 2014 წელს.  
  • ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, გოგი ქადიძე, შპს „მეტამორფოზას“ დირექტორია, რომელიც იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ ბათუმის ოფისია განთავსებული. ქადიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმეცაა. იგი ქსელური მარკეტინგითაა დაკავებული. 
  • ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელმა, გია გოთუამ, ბიზნესსაქმიანობა რუსეთში დაიწყო. საქართველოში მან საკუთარი შპს - „ივერია 7“ დააფუძნა,  რომლის განვითარებითაც ამ დრომდეა დაკავებული და არაერთ ტენდერშიც მონაწილეობს.  
  • ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი, არარატ ქამალიანი, რამდენიმე უძრავ ქონებასთან ერთად, მცირე ბიზნესსაც (სასურსათო მაღაზია) ფლობს. 

 

1.3. საჯარო აქტივობები 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერთა ნაწილი უცნობია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ისინი წარსულში არ გამოირჩეოდნენ საჯარო აქტივობებით. თუმცა, მათი ნაწილი აქტიურად გამოხატავდა კონსერვატიულ, ჰომოფობიურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებს სოციალური მედიის მეშვეობით. ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელთა ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაშიც. მათ შორისაა რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი მერაბ გიგანი, რომელიც ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებდა. აღნიშნულ აქციაში აქტიურად იყო ჩართული წალკის ოფისის ხელმძღვანელი, გირშელ ბუცხრიკიძეც.  

 

  2. „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობა და გაწეული ხარჯები რეგიონებში 

2.1. ოფისების გახსნა მუნიციპალიტეტებში 

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რეგიონებში ოფისების აქტიურად გახსნა 2022 წლის იანვარში დაიწყო. პარტიამ რაიონული ოფისები გახსნა როგორც მუნიციპალურ ცენტრებში, ისე მუნიციპალიტეტების სხვა დასახლებებში. მათ შორის, ოფისები გაიხსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშშიც. აჭარის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ხულოსა და შუახევში, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ოფისები ფართის მესაკუთრეთა ინიციატივით დაიხურა. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით პარტიის 64 ოფისი არის გახსნილი. 

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის შედეგად მალევე დაიხურა. დაბა ხულოში ფართის მეპატრონემ, დათო სოლომონიძემ, კუთვნილი ფართის  აღნიშნული პარტიისთვის მიქირავებაზე უარი თქვა. მან ,,სამართლიან არჩევნებთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არ იცოდა „კონსერვატიული მოძრაობა“ რა პრინციპითა და მიმართულებით მუშაობდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შედეგად ამიტომ დათანხმდა თანამშრომლობას, სამომავლოდ ხელშეკრულებით გაგრძელების პერსპექტივით. შუახევის მუნიციპალიტეტში კი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მხოლოდ 2 დღით გაიხსნა, ბანერები განთავსდა, თუმცა ფუნქციონირება საზოგადოებრივი პროტესტისა და მეპატრონის გადაწყვეტილებით ვეღარ გააგრძელა. ფართის მფლობელმა, დავით დავითაძემ, „სამართლიან არჩევნებთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ზვიად ძიძიგურის პარტია ეგონა და როგორც კი გაიგო, რომ სხვები იყვნენ, შეწყვიტა ურთიერთობა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ არ მოსწონდა მათი შეხედულებები ისლამთან დაკავშირებითაც.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „კონსერვატიულმა მოძრაობის“ ოფისის მეიჯარემ პარტიასთან საიჯარო ხელშეკრულება ვადამდე გააუქმა. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მან პარტიას ოფისის გამოთავისუფლებისთვის ორთვიანი ვადა მისცა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ზუგდიდში პარტიის წარმომადგენლობა აგრძელებს დაქირავებულ ოფისში მუშაობას. 

 

2.2. ადგილობრივი მოსახლეობის საპასუხო ქმედებები 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნის მზარდი ტემპის პარალელურად, მოსახლეობაში საპროტესტო განწყობები გაღვივდა იმ მუნიციპალიტეტების ნაწილშიც, სადაც პარტიის ოფისი დღემდე ფუნქციონირებს. ადგილობრივები მკაფიოდ უსვამდნენ ხაზს თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას, მათი ხედვით, ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო პოლიტიკური ძალის მიმართ. აჭარის რეგიონში პროტესტის მიზეზად დასახელდა პარტიის წარმომადგენელთა ისლამოფობიური განწყობებიც. 

ბათუმის ოფისის გახსნიდან რამდენიმე დღეში, 28 თებერვალს, ოფისის შენობასა და მასზე გაკრულ ბანერებზე ანტიპუტინისტური ნახატები და წარწერები გაჩნდა („პუტინი მტერია“, „რუსეთი ოკუპანტია“ და სხვ.). მწვავე რეაქციები იყო „კონსერვატიული მოძრაობის“ ფოთისა და ჩოხატაურის წარმომადგენლობებშიც. მოსახლეობამ პარტიის ბანერებზე უკრაინის მხარდამჭერი მოწოდებები განათავსა.  

მწვავე დაპირისპირება იყო ზუგდიდშიც. 18 მარტს უცნობმა პირებმა უკრაინის დროშის ფერებში მოხატეს „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის კედლები, ადგილზე გადაღების მიზნით მისულ „მთავარი არხის“ ოპერატორს და ჟურნალისტს კი ფიზიკურად 15-მდე ადამიანი გაუსწორდა, მათ შორის იყო ოფისის ხელმძღვანელი გია გულუაც.  

ოფისის გახსნას მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხმაურიანი აქციით შეხვდა ქობულეთშიც, რაც მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მშვიდობიანი აქციების საშუალებით გააპროტესტეს ოფისების გახსნა გურჯაანსა და ოზურგეთშიც.   

 

2.3. საიჯარო ხელშეკრუკლების პირობები 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთ-ერთი ფიზიკური პირისგან, რომელთანაც „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვა. ხელშეკრულება, რომელიც 11 თვის ვადით გაფორმდა (მხარეებს მიენიჭათ საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება, თუკი მეორე მხარეს ორი თვით ადრე გააფრთხილებდნენ), მეტად ხელსაყრელ პირობებში მეიჯარეს აყენებს. ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარეს („კონსერვატიული მოძრაობა“) მიენიჭა უფლებამოსილება, მეიჯარისგან წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში, ფართში ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები და განეთავსებინა ობიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინვენტარიც. ამასთან, მოიჯარე აცხადებდა და იძლეოდა გარანტიას, რომ არ ექნებოდა პრეტენზია მის მიერ რემონტზე დახარჯულ თანხაზე. ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა არ გამოიქვითებოდა საიჯარო ქირიდან და ვერც მომავალში გახდებოდა მოიჯარის პრეტენზიის საფუძველი. აგრეთვე, ფართზე მყარად მიმაგრებული ნივთები, რომლებიც გამოცვლილი ან განახლებული იქნებოდა მოიჯარის მიერ, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა დარჩენილიყო მეიჯარის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. 

 

2.4. ოფისებზე დანახარჯები 

„კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ადგილობრივ ოფისებზე გაწეული საიჯარო დანახარჯის სიდიდე განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით და დამოკიდებულია როგორც დასახლების ტიპზე, ისე ოფისის მდებარეობაზე, ფართის სიდიდესა და მდგომარეობაზე. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის მოცულობა მაქსიმალურ მაჩვენებელს მსხვილ ქალაქებში აღწევს. მათ შორის, ქალაქ რუსთავში პარტიის მიერ დაქირავებული ოფისის საიჯარო თანხა 1500 ლარს შეადგენს. შედარებით დაბალია პარტიის მიერ დაბებსა და მცირე ქალაქებში დაქირავებული ოფისების საიჯარო თანხა, რაც, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდისა და საგარეჯოს მაგალითზე, 400-500 ლარს უტოლდება. 

გარდა ოფისების იჯარაში გაწეული ხარჯებისა, „კონსერვატიულ მოძრაობას“ მათი ოპერირებისათვის სხვა ხარჯების გაწევაც უწევს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის რეგიონული ოფისების რემონტის მიზნით დაიხარჯა 2 500 ლარი, ხოლო ბრენდირების მიზნით 66 411 ლარი. აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია პოლიტიკურმა გაერთიანებამ მხოლოდ, მათი აქტივობების შესწავლის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემდეგ წარადგინა. პარტიის წარმომადგენელთა მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოცემული ხარჯები გაწეული იქნა პარტიის მხარდამჭერი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანების ზოგიერთი ოფისისთვის, მათ შორის ლაგოდეხში, საკუთარი ხარჯებით შეძენილი იქნა ავეჯი და ტექნიკური აღჭურვილობაც. 

 

2.5. შრომის ანაზღაურება 

„სამართლიანი არჩევნების“ შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ მუნიციპალიტეტებში შრომით ანაზღაურებებსაც გასცემს. ამასთან, როგორც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, პარტია ანაზღაურებას გასცემს როგორც ოფისის ხელმძღვანელზე, ისე იქ მომუშავე პერსონალზეც. მაგალითად, ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურება, მიმდინარე წლის აპრილში მოპოვებული ინფორმაციით, დაახლოებით 1500 ლარს შეადგენდა. ამასთან, ოფისში ტექნიკურ პერსონალად დასაქმებული იყო 1 თანამშრომელი, რომლის ანაზღაურებაც უცნობია. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლაგოდეხის ოფისში,  სავარაუდოდ, 5 თანამშრომელი იყო დასაქმებული: თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი და ორი ოფის-მენეჯერი. არსებული ინფორმაციით, თავმჯდომარის ანაზღაურება 1000 ლარს, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების 500 ლარს შეადგენდა. ინფორმაციის მიღების დროისათვის პარტიის ხარაგაულის ოფისში, სავარაუდოდ, 4 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურება 800-დან 1000 ლარამდე მერყეობდა. 

 

   3. „კონსერვატიული მოძრაობის“ შემოწირულებები

3.1. დეკლარირებული ფინანსური შემოწირულებები (თებერვალი-ივნისი, 2022) 

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წლის თებერვალ-ივნისში, შემოწირულებების სახით, 277 959 ლარის დაფინანსება მიიღო. აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, პირველად თანხა პარტიას მიმდინარე წლის 16 თებერვალს შესწირეს. ამ დღეს პოლიტიკურ გაერთიანებას თანხა ერთდროულად 36-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა. მომდევნო მსგავსი მასშტაბური შემოწირულებების მიღება პარტიას 16 მარტს, 15 აპრილს, 16 მაისს და 15 ივნისს უფიქსირდება, როდესაც გაერთიანებას თანხა 35-დან 44-მდე ადამიანმა გადაურიცხა. პარტიის ანგარიშზე ფართო შემოწირულებების ასახვის მსგავსი ხასიათი მიუთითებს, რომ ეს პროცესი ცენტრალურ დონეზეა ორგანიზებული. 

„კონსერვატიული მოძრაობისათავის“ შემომწირველთა მიერ თანხის გადარიცხვის თარიღი და რაოდენობა (თებერვალი-ივნისი, 2022) 

* შენიშვნა: ყველაზე ხშირად შეწირული თანხა 

 

 

3.2. პარტიის ოფიციალური შემომწირველები 

„კონსერვატიულ მოძრაობას“ მიმდინარე წლის თებერვალ-ივნისის პერიოდში თანხა 85-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა. მათგან 43 (50.6%) პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელია. მოცემულ პერიოდში პარტიის სასარგებლოდ თანხა ერთმა ფიზიკურმა პირმა შვიდჯერ, ორმა - ექვსჯერ, 20-მა - ხუთჯერ, 18-მა - ოთხჯერ, 15-მა - სამჯერ, 8-მ - ორჯერ, ხოლო 21-მა ერთხელ გაიღო. ყველაზე მეტი თანხა „კონსერვატიულ მოძრაობას“ ზურაბ კობახიძემ და გოგა თუხარელმა შესწირეს. მათ სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ბიზნესმენი ზეზვა ჩანქსელიანი მოჰყვებიან. პარტიის შემომწირველთა ნაწილი შპს-ს ფლობს ან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. ამასთან, შემომწირველთა ნაწილის ფინანსური შესაძლებლობები, „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულ წარმომადგენელთა შესწავლით, ეჭვს იწვევს. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმდინარე წლის ივნისში სხვადასხვა ფეისბუქპროფილზე „კონსერვატიული მოძრაობის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველის, ზურაბ კობახიძის, პირადი საბანკო ანგარიშის მეშვეობით, პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ აქციისთვის თანხის შეგროვების შემთხვევები გამოავლინა. გამოქვეყნებული პოსტები იდენტურია და მას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის, ვიდეომიმართვა ახლავს. 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.3. უკანონო შემოწირულებები 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ უკანონო შემოწირულებების მიღების ფაქტები გამოავლინა, რის საფუძველზეც პარტია 218 ათასი ლარით დაჯარიმდა. უკანონო შემოწირულების ჯამურმა თანხამ 72 494 ლარი შეადგინა. მათ შორისაა სხვადასხვა პირის მიერ რეგიონული ოფისების რემონტის მიზნით გაწეული ხარჯი 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო რეგიონული ოფისების ბრენდირების მიზნით - 66 411 ლარის ოდენობით, ასევე, მეიჯარის მიერ იჯარის თანხის გადახდისგან გათავისუფლების ღირებულება - 3 583 ლარი. 

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2021 წელს ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. როგორც სამსახურიდან „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის 31 იანვარს პარტიამ წარადგინა განცხადება 2021 წელს ფინანსური ბრუნვის არარსებობის შესახებ. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის დეკემბერში პარტიის წარმომადგენლები ატარებდნენ იმგვარ პოლიტიკურ აქტივობებს, რაც დაკავშირებული იყო ფინანსური ხარჯების გაწევასთან. კერძოდ, რეგიონებში ოფისების გახსნის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებში ფიგურირებდა სარეკლამო-სააგიტაციო ბანერები, პარტიის სიმბოლიკიანი ალმები და ბრენდირებული ტანსაცმელი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალების მიხედვით, წარდგენილ საფინანსო დეკლარაციაში პარტიამ ოფისების იჯარასთან დაკავშირებული ინფორმაციაც მნიშვნელოვანი დარღვევებით ასახა. სამსახურის მხრიდან მოთხოვნის შემდეგ მისთვის დამატებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაირკვა, რომ პარტიის მხარდამჭერებმა განახორციელეს ზუგდიდისა და ხობის ოფისების რემონტი. რამდენიმე ეტაპად წარდგენილი ინფორმაციის შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ პარტიის 59 ოფისის ბრენდირებისთვის 66 411 ლარი დაიხარჯა. 

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ზუგდიდში, ხობში, დმანისსა და რუსთავში ოფისები საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე გახსნა. ხელშეკრულების ვადა კი ათვლილი იქნა მისი ხელმოწერის დღიდან. საიჯარო ვალდებულებების გარეშე განკარგვის ღირებულება ჯამში 3 583 ლარს შეადგენდა, რაც არ იყო დეკლარირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ამდენად, უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.  

 

 

 


                                          

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას.