ადგილობრივ თვითმმართველობებში, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მეორე ანგარიში
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ადგილობრივ თვითმმართველობებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა, არჩევნების დასრულებისთანავე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პირთა ცვლილებების პროცესი დაიწყო. ყოფილი თანამდებობის პირები (გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები), რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მასიურად ჩაანაცვლეს.
ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა, უმეტესად „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირთა გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის მოთხოვნით მართავდნენ. სამწუხაროდ, აქციები არაერთ შემთხვევაში უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ძალადობაში, გამგეობის შენობების შესასვლელების ბლოკირებაში, შენობაში შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა.
მონიტოინგის მეორე პერიოდში, ადგილობრივი თანამდებობის პირების მასიური ცვლილებების შემდგომ აქცენტი ქვედა რგოლებზე გადავიდა. ახლად დანიშნულმა თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებების განხორციელება გამგეობისა და საკრებულოს აპარატებში დაიწყეს. გათავისუფლებულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ განცხადებები პირადი გადაწყვეტილებით დაწერეს, თუმცა ფიქსირდება მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს განცხადებების დაწერას ხელმძღვანელი პირები სთხოვდნენ. განსაკუთრებით მასიურად დაითხოვეს სოფლის რწმუნებულები და სოფლის რწმუნებულების სპეციალისტები.