ანგარიშები

პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი

საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ შეინიშნება. სავარაუდოდ საარჩევნო პროცესზე საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით მომზადებული ინფრასტურქტურის გააქტიურება კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა და შიდა პოლიტიკური აქტორების ინტერესების სასარგებლოდ გააქტიურებული კოორდინირებული „ფეისბუქ“ გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მაღალი აქტივობა არჩევნებამდე 6 თვით ადრეც უკვე მკაფიოდ შეინიშნება. აქამდე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებს ცრუ მედიის გვერდების ახალი მჭიდროდ კოორდინირებული ქსელიც დაემატა, რომლებიც სასურველი გზავნილებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური მედიის პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. მართალია, 2019 წლის 20 დეკემბერს ფეისბუქმა ცრუ მედიის გვერდების უმრავლესობა წაშალა, მაგრამ შედარებით ახალმა ცრუ მედიების გვერდებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს ოპერირება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.

ჯამში, აღნიშნული საინფორმაციო ქსელის ფარგლებში გამოვლინდა:

ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.    

ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ამ გზით აღწევს „ფეისბუქის“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული.

რიგი ცრუ მედიის გვერდების პოსტების გასავრცელებლად ინტენსიურად გამოიყენება პერსონალური ანგარიშები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში ცრუ მედიების გვერდებზე განთავსებულ პოსტებს სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში აზიარებენ. ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ასეთი ანგარიში აშშ-ის გარდაცვლილ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოდან მიითვისეს და 14 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ცრუ მედიების გვერდების პოსტების გასავრცელებლად და მრავალათასიან ჯგუფებში ინტერაქციის პროვოცირებისთვის გამოიყენებოდა.

აღსანიშნავია რომ  ცრუ მედიის გვერდების პოსტების კომენტარებში შეინიშნება 50 ყალბი „ფეისბუქ“ გვერდი. ეს გვერდები თითქოს სხვადასხვა ადამიანების სახელით პოზიციონირებენ, თუმცა ყველა მათგანი შექმნილია არა პერსონალური ანგარიშის, არამედ „ფეისბუქ“ გვერდის სახით. მათ სტანდარტული „ფეისბუქ“ გვერდებისთვის დამახასიათებელი ქცევა არ ახასიათებთ და ცრუ მედიის გვერდებზე მასობრივი კომენტარების განთავსების მიზნით აქტიურობენ.

 

კოორდინირებული ცრუ მედიების ქსელი

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ საეჭვო კოორდინირიებული ცრუ მედიის გვერდების ქსელი აღმოაჩინა, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის პირობებში პროსახელისუფლებო გზავნილების გარდა, ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საჯარო პირებთან და მედიასთან დაკავშირებით დისკრედიტაციულ გზავნილებს ავრცელებენ. ჯამში აღმოჩენილია 14 ვებ-საიტი შესაბამისი „ფეისბუქ“ გვერდებით, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ორგანიზებულად მოქმედებენ. ადრე გამოვლენილი ცრუ მედიის გვერდებისგან განსხვავებით, რომლებიც აუდიტორიას პოსტების მასობრივად დასპონსორებით ზრდიდნენ, ეს გვერდები, როგორც წესი, პოსტებს არ ასპონსორებენ, არამედ აუდიტორიის მოკრებვას მრავალათასიანი „ფეისბუქ“ ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ. მათი სამიზნე როგორც პოლიტიკური, ასევე გასართობი, კონკრეტული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული „ფეისბუქ“ ჯგუფებია.

 

რა ქცევაში ვლინდება კოორდინაცია?

რეგისტრაციის ერთი თარიღი: გამოვლენილი 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდიდან 11 ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. 22 ივნისს მოცემულ გვერდებს კიდევ ერთი, ხოლო 25 ივნისს ორი გვერდი შეემატა. ამ ცრუ მედიების „ფეისბუქ“ გვერდების დასახელებების ინგლისურ-ქართული ხელწერა და ლოგოების დიზაინი მსგავსია.

რეალური მედია საშუალების კლონირება: ამ გვერდების ნაწილის ლოგო, დიზაინი და დასახელება, რეალური მედია-საშუალებების მსგავსია, მაგალითად ერთ-ერთი მათგანის სახელია „Interpressnet“, ხოლო ლოგოზე გამოხატულია აბრევიატურა  - „IPN“.  ამ ცრუ მედიის ლოგოს დიზანი და გვერდის სახელწოდება წარმოადგენს რეალური მედია საშუალების „ინტერპრესნიუსის“ კოპირებას და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს „ფეისბუქ“ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

ერთმანეთის მსგავსი აღწერილობა: წარმოდგენილი კოორდინირებული გვერდები თავს საინფორმაციო სააგენტოდ ასაღებენ. ყველა მათგანს „ფეისბუქ“ გვერდის კატეგორიად მითითებული აქვს „ახალი ამბები და მედიის ვებსაიტი“ („News & Media  Website”). აღსანიშნავია, რომ მოცემული გვერდების აღწერილობის სტილი და წინადადებების ფორმულირება ერთმანეთის მსგავსია. იხილეთ სლაიდშოუ:

 

 

ერთსა და იმავე დღეს შექმნილი ვებ-გვერდები: 14-ივე ცრუ მედიის გვერდი თავისივე სახელწოდებით შექმნილი ვებ-გვერდით სარგებლობს და პოსტების უმრავლესობა ამავე ვებ-გვერდების ბმულების სახით არის გაზიარებული. 2019 წლის 27 მაისს შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდების შესაბამისი ვებ-გვერდის დომეინები 15 დღით ადრე, ერთსა და იმავე დღეს, 12 მაისს, შეიქმნა. ამ დღეს 4 წუთში ცრუ მედიის 11 ვებ-გვერდის დომენი დარეგისტრირდა. შესაბამისი „ფეისბუქ“ გვერდის შექმნამდე (12 დღით ადრე) დარეგისტრირდა მოგვიანებით შექმნილი კიდევ ერთი ცრუ მედიის ვებ-გვერდის დომენი (Georgiadaily.net). ცრუ მედიის ორი ვებგვერდი კი „ფეისბუქ“ გვერდის შექმნიდან ორი თვის შემდეგ ამოქმედდა. 

კონტენტის გავრცელების საეჭვო კოორდინირებული სქემა

 

ცრუ მედია სააგენტოს „ფეისბუქ“ გვერდები საკუთარი მასალების აუდიტორიამდე მისატანად ერთსა და იმავე სქემას იყენებენ. კერძოდ, სტატია თავსდება ვებ-გვერდზე, რომელიც ზიარდება შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე, ხოლო ამ გვერდიდან პოსტს სხვადასხვა ყალბი ანგარიშები მრავალი ათასი წევრის მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში ავრცელებენ. ამ სქემით ვრცელდება კონკრეტული პოლიტიკური შინაარსისა და გზავნილების მქონე მასალები. ამ გვერდების მიზანი ყველა გამოქვეყნებული სტატიის აუდიტორიამდე მიტანა არ არის. ისინი ქმნიან მრავალრიცხოვან კონტენტს მხოლოდ იმისთვის, რომ მათი გვერდები მედიად პოზიციონირებისთვის უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. 

 

ვინაიდან ანგარიშში მოყვანილი ცრუ მედია გვერდების საქმიანობა ძირითადად „ფეისბუქ“ ჯგუფების აუდიტორიისკენაა მიმართული, მათზე განთავსებული პოსტები იშვიათად არის დასპონსორებული, ხოლო დასპონსირებული პოსტების უმეტესობა ანტიოპოზიციურია.

-----

დასპონსორებული პოსტების მაგალითები

-----

საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილი ცრუ მედიის გვერდების ცალკეულ პოსტებზე შეინიშნება ორგანიზებული კომენტარები ყალბი ანგარიშების მიერ. მაგალითად, “Fakt Press • ფაქტ პრესი”-ის მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული პოსტზე კომენტარების უმრავლესობა არაავთენტური ანგარიშების მიერ არის დატოვებული. კომენტარის ავტორებად „ფეისბუქ“ გვერდებად რეგისტრირებული ანგარიშები გვევლინება, რომლებიც 28 იანვრიდან მოყოლებული იქმნებოდა და ყველა მათგანის პროფილის ფოტოდ აბსტრაქტული ან ინტერნეტიდან მოპარული სურათია გამოყენებული. ანალოგიურად, 18 მარტს  მრავალრიცხოვანი ყალბი ანგარიშების კომენტარები დაფიქსირდა „ფეისბუქზე“ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ერთ-ერთ სტატიაზე, რომელიც პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის საქმიანობას ეხებოდა.

იხილეთ აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეოები:

ყალბი ანგარიშების ინტერაქცია

  

ყალბი ანგარიშების კომენტარები InterPressNews.ge-ზე

 

კოორდინაცია YouTube-ზე

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოორდინირებულად მოქმედი ცრუ მედიის გვერდები „იუთუბის“ პლატფორმასაც ორგანიზებულად იყენებენ. „იუთუბზე“ 14-ივე „ფეისბუქ“ გვერდის  შესაბამისი არხიც მოქმედებს. მოცემული არხები ჯგუფურად, ეტაპობრივად შეიქმნა. მათი შექმნის პირველი ეტაპი 2019 წლის 28 მაისს დაიწყო და 25 ივნისს დასრულდა. მოცემულ არხებზე ვიდეოების ატვირთვა 20 ივნისიდან დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის თბილისში ვოიაჟთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რაც იმავე ღამეს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. ცრუ მედიების „იუთუბ“ არხებზე განთავსებული ვიდეოები სხვადასხვა ტელემაუწყებლის ახალი ამბების გამოშვებების სიუჟეტების ნაკრებს წარმოადგენს. მათი უმრავლესობა ერთეული ნახვებით ხასიათდება.

თუმცა, ვიდეოების იმ ნაწილს, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ან ხელისუფლების დადებით ჭრილში წარმოჩენას ემსახურება, შედარებით დიდი რაოდენობის ნახვები აქვს. 2020 წლის 27 აპრილის  მდგომარეობით, ცრუ მედიების 14 კოორდინირებულ „იუთუბ“ არხზე 7,771 ვიდეო არის ატვირთული. მათ ჯამში 400 ათასამდე ნახვა აქვთ.

 

ცრუ მედიების კოორდინაცია „ფეისბუქ“ ჯგუფებში

 

ცრუ მედიის გვერდები აუდიტორიის გაზრდას სხვადასხვა ინტერესის სფეროს გარშემო შექმნილი მრავალათასიანი „ფეისბუქ“ ჯგუფების არაკეთილსინდისიერად გამოყენებით ცდილობენ. კონტენტის გასავრცელებლად ისინი, რამდენიმე რეალურ ანგარიშთან ერთად, იყენებენ ყალბ პერსონალურ პროფილებს ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ „ფეისბუქ“ გვერდებს, რომლებსაც ცრუ მედიის ბმულების ჯგუფებში გაზიარების გარდა არავითარი დანიშნულება/აქტივობა არ აქვთ. მათი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის კონკრეტული პოსტების გაზიარება სამიზნე აუდიტორიაში. ერთი მხრივ, ეს ემსახურება „ფეისბუქ“ მომხმარებლებს შორის კონკრეტული პოლიტიკური განწყობების გავრცელებას და, მეორე მხრივ, ცრუ მედიის გვერდების აუდიტორიის გაზრდას.

ეს ტაქტიკა, სავარაუდოდ, შემუშავებულია „ფეისბუქის“ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, რათა მოხდეს ანგარიშების დივერსიფიცირება და კოორდინირებული ქცევა ნაკლებად შესამჩნევი იყოს. ამას გარდა, მსგავსი სქემით მოქმედების სავარაუდო მიზანია აუდიტორიას სანდოდ მოაჩვენოს ცრუ მედიის გვერდები და შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ საინფორმაციო საშუალებებს ბევრი ადამიანი ან საინფორმაციო შინაარსის გვერდი აზიარებს. 

ცრუ მედიის გვერდების მიერ კონტენტის გასავრცელებლად ამ ეტაპზე გამოიყენება ქართულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი ღია და დახურული 35 ჯგუფი, რომლებიც ჯამში 4,950,688 „ფეისბუქ“ მომხმარებელს აერთიანებს. ჯგუფები თემატურად განსხვავებულია და ძირითადად გასართობი, რელიგიური, ეროვნული შინაარსის დასახელებები აქვთ. 

 

ცრუ მედიების კონტენტს 15 პერსონალური ანგარიში და 2 ყალბი გვერდი კოორდინირებულად ავრცელებს თემატურად განსხვავებულ ღია და დახურულ ჯგუფებში

Facebook გვერდები

გამავრცელებელი ანგარიშები Facebook ჯგუფები

ამ ჯგუფების ადმინისტრატორებზე დაკვირვება მიუთითებს, რომ ისინი მართული, გამოყენებული ან/და კოორდინირებულია ერთი წყაროს მიერ.

14 ცრუ მედია გვერდის კონტენტის ჯგუფებში გამავრცელებლად ამ ეტაპზე, გამოიკვეთა 3 კოორდინირებული გვერდი, 2 ნამდვილი და 10 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, რომლებიც აღნიშნული ცრუ მედიების ბმულებს ჯგუფებში კოორდინირებულად აზიარებენ. მათ შორისაა, “Mtavari Ambebi • მთავარი ამბები-ს რედაქტორი, ნათია ბერიძე.

-----

-----

ვინ დგას ცრუ მედია გვერდების უკან და ვინ ავრცელებს მათ?

მიმდინარე წლის 10 მარტს „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს შექმნილი 11 გვერდიდან ერთ-ერთს - „Mtavari Ambebi • მთავარი ამბები“, სხვა პირებთან ერთად, გამოცემა „ეS პერსონას“ ყოფილი ჟურნალისტი - ნათია ბერიძე მართავს. მის მიერ „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, იგი მოცემული სააგენტოს მთავარი რედაქტორია. 10 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ბერიძე აღნიშნავს, რომ მან მოცემული ვებ-გვერდი პირადად შეიძინა და მისი მეშვეობით, სხვა პირებთან ერთად, აქტიურად დაიწყებდა „ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების“ მხილებას..  ნიშანდობლივია, რომ ნათია ბერიძე იყო პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე 20 ივნისის ღამეს ერთიანი ნაციონალური მობრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეში.

უნდა აღინიშნოს, რომ „მთავარი ამბების“ რედაქტორმა, ნათია ბერიძემ, 2020 წლის 30 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ მადისკრედიტირებელი „ფეისბუქ“ გვერდი შექმნა - სახელწოდებით „კურიცაTV“, სადაც განთავსდა არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული  ე.წ. „მემეები“. ფაქტი, რომ გვერდი სწორედ ნათია ბერიძის მიერ არის შექმნილი დასტურდება იმ გარემოებით, რომ შექმნის მომენტში 30 მარტს, გვერდს, მხოლოდ ერთი მოწონება ჰქონდა და ეს მომწონებელი ნათია ბერიძე იყო.

 

-----

   

-----

პერსონალური ანგარიშების გარდა ცრუ მედია სააგენტოების ბმულებს ძირითადად 2 ყალბი გვერდი აზიარებს. ესენია: NEWS. და News Post

-----

-----

ერთი პერსონალური ანგარიშის მიერ სხვადასხვა ჯგუფებში ცრუ მედიის პოსტის გავრცელების მაგალითი

-----

ცრუ მედიის გვერდების ფეისბუქ ჯგუფებში გავრცელების ტაქტიკის შესწავლისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი აქტიური პერსონალური ანგარიში, რომელიც მოქმედებდა სახელით Nika Sidamonidze მითვისებული იყო.

-----

-----

როგორც ჩანს, რეალურ ანგარიშის მფლობელი აშშ-ის შტატ ტეხასისიდან იყო და ამ ანგარიშის აქტივობა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს შეწყდა. ანგარიში პროფილის მითვისების შემდეგ 2020 წლის 14 მარტიდან გააქტიურდა. პროფილის პარამეტრების ცვლილებებს, კონკრეტულად ახალი ფოტოს ატვირთვას, მოჰყვა რეალური მფლობელის ოჯახის წევრების და ახლობლების შეშფოთებული კომენტარები, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრის „ფეისბუქ“ ანგარიში ჰაკერების სამიზნედ იქცა.

-----

NikaSidamonidze…. ვინ ხართ? რატომ შეცვალეთ ეს სახელი ჩემი გარდაცვლილი ძმის პროფილზე? ღირსება არ გაგაჩნიათ?  Stacy Bee

 

Victoria R Pate : წესით, არავის აქვს მის ანგარიშზე წვდომა

Trish Trish : ამ შემთხვევაში, უეჭველია, რომ მისი ანგარიში დაჰაკეს.

-----

საგულისხმოა, რომ პროფილის არამართლზომიერი მითვისების შემდეგ, მიმთვისებელმა მხოლოდ და მხოლოდ სამი ქართული ფეისბუქ გვერდი მოიწონა: „ეSპერსონა“, „სირცხვილის კორიდორი“ და „Mood of sesilia” რაც ამ გვერდების შესაძლო კავშირზე შეიძლება მეტყველებდეს.

-----

 

-----

მითვისებული ანგარიშის მოწონებებიც და მეგობრებში დამატებული ანგარიშებიც სავარაუდოდ მიუთითებს მოპარული ანგარიშის უკან მდგომი პირის კავშირზე მოწონებულ გვერდებთან.   

საგულისხმოა, რომ 27 აპრილის მდგომარეობით არნიშნული პროფილი მიუწვდომელია, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ანგარიშის დეაქტივაცია ამჟამინდელმა მფლობელმა გააკეთა ან კომპანია „ფეისბუქმა“ რეალური მფლობელის ოჯახის წევრების მიმართვის შემდეგ გააუქმა.

 

ყალბი ამბები ცრუ მედია გვერდებზე

აღნიშნული ცრუ მედიების ქსელის ინფრასტრუქტურა მათთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ან მოვლენების შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც გამოიყენება.

მაგალითად, ცრუ მედიამ „მთავარი ამბები Mtavari Ambebi“ 2020 წლის 31 მარტს გაავრცელა დეზინფორმაცია სათაურით „ნაციონალური მოძრაობის წევრმა - ქართული ოცნების დეპუტატს იარაღიდან ესროლა“. რეალურად,  სტატია ეხებოდა 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანსა და პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონულ ლიდერს, სამველ პეტროსიანს შორის. თუმცა აღნიშნულმა ცრუ მედიამ სამველ პეტროსიანის პარტიული კუთვნილება დაამახინჯა და ის არა „პატრიოტთა ალიანსის“, არამედ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად გაასაღა. (სამველ პეტროსიანიც და ენზელ მკოიანიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ). 

დისკრედიტაციის მიზნით ორმა ცრუ მედიის გვერდმა „Fakt pressფაქტ პრესი“ და „7 Days7 დღე“ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის, სერგი კაპანაძის წინააღმდეგ გაავრცელა სტატიები სათაურებით „არ ვაპირებ დადგენილ სამედიცინო სტანდარტებს დავემორჩილო“ და „შეეშვით პანიკას და ყველას კარანტინში გამოკეტვას თუ მის გვერდით დაავადებული იყო“. იმავე დღეს, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის უარყოფს ამ განცხადებებს და აცხადებს, რომ აღნიშნული სამთავრობო მედია ტროლების მიერ აგორებული „შავი პიარი“ იყო.

  

ცრუ მედია გვერდების რაოდენობრივი მახასიათებლები

ცრუ მედიის 14 შესწავლილ გვერდს ჯამში 8,084 მომწონებელი და 8,356 გამომწერი ჰყავს.  შექმნიდან 2020 წლის 27 აპრილის ჩათვლით მოცემულმა გვერდებმა სულ 18,472 პოსტი გამოაქვეყნეს. მათ შორის ყველაზე მეტი პოსტი განთავსდა გვერდზე - “Georgia Daily”, ხოლო ყველაზე ნაკლები გვერდზე - “Tbilisi Today • თბილისი დღეს”. გვერდებზე განთავსებული პოსტების საშუალო რაოდენობამ კი 1,319 შეადგინა. მიუხედავად იმისია, რომ ამ გვერდების მომწონებლების რაოდენობა მასშტაბური არ არის და არც პოსტების მასობრივი დასპონსორება შეინიშნება, მათი შერჩევითი პოსტები ვრცელდება 35 ფეისბუქ ჯგუფში, რომელთაც ჯამურად თითქმის ხუთი მილიონი წევრი ჰყავთ.

გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა 2020 წლის 27 აპრილის მდგომარეობით

 

გამოქვეყნებულ პოსტებზე “ფეისბუქის” მომხმარებელთა ინტერაქციის ჯამურმა რაოდენობამ 88,003 შეადგინა, რომელთა 63% მოაგროვა გვერდმა - “Mtavari Ambebi • მთავარი ამბები”. 

 

პოსტების ინტერაქცია 2020 წლის 27 აპრილის მდგომარეობით

 

აღსანიშნავია, რომ შესწავლილი გვერდების ინტერაქციებს შორის (მოწონება, კომენტარი, გაზიარება) ყველაზე მეტია კონტენტის გაზიარება. აღნიშნული განსხვავდება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მანამდე დარეპორტებული სხვა ცრუ-მედიების და დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდების მახასიათებლებისგან, რომელთა პოსტებზე მომხმარებელთა ინტერაქცია, როგორც წესი, ყველაზე ხშირად რეაქციების სახით ვლინდება. გაზიარებათა შედარებით დიდი რაოდენობა გამოწვეულია მოცემულ გვერდებთან დაკავშირებული რეალური და არაავთენტური ანგარიშების ქცევით, რომელთა ამოცანა წარმოდგენილი გვერდების კონტენტის ჯგუფებში გაზიარებაა.

ზემოთაღნიშნული 14  კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდის მოქმედების სტრატეგია მიმართულია მათ მიერ საკუთარი თავის ნამდვილ საინფორმაციო სააგენტოებად წარმოსაჩენად, რაც სოციალური მედიის მომხმარებლების საინფორმაციო მანიპულაციას ისახავს მიზნად. ამასთან, ცრუ მედიის გვერდების კონტენტი მრავალათასიან „ფეისბუქ“ ჯგუფებში ძირითადად არაავთენტური ქცევის მქონე ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება.

გამოვლენილი ცრუ მედია გვერდების მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ქსელის არსებობა საინფორმაციო გარემოსთვის დამაზიანებელია და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა მანიპულირების რისკებს შეიცავს. ამდენად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ქსელის „ფეისბუქის“ მხრიდან შესწავლა და პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გატარება. 

=======

„სამართლიანი არჩევნები“ სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში აკვირდება საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სოციალურ მედიაში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად 2020 საპარლამენტო არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ამ დოკუმენტში აღწერილი საეჭვო კოორდინირებული სქემის გამოსავლენად დაკვირვება განხორციელდა ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებზე და მათთან კავშირში მყოფ სხვა ანგარიშებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე და „იუთუბ“ არხებზე. მონაცემების შეგროვება ხდება სოციალური მედიის პლატფორმების ღია წყაროებზე დაყრდნობით, ხოლო წინამდებარე დოკუმენტში მონაცემების რაოდენობრივი ანალიზისთვის მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია CrowdTangle.

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.