ანგარიშები

დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემა FACEBOOK-ზე

2020 წლის საპაარლამენტო არჩვნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე ფეისბუქზე უფრო მეტად იკრებს ძალას დეზინფორმაციის კამპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.

ორგანიზებულ კამპანიას კარგად ეტყობა, რომ მათ უკან მდგომი ანონიმური აქტორები იყენებენ წინასწარ დამუშავებულ დეზინფორმაციულ მესიჯებს, რომლის მიზანიც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამოწვევა და შესაბამისი აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ ანტაგონისტური განწყობების გაღვივებაა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ანატომია, რომლის ფარგლებშიც კოორდინირებული საეჭვო ქცევის რამდენიმე სუბიექტი გამოვლინდა, რომლებიც დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებულად და მაღალი კოორდინაციის პირობებში აწარმოებენ.

17 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოქვეყნა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებებს შეიცავდა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში პენსიებისა და სხვა საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ.

აღნიშნული კვლევა გააკრიტიკა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს ორგანიზაციის რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ იყო „არ გაებედათ პენსიების მომატება“.

აკაკი ზოიძის აღნიშნული რეპლიკა ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით განთავსდა ცრუ მედიის რამდენიმე გვერდზე, სადაც მთავარი მესიჯი კვლავ დეზინფორმაციული რეპლიკა - „არ გაბედოთ პენსიის მომატება“ იყო.

რამდენიმე საათში აღნიშნული მანიპულაციური მესიჯბოქსის პარალელურად, ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე განთავსდა დეზინფორმაციული ფოტო მანიპულაცია, რომელიც ეკა გიგაურს მიაწერს დამამცირებელ ფრაზას პენსიონერების შესახებ.

აღნიშნული მანიპულაციური ფოტოს ორი ვერსია გამოქვეყნდა ერთმანეთთან დაკავშირებულ გვერდებზე - „ორი გვამი უნდათ“ და „იყავი და გაგეკეთებინა“. იმავე შინაარსის პოსტი დაიდო გვერდზე „პოლიტიკური სანაგვე“.

მოგვიანებით, გვერდებიდან „იყავი და გაგეკეთებინა“ და „პოლიტიკური სანაგვე“ პოსტები წაიშალა (წაშლის მიუხედავად, „სამართლიან არჩევნებს“ მონიტორინგის პროგრამის მეშვეობით კვლავ აქვს წაშლილ პოსტებზე წვდომა), სავარაუდოდ კვალის წაშლის მიზნით, რათა არ გაჩენილიყო მათი მხრიდან „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ ეჭვი, რაც „ფეისბუქის“ სტანდარტით მკაცრად არის აკრძალული.

 

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ ანონიმური გვერდები: „ორი გვამი უნდათ“, „იყავი და გაგეკეთებინა“, „პოლიტიკური სანაგვე“ და „პოლიტიკური იუმორი“ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გვერდები არიან და ორგანიზებულად, ერთიანი გზავნილებით ესხმიან თავს ოპონენტებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამ გვერდების ურთიერთკავშირს წარმოაჩენს მათთან დაკავშირებული „ფეისბუქ“ ჯგუფების ანალიზი. კერძოდ, ეს ჯგუფებია - „win[1]” და „ახალი ამბები[2]“, რომელთაც, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში 439,854 გამომწერი ყავს. ქვედა გრაფაზე წარმოდგენილია ამ ორი ჯგუფის ადმინისტრატორები 21 ოქტომბრის მდგომარეობით. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ორივე ჯგუფს უმეტესად ერთი და იგივე პროფილები და გვერდები უწევს ადმინისტრირებას. თითოეული ჯგუფის შემთხვევაში, განსხვავებულია 7-დან მხოლოდ ორი ადმინისტრატორი - კონკრეტულად კი, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდები. თუ ჯგუფში „win” ადმინისტრატორები სხვებთან ერთად არიან გვერდები „ორი გვამი უნდათ“[3] და “იყავი და გაგეკეთებინა“[4], მეორე ჯგუფში - „ახალი ამბები“ ამ ორი დისკრედიტაციული ანონიმური გვერდის ნაცვლად ადმინისტრატორია „პოლიტიკური სანაგვე“ და „პოლიტიკური იუმორი“. აღნიშნული გვერდებთან დაკავშირებულია, ასევე, გვერდი „პოლიტიკური სამრეცხაო“[5], რომელზეც ამ გვერდების იდენტური  პოსტები ვრცელდება.

 

 

საერთო ჯგუფების ადმინისტრირების გარდა, ამ გვერდებს სხვა მკაფიო მახასიათებლები გააჩნიათ, რაც მათ ორგანიზებულობაზე და მაღალი ხარისხის კოორდინაციაზე მიუთითებს:

  1. ანონიმურობა - ყველა გვერდი ანონიმურია, ანუ უცნობია, თუ ვინ მართავს ამ გვერდებს.
  2. იდენტური პოსტები - გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები შინაარსითაც და ვიზუალურადაც თითქმის იდენტურია და ერთიანი მესიჯ-ბოქსის გავრცელებას ისახავს მიზნად
  3. დასპონსორება - გვერდები შერჩევითად, ერთდროულად ან მონაცვლეობით ასპონსორებენ პოსტებს.
  4. პოსტების ერთდროულად გავრცელება - გვერდები ერთმანეთს თანმიმდევრობით, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით აქვეყნებენ ერთგვაროვანი შინაარსის პოსტებს, როგორც გვერდის ორიგინალ კონტენტს. (არ ხდება პოსტების გაზიარება გვერდებიდან, არამედ ვრცელდება როგორც ორიგინალი თითოეული გვერდის მიერ.)

გვერდებს შორის  კოორდინირებულ არაავთენტური ქცევის  ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2019 წლის 26-27 ივნისის აქტივობა, როდესაც აღნიშნულ გვერდებზე იდენტური პოსტები ფოტოების სახით განთავსდა.  ფოტოებზე აღბეჭდილია ოპოზიციური პარტების ლიდერების ფართო სპექტრი, რომელთაც თან ახლავს იარლიყი „დასაჭერია“

 

„სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს „ფეისბუქს“ გადაამოწმოს აღნიშნული გვერდების, ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ინდივიდუალური „ფეისბუქ“ პროფილების ქცევა და პლატფორმის სტანდარტების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ზომები.

 

-----

 

[1] Group ID - 817232555061790

[2] Group ID - 436291883221548

[3] Page ID – 262076164502470

[4] Page ID – 2030390237233346

[5] Page ID - 834186396940918