ანგარიშები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი  პარტიების აქტიურობით არ გამოირჩეოდა. კანდიდატებმა, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლები შეხვედრა გამართეს ამომრჩეველთან. 

2014 წლის 23 ივნისიდან 11 ივლისამდე იმ მუნიციპალიტეტებსა თუ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები  კანდიდატების მიერ გამართულ 115 შეხვედრას დაესწრნენ.  აქედან 98 შეხვედრა გამართა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-12; „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“- 4, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“-1. საარჩევნო სუბიექტები მოსახლეობას მეორე ტურში  აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი ერთი ფაქტი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან.
ასევე, თერჯოლის გამგებლის მოადგილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. 

ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული მორატორიუმის პირობების დარღვევას, რაც გამოიხატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებაში.