ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები ISFED-ის II შუალედურ ანგარიშში
15 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს, რომლებმაც სათანადო მომზადება და ტრენინგი მონიტორინგის დაწყებამდე გაიარეს.
საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებდა.
„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, კერძოდ, 7 შემთხვევა, რაც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი პროექტის ინიცირებასა და ბიუჯეტის მოდიფიცირებაში გამოვლინდა. გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1 შემთხვევა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის 1 ფაქტი“, - ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები 2014 წლის 20 აპრილიდან 11 მაისამდე 134 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. აღნიშნული შეხვედრებიდან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა 45 შეხვედრა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 24, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“- 21; „საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ“ - 6; „მომავალმა საქართველომ“ - 2; „საქართველოს გზამ“- 23; საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 3; „ხალხის პარტიამ“- 2; „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - 8.
წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას გაკეთდა ქსენოფობიური განცხადება ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის მიერ, რაც მიგვაჩნია, რომ ცალსახად მიუღებელია და შესაბამისი რეაგირების საგანი უნდა გახდეს აღნიშნული პარტიის მხრიდან.
„საანგარიშო პერიოდში დისკუსიის საგანი გახდა საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი. ცესკომ 2014 წლის 13 მაისის განკარგულებით გადაწყვიტა პარტიისთვის რიგით ნომრად ხუთიანის მინიჭება, რაც ვფიქრობთ, რომ საარჩევნო ნორმების სწორი ინტერპრეტაციის შედეგია. - ამბობს ნინო ჯანაშია, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი.
ყურადსაღებია ის ფაქტი რომ პარტიების მიერ ამ დროისთვის დასახელებულ კანდიდატებს შორის გენდერული ბალანსი უხეშადაა დარღვეული და ქალი კანდიდატები ძირითადად არ არიან წარმოდგენილნი.