ანგარიშები

დისკრედიტაციის კამპანია „ფეისბუქზე“ მთაწმინდის არჩევნების წინ

„ფეისბუქი“ საქართველოში პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები სასურველი ინფორმაციის გავრცელების მძლავრ იარაღად იყენებენ. მათ შორის, ფეისბუქზე აქტიურობენ პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამ პლატფორმის სიკეთეების ბოროტად გამოყენებით გვერდს უვლიან პოლიტიკური დაფინანსების, წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების თუ გამჭვირვალობისთვის დადგენილ ვალდებულებებს და ანონიმურად ახერხებენ საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენას, რაც გამოიხატება მათთვის არასასურველი კანდიდატების საწინააღმდეგოდ დამაზიანებელი, დისკრედიტაციული შინაარსის დასპონსორებული კამპანიის გაჩაღებაში.

2019 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში მაღალი კონკურენციით ხასიათდება, სადაც მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი, ვლადიმერ კახაძე და „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.

ისევე როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებისას, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზეც  დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია ფეისბუქზე დიდი ინტენსივობით მიმდინარეობდა და, ძირითადად, ზუგდიდისა და მთაწმინდის ოლქებზე იყო კონცენტრირებული.

მთაწმინდის ოლქში პირველი ტურის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე განსაკუთრებით გააქტიურდა დისკრედიტაციის კამპანია ოპოზიციური კანდიდატის, შავგულიძის წინააღმდეგ. პოსტები რამდენიმე ანონიმურ გვერდზე ქვეყნდება ლადო კახაძის წინააღმდეგაც, თუმცა მკვეთრად ნაკლები რაოდენობით. იგივე მადისკრედიტირებელი გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კანდიდატების და პარტიების წინააღმდეგ დასპონსორებულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომელთა აქტივობების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშებში დეტალურად არის გადმოცემული.

ლადო კახაძის დისკრედიტაციას ის გვერდები მიმართავენ, რომლებიც აფილირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზოგადად, „ქართულ ოცნების“, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ. მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა სპორადული სახე აქვს და დასპონსორებული არ არის. შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება.

  

დააკლიკეთ Present-ს და შემდეგ მარჯვენა ისარს სლაიდების შესაცვლელად

 

შალვა შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული ხასიათი აქვს. მადისკრედიტირებელი გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ სპეციალურად კანდიდატის საწინააღმდეგოდ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე პირებთან და, შესაბამისად, ხდება მისი ლანძღვა და მორალური გაკიცხვა. ხშირად, შავგულიძის კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილად და დამახინჯებულად არის გამოტანილი სხვადასხვა ფოტოზე, ხოლო მისი ინტერვიუებიდან ამონარიდები ვიდეო-პოსტებში.

შავგულიძის წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო POSTV-ის მომზადებულია და თან ახლავს შესაბამისი ვიზუალური გაფორმება. პოსტების ნაწილი კი, ტელეკომპანია იმედი TV - ის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული სიუჟეტებია, (მაგალიტად, ინტერვიუ და რეპორტაჟი სულხან მოლაშვილის მამასთან) რომელსაც კანდიდატის საწინააღმდეგო სალანძღავი ტექსტები ახლავს თან.

საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში გამოყენებული იყო ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალა, რომელიც ფეისბუქის მიერ დაიფარა, იქიდან გამომდინარე, რომ ეწინააღმდეგებოდა ფეისბუქის წესებსა და სტანდარტებს.

 

დააკლიკეთ Present-ს და შემდეგ მარჯვენა ისარს სლაიდების შესაცვლელად

 

ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ივნისს მინიმუმ 4 გვერდზე გამოქვეყნდა შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ერთი და იმავე შინაარსის, თუმცა სხვადასხვა ხანგრძლივობის ვიდეო, რომელსაც განსხვავებული ტექსტი ადევს. გამოქვეყნებული პოსტებს 6 ივნისის მდგომარებით აქტიური რეკლამის სტატუსი ჰქონდა. 

ვიდეოები შემდეგი თანმიმდევრობით გამოქვეყნდა:

მახსოვს/Makhsovs - 18:22 სთ

პოლიტიკური სააშკარაო - 18:52 სთ

პოლიტიკური სამრეცხაო - 18:53 სთ

ჩაერთე განხილვაში - 19:32 სთ (5 ივნისი)

 

     

 

დისკრედიტაციული გვერდების გარდა, შავგულიძესთან დაკავშირებულ პოსტებს „ცრუ მედია“ გვერდებიც აქვეყნებენ და ასპონსორებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, პოსტებს კანდიდატის პირდაპირ ლანძღვის ნაცვლად იმგვარი ხასიათის ტექსტი ახლავს, რომ ამომრჩეველს წინააღმდეგობრივი აზრი ჩამოუყალიბდეს. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი, Ontime.ge 23 მაისს აქვეყნებს შავგულიძესთან დაკავშირებულ პოსტს, რომლის წამყვანი ფოტოს წარწერა აღწერს, რომ კანდიდატი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის მადლობას, უხდის. იგივე ქვეტექსტი აქვს პოსტის აღწერილობასაც. საგულისხმოა, რომ 23 მაისს ამავე გვერდზე 4 ინფორმაციული ტიპის პოსტია გამოქვეყნებული, თუმცა დასპონსორებული მხოლოდ შავგულიძესთან დაკავშირებული პოსტი იყო. პოსტს ჯამში 676 გამოხმაურება აქვს, მაშინ როდესაც იმავე დღეს გამოქვეყნებული სხვა პოსტებს არცერთი რეაქცია, კომენტარი ან გაზიარება არ უფიქსირდებათ.

 

 

„ფეისბუქზე“ ოპოზიციონერი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მიმართ კამპანიას ცალსახად ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს, რაც გამოიხატება ცრუ მედია გვერდების და მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ ერთგვაროვანი პოსტების და თანმხვედრი, კანდიდატის დამაზიანებელი მესიჯების გავრცელებაში. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ მიმართულ „ფეისბუქ“ კამპანიას POSTV-ის და „იმედის“ რიგი სიუჟეტების ხაზი გასდევს და ძირითადი კონტექსტი მათ მიერ შავგულიძის საწინააღმდეგოდ მომზადებული მასალებიდან იქმნება.

მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარე კანდიდატის მადისკრედიტირებელი კამპანიის მთავარი ინსტრუმენტი არის მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორება. ამ მიზნით გაწეული არადეკლარირებული ხარჯი კი, თავისი არსით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. გამოწვევად რჩება, რომ „ფეისბუქ“ რეკლამაში გადახდილი ამ თანხების წარმომავლობის ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება, რასაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო გარემოზე.