ანგარიშები

„პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი ქსელი Facebook-ზე

„სამართლიანი არჩევნები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდიდან „ფეისბუქზე“ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ქცევას აკვირდება. ქართული გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების წინააღმდეგ „ფეისბუქის“ მიერ განხორციელებული ორი მასშტაბური ოპერაციის შედეგად დადასტურდა ამ გვერდების კავშირი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ფეისბუქზე“ კიდევ ერთი პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მასშტაბური კამპანიაც შეინიშნება. საგულისხმოა, რომ მოცემული ქსელი „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ პოზიტიურ კამპანიასთან ერთად, მიმართულია მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული აქტივობისკენ როგორც მმართველი პარტიის, ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც.

მემარჯვენე ფრთის კონსერვატიული, პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ საინფორმაციო კამპანიას გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის, მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „ობიექტივის“ სოციალური მედიის გვერდის გარდა, ონლაინ გამოცემა tinp.ge და მასთან დაკავშირებული ჯგუფებიც ეწევიან. პარტიასთან არის დაკავშირებული  10 კოორდინირებული დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდიც, რომელთაც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით ცნობილი აქტივისტი - ბაკურ სვანიძე მართავს. აღნიშნული გვერდების პოსტებს კი „ფეისბუქ“ ჯგუფებში არანაკლებ 12 რეალური და არაავთენტური ანგარიში ერთმანეთის მონაცვლეობით ავრცელებს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის ანალიზის პროგრამა CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, ბაკურ სვანიძის მიერ მართული დისკრედიტაციული გვერდების პოსტების ინტერაქცია, შექმნის დღიდან 2020 წლის 10 აგვისტომდე, 600 ათასამდე აღწევს, ხოლო ვიდეოების ნახვების რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს.

 

ბაკურ სვანიძის მიერ მართული გვერდების კამპანია

 

„პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედებს ბაკურ სვანიძის მიერ მართული არაერთი გვერდი. „მედიის განვითარების ფონდის“ მითების დეტექტორის ლაბორატორიამ 2020 წლის მარტში პრორუსულ გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ ავტორ ბაკურ სვანიძესთან დაკავშირებული 8 გვერდი გამოავლინა, მათ შორის გვერდი ბაკურ სვანიძის fb-tv. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსათვის ფეისბუქზე უკვე სვანიძისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მართული 10 გვერდი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 იანვრიდან მოცემულ ქსელს შორის კიდევ ერთი გვერდი - „ევრო-ფული საქართველო“ მოქმედებდა, რომელიც სავარაუდოდ 21-23 ივლისის პერიოდში გაუქმდა.

აღნიშნული გვერდები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისა), ჯორჯ სოროსის, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი და სხვა სახის შინაარსის გამომხატველი სახელწოდებებით ხასიათდებიან. მოცემული გვერდების შექმნის პროცესი მიმდინარე წლის 30 იანვარს დაიწყო, ბოლო ახალი გვერდი 13 მარტს შეიქმნა. მოცემულ გვერდებს 5-8 ადმინისტრატორი მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკურ სვანიძესთან ერთად, აღნიშნული გვერდები ორგანიზებულად იმართება. ადმინისტრატორთა მსგავსი რაოდენობა კი შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მათ ერთი და იგივე პროფილები მართავენ.

-----

-----

სვანიძის მიერ მართული გვერდების გარეკანის ფოტოებზე განთავსებულია წარწერა „ეფ-ბი-ეს“ გუნდი“, რაც, სავარაუდოდ, ბაკურ სვანიძის ინიციალებს აღნიშნავს და ადასტურებს შესაბამისი გვერდის ბაკურ სვანიძის მიერ მართვას. თუმცა, გვერდების მმართველის სახელისა და გვარის გამომხატველი ინიციალები „ფეისბუქის“ რიგითი მომხმარებლებისთვის გვერდის შესახებ არასაკმარის ინფორმაციას იძლევა. მოცემული გვერდების „შესახებ“ განყოფილებაშიც, გვერდის სახელწოდების გარდა, სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის.

სვანიძის გვერდების ქსელი აქტიურ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწევა, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, თუმცა უფრო ხშირად პოსტები ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წინააღმდეგ ქვეყნდება. მოცემულ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს შორის ფოტოების წილი ყველაზე მაღალია.

-----

-----
ნავიგაციისთვის გამოიყენეთ ისრები < და >
-----

ბაკურ სვანიძე ღიად გამოხატავს „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერ პოზიციას. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ზემოთ განხილულ ყველა გვერდს სწორედ სვანიძის გუნდი მართავს, „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ პოზიტიური კამპანია მხოლოდ მათი პოსტების მცირე ნაწილში გამოიხატება. უფრო მეტი ძალისხმევა სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიისკენ არის მიმართული.

„პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ ღიად გამოხატული მხარდამჭერი კამპანია ყველაზე ხშირად წარიმართება გვერდზე „ნამდვილი ოპოზიცია“. აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოდან მოცემულ გვერდზე, ისევე, როგორც ბაკურ სვანიძის გვერდების ქსელის ზოგიერთ სხვა გვერდზეც, დასპონსორებული კამპანიაც დაიწყო, რაც არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.

-----

-----

 

-----

შექმნიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე ბაკურ სვანიძის 10 გვერდზე 3,472 პოსტი გამოქვეყნდა. აღნიშნულ პოსტებს ჯამში 588,097 რეაქცია, კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. გამოქვეყნებულმა 1,319-მა ვიდეომ უშუალოდ გვერდზე 4,405,601 ნახვა მოაგროვა, გაზიარებების მეშვეობით კი მათ დამატებით 6,480,685 ნახვას მიაღწიეს. ქსელის კიდევ ერთ გვერდზე, „ევრო-ფული საქართველო“, რომელიც ამ დროისთვის აღარ მოქმედებს, 23 ივნისის მდგომარეობით, პოსტების ინტერაქციის დონე - 6,336, ხოლო ვიდეოების ნახვების რაოდენობა 120,238 იყო.

-----

 

 -----

რეალური და ყალბი ანგარიშების მიერ ბაკურ სვანიძის დისკრედიტაციული გვერდების გავრცელების საეჭვო სქემა

 

„სამართლიანი არჩევნების“დაკვირვებით გამოვლინდა, რომ ბაკურ სვანიძის გვერდებიდან 13 „ფეისბუქ“ ჯგუფში პოსტებს ყველაზე აქტიურად და ხშირად 12 პერსონალური პროფილი აზიარებს. აღსანიშნავია, რომ ამ 12 პროფილიდან უმეტესობა, სავარაუდოდ, არაავთენტურია და „ფეისბუქზე“ საკუთარ ვინაობას მალავს.

 

ბაკურ სვანიძის გვერდების გამავრცელებელი ანგარიშები - მარტი-ივლისი, 2020

Facebook გვერდები გამავრცელებელი ანგარიშები Facebook ჯგუფები

 

გვერდების პოსტების გაზიარების დროზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ ბაკურ სვანიძის „ფეისბუქ“ გვერდების გამზიარებლები ორგანიზებულად, მონაცვლეობით მუშაობენ. აღნიშნული პროფილები პოსტებს ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა დროს აზიარებენ, რაც მათი მხრიდან გარკვეული გრაფიკით მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად, ‎‎”Qeti Otiashvili‎”, “‎პოლინა ტიკარაძე‎” და „‎პოლი ტიკა‎“-ს მიერ პოსტების გაზიარებების დაახლოებით 95% შუდღის 12 საათის შემდეგ პერიოდზე მოდის. ‎“Anna Gigauri‎“, „‎Eka Kvintradze‎“, „‎მარიამ გეგეჭკორი‎“, „‎მია-მია გვალია‎“ და „Laura Abramia“ პოსტების საშუალოდ 20% დღის 12 საათამდე აზიარებენ. გარდა ამისა, ‎“Tatia Tatishvili‎“ და „‎Liza Maxarashvili‎“ მხოლოდ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს აზიარებენ, ხოლო ‎“მარიამ გეგეჭკორი‎“ და „‎Nini Samitashvili‎“ - პარასკევსა და შაბათს. გაანალიზებული გაზიარებების 1%-ზე ნაკლები კვირა დღეზე მოდის.

----- 

-----

დროის ამგვარი განაწილება აჩენს განცდას, რომ აღნიშნული ანგარიშებისთვის ბაკურ სვანიძის გვერდების კონტენტის გავრცელება მათი სამსახურეობრივი მოვალეობაა და მათ შორის განაწილებულია პოსტების გაზიარების კონკრეტული დროები.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული ონლაინ მედია და მასთან დაკავშირებული მხარდამჭერი ჯგუფები

 

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედებს პარტიული ონლაინ მედია Tinp.ge - დღეს პოლიტიკაში, რომელიც თავს დამოუკიდებელ მედია საშუალებად წარმოაჩენს. „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე გასაჯაროვებული ინფორმაციის მიხედვით, მოცემული სააგენტოს თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ომარ მძევაშვილია. სააგენტოს „ფეისბუქ“ გვერდი პირველად 2019 წლის 17 ივლისს შეიქმნა სახელწოდებით - Todayinpolitics.ge - დღეს პოლიტიკაში, თუმცა იგი იმავე წლის 8 ნოემბერს ახალმა გვერდმა ჩაანაცვლა. ძველ გვერდზე კი უკანასკნელი აქტივობა 1 ნოემბერს ფიქსირდება.

-----

გვერდის - Todayinpolitics.ge - დღეს პოლიტიკაში გარეკანის თავდაპირველი ფოტო

-----

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული ონლაინ მედიის ვებ-გვერდის დომენი 2019 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ tinp.ge-ზე განთავსებული ახალი ამბები, რომლებიც ძირითადად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აქტივობებსა და განცხადებებს ასახავს, ხშირად ზიარდება პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეც.

-----

-----

 

 

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, გვერდზე - „Tinp.ge - დღეს პოლიტიკაში“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. თუმცა, მითითებული ინფორმაცია არასაკმარისად გამჭვირვალე და არასრულია. „სამართლიანი არჩევნები“, მითითებული მონაცემების ავთენტურობის გადამოწმებისა და არასრულად მოცემული მისამართის დაზუსტების მიზნით, აღნიშნულ ნომერს დაუკავშირდა. მოპასუხე პირმა დაადასტურა სააგენტოს წარმომადგენლობა.. სააგენტოს ფუნქციონირების ადგილის დაზუსტება ვერც აღნიშნული საუბრიდან მოხერხდა, რადგან მოპასუხის თქმით, სააგენტოს ოფისი არ გააჩნია.

  

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სააგენტო „იუთუბ“ არხითაც სარგებლობს. იგი გასული წლის 21 ივლისს შეიქმნა. ამ დროისთვის სააგენტოს „იუთუბის“ არხზე „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის, საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოა ატვირთული, რაც შემდეგნაირად არის დასათაურებული: „ირმა ინაშვილი თავდასხმაზე გადადის. პატრიოტების მძიმე არტილერია ქვეყნის მტრების წინააღმდეგ“.

-----

-----

მოცემული სააგენტოს კონტენტის გავრცელების მიზნით „ფეისბუქზე“ მოქმედებს შესაბამისი სახელწოდების ორი ჯგუფიც: Today in politics - დღეს პოლიტიკაში და დღეს პოლიტიკაში. ჯგუფებს ადმინისტრირებას სააგენტოს პროდიუსერ ომარ მძევაშვილთან ერთად, მედია-კავშირ „ობიექტივის“ მთავარი პროდიუსერი ილია ჩაჩიბაიაც უწევს. აღნიშნული პირების ანგარიშები ასევე მართავენ ჯგუფს „ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენება. მოცემულ ჯგუფში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებთან ერთად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც ერთიანდებიან. ჯგუფში ზიარდება, როგორც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, ისე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი გვერდების პოსტები და შესაბამისად, მოიცავს, როგორც „პატრიოტთა ალიანსისა“ და მისი ლიდერების, ისე მმართველი  პარტიისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მხარდამჭერ კამპანიასაც.

 ----- 

-----

 

„პატრიოტების“ კამპანია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში

 

2020 წლის 31 მარტიდან მოქმედებს „ფეისბუქ“ გვერდი Akhalkalaki News, რომელიც მედია კავშირ „ობიექტივის“ სიუჟეტებს იყენებს. მოცემული გვერდი, ძირითადად, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა. ამავე დროს, გვერდი „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის - სამველ პეტროსიანის სასარგებლოდ აგიტაციასაც ემსახურება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ენზელ მკოიანი ნინოწმინდის, ხოლო სამველ პეტროსიანი ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ორივე დეპუტატი იმდროინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, წარმოადგენდა. მოგვიანებით მათ პარტიები შეიცვალეს. ენზელ მკოიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უკვე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი სამველ პეტროსიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დაარეგისტრირა. მან მეორე ადგილი დაიკავა. როგორც ახალქალაქში, ისე ნინოწმინდაში. მეორე ადგილზე გავიდა „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიული სიითაც. მკოიანსა და პეტროსიანს შორის კონკურენცია ძალადობრივი ფორმებით დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

28 მაისს ფეისბუქ-გვერდ Akhalkalaki News-ის მიერ იდენტური სახელწოდებით შეიქმნა საჯარო ჯგუფიც, რომელიც გვერდზე განთავსებული პოსტების გაზიარებას ემსახურება. 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯგუფში 1,267 წევრი ერთიანდება.

  

დასკვნა

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხშირდება „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული გვერდების მიერ დასპონსორებული პოსტების განთავსება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ ბაკურ სვანიძის ქსელის მრავალრიცხოვან გვერდებზე დეკლარირებული რეკლამა არ განთავსებულა. თითქმის ყველა რეკლამა, რომელიც მოცემულ გვერდებზე ქვეყნდება,  საარჩევნო კამპანიას ემსახურება. შესაბამისად, ყველა მსგავს პოსტს, „ფეისბუქის“ მოთხოვნის შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლის შესახებ აუცილებელი შენიშვნა (Disclaimer) უნდა ახლდეს. დასპონსორებისთვის გაწეული ხარჯები კი, ისევე, როგორც სოციალურ მედიაში ბაკურ სვანიძის მიერ მართული გვერდების აქტივობის დიდი ნაწილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ხარჯად უნდა ჩაითვალოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს.

 

ანგარიში მომზადებულიაფეისბუქზეარსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებით. მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია Facebook-ის კუთვნილისოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle.

 

სამართლიანი არჩევნებისსოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებულიშტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, დასაქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდსამართლიანი არჩევნებისა დადემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არასახავდეს დონორების პოზიციას.