ანგარიშები

პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში

საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. „ფეისბუქის“ წესების თანახმად, პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს, რომლებიც არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სავალდებულოა ჰქონდეთ შესაბამისი დეკლარაცია, ხოლო ამგვარი რეკლამის განმათავსებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (“Paid for by” disclaimer).

პოლიტიკური რეკლამების  მეტი გამჭვირვალობა, არჩევნებში ჩარევის შემცირებას და დამკვეთის მეტ ანგარიშვალდებულებას შეუწყობს ხელს. დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაციის გარდა, „ფეისბუქზე“ არსებული რეკლამების ბიბლიოთეკა იძლევა ცნობებს იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა და რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა რეკლამა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით (ასაკი, სქესი, ლოკაცია). ეს მონაცემები „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ინახება.

საქართველოში „ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდგომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • პოლიტიკური პარტიების, ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობას დეკლარირებული აქვს პოლიტიკური რეკლამები.
  • სავალდებულო ატრიბუტები, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით, მითითებულია თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის დეკლარირებულ რეკლამაზე.
  • მიუხედავად ავტორიზაციის გავლისა, ცალკეული საარჩევნო სუბიექტები, ზოგიერთ შემთხვევაში, არ ახდენენ რეკლამების დეკლარირებას ან დაგვიანებით დააკმაყოფილეს დეკლარირების მოთხოვნა.
  • პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ ანონიმურ და ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირების გარეშე კვლავაც ქვეყნდება. მათი უმეტესობა პოსტებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ასპონსორებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები ასევე დეკლარირების გარეშე ქვეყნდება.
  • საარჩევნო სუბიექტების ნაწილი „ფეისბუქზე“ რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდების ე.წ „დისქლეიმერი“ აქვთ, რაც ხარჯების იდენტიფიცირებას ართულებს.
  • ცალკეული პარტიები პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ მამრობითი სქესის „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის აქვეყნებენ.

„ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით $193,465 დაიხარჯა. ამ დროისთვის, ჯამში, ბიბლიოთეკაში 4,607 რეკლამაა აღრიცხული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი ფეისბუქის მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა - ჯამში 47,800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.

  • $30,782 დახარჯა ევროპულმა საქართველომ, საიდანაც დაახლოებით 52% პარტიის „ფეისბუქ“ გვერდის რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი პარტიის ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე. მსგავსად ნაწილდება ლელოს მიერ დახარჯული 21,747 აშშ დოლარზე მეტი.
  • ბიბლიოთეკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ გვერდის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1,910 აშშ დოლარია დახარჯული. ასევე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ „დღეს პოლიტიკაში - Tinp.ge“ -ს 11 რეკლამისთვის ჯამში $2,753 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. აქედან $1,000-$1,500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის დასარეკლამებლად.
  • „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჯამში $20,421-ზე მეტი დაიხარჯა. აქედან, გიორგი გახარია გვერდის მიერ ჯამში $4,401 დაიხარჯა. ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად მითითებულია საქართველოს მთავრობის ვებ-საიტი gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართი. ხოლო კახა კალაძის რეკლამების ($1,874) დეკლარაციაში მითითებულია ვებ-საიტი kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, ოცნების მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული.

პარტიებისა და კანდიდატების სასარგებლოდ დახარჯული თანხები 1,735 რეკლამაზე, რომელთაგან თითოეულზე 100 აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა (როგორც ოფიციალური, ისე მხარდამჭერი გვერდების ჩათვლით):

 

რეკლამებში $1,000-ზე მეტი დახარჯეს შემდეგმა გვერდებმა:

 

 

პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და ლიდერების რეკლამების სამიზნე აუდიტორიები დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით

 

პოლიტიკური რეკლამების დემოგრაფიული გავრცელების მხრივ შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

  • პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველაზე ხშირად ადგილმდებარეობის მიხედვით განსაზღვრავენ სამიზნე აუდიტორიას. ადგილმდებარეობის მიხედვით მიზნობრივი რეკლამების განთავსებას ყველაზე ხშირად პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს.
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფეისბუქ რეკლამების მნახველთა ადგილმდებარეობებს შორის, თბილისის შემდეგ, მეორე ადგილს აჭარის რეგიონი იკავებს. პარტიის ანტითურქული რეკლამების მნახველთა აუდიტორიას უფრო მეტად მამაკაცები წარმოადგენენ. რეკლამის ქალი მნახველების წილი კი მაქსიმალურ მაჩვენებელს პარტიის ქალი გენერალური მდივნის - ირმა ინაშვილის ვიდეოების შემთხვევაში აღწევს (41-51%).
  • პოლიტიკური პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ პოლიტიკურ რეკლამას ფეისბუქზე ძირითადად მამაკაცებისთვის ათავსებს. მამაკაცები, საშუალოდ, პარტიის რეკლამების მნახველთა 86%-ს წარმოადგენენ.
  • „გირჩის“ პოლიტიკური რეკლამები, ძირითადად, მიმართულია 18-დან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისთვის. პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების მნახველთა შორის აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, საშუალოდ, 86%-ს შეადგენენ. როგორც ჩანს, პარტია თითქმის არ ასპონსორებს პოსტებს 44 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის. აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში „გირჩის“ პოლიტიკური რეკლამების სამიზნე ჯგუფს მამაკაცები წარმოადგენენ. მათ შორის, გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვის შესახებ რეკლამის მნახველთა 90%-ს 18-დან 45 წლამდე მამაკაცები წარმოადგენდნენ.
  • „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ასაკობრივი აუდიტორიები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და ფოთის, ხობისა და სენაკის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - გიგა ბოკერიას „ფეისბუქ“ გვერდზე რეკლამების მნახველთა აუდიტორია უმეტესად 18-დან 35 წლამდე კატეგორიაში ექცევა. პარტიის თავმჯდომარის - დავით ბაქრაძის გვერდზე განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებს კი უფროსი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები შედარებით უფრო ხშირად ნახულობენ.
  • პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და მისი ლიდერის - კახა კუკავას გვერდებზე პოლიტიკური რეკლამების მნახველთა აუდიტორიის ადგილმდებარეობებს შორის 12-დან 37 პროცენტამდე ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის. სხვა საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 1%-ზე ნაკლებია.
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყენებს ქალების მისამართით მიზნობრივ პოლიტიკურ რეკლამასაც, რომლის მეშვეობითაც მათ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს. აღნიშნული რეკლამა „ფეისბუქზე“ მხოლოდ ქალმა მომხმარებლებმა ნახეს.
  • პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ პოლიტიკური რეკლამების 87%-ისთვის სამიზნე გეოგრაფიულ ადგილს მხოლოდ თბილისი წარმოადგენს. 15 აგვისტოდან დღემდე პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ყველა რეკლამა მხოლოდ თბილისის აუდიტორიისკენ არის ორიენტირებული.

 

პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების პოლიტიკური რეკლამები დეკლარირების გარეშე

 

დეკლარირების გარეშე პოლიტიკური რეკლამები განთავსდა პოლიტიკური პარტიების „თავისუფალი საქართველო“, „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“, „ევროატლანტიკური ვექტორი“ და „სამართლიანობისთვის“ ოფიციალურ გვერდებზე. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ „ფეისბუქ“ გვერდზე დასპონსორებული პოსტების უმეტესი ნაწილი ამჟამადაც დეკლარირების გარეშე ქვეყნდება. პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ გვერდზე პოლიტიკური რეკლამების დეკლარირება მხოლოდ 30 აგვისტოდან დაიწყო („ფეისბუქის” პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში აღნიშნული გვერდის მიერ 10-დან 30 აგვისტომდე პერიოდში დეკლარირების გარეშე განთავსებული 17 რეკლამა იძებნება). პარტიებს „სამართლიანობისთვის“ და „ქართულ მარშს“ კი დღემდე არცერთი პოლიტიკური რეკლამა აქვთ სათანადოდ დეკლარირებული.

„თავისუფალი საქართველოს“ მსგავსად, პოლიტიკური რეკლამების უმეტეს ნაწილს სავალდებულო რეკვიზიტების გარეშე აქვეყნებს ამავე პარტიის ლიდერი კახა კუკავაც. დეკლარირების გარეშე განთავსდა რეკლამები პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის - ნინო ბურჯანაძის გვერდზეც. 19-20 აგვისტოს დეკლარირების გარეშე განთავსდა რეკლამა ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ვაჟა ჩიტაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური რეკლამების დიდ ნაწილს დეკლარირებული სახით აქვეყნებენ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დეკლარირების გარეშე განთავსებული რეკლამები აღმოაჩინა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების - გიგა ბოკერიასა და ლელა ქებურიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - გიორგი კაპანაძის და პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ლიდერების - ალექსანდრე ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გვერდებზეც.

 

ლელა ქებურიას გვერდზე დაუდეკლარირებელი

რეკლამა 2020 წლის 11 აგვისტოს განთავსდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურ გვერდებზე რეკლამებს ძირითადად ყველა წესის დაცვით ათავსებს, თუმცა პარტიის კანდიდატების არაოფიციალურ მხარდამჭერ გვერდებზე რეკლამები დეკლარირების გარეშეც არის განთავსებული. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მათ შორისაა რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ნინო ლაცაბიძისა (ჩვენ ვირჩევთ ნინოს) და ხაშურისა და ქარელის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის ზაალ (ზაზა) დუგლაძის (მხარდაჭერა ზაზა დუგლაძეს) მხარდამჭერი გვერდები. როგორც სხვა რეკლამებიდან ირკვევა ზაალ დუგლაძის მხარდამჭერ გვერდზე რეკლამებს კანდიდატის ძმა - დავით დუგლაძე ათავსებს. აღსანიშნავია, რომ იგი ზაალ დუგლაძისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოლიტიკურ რეკლამებს აქვეყნებს კიდევ ერთ გვერდზე სახელწოდებით 41 ჩემი არჩევანია

 

პარტიების/ლიდერების/კანდიდატების ოფიციალური და მხარდამჭერი გვერდები, რომლებზეც დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები განთავსდა 

ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამები

 

პოლიტიკური რეკლამების დეკლარირებას არ ახდენენ ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებიც ძირითადად ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით  ასპონსორებენ პოსტებს. „ფეისბუქის“ მიერ დადგენილი სავალდებულო ავტორიზაციის მიუხედავად, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდები კვლავ ცდილობენ თავი აარიდონ სავალდებულო წესებს და პოლიტიკურ რეკლამებს გამჭვირვალობის სტანდარტის გვერდის ავლით აქვეყნებენ.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღმოჩენილი არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამები ანონიმურ ცრუ მედიისა და დისკრედიტაციულ გვერდებზე, რომლებიც 7 აგვისტოდან განთავსდა:

უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები ასევე დეკლარირების გარეშე ქვეყნდება.

 

ანალოგურად, „ფეისბუქის“ მოთხოვნებისგან გვერდის ავლას ცდილობენ ცრუ მედიის გვერდებიც, რომლებიც თავს მედია საშუალებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პოლიტიკურ პიარსა და პროპაგანდას ანონიმურად აწარმოებენ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღნიშნულ გვერდებზე განთავსებული არაერთი დაუდეკლარირებელი რეკლამა იქნა გასაჩივრებული. მათი ნაწილის მოქმედება „ფეისბუქმა“ შეაჩერა, დიდი ნაწილი კი პოლიტიკური რეკლამის დაუდეკლარირებლობის გამო ამ დროისთვის რეკლამების ბიბლიოთეკაში აღარ იძებნება.

 

„ფეისბუქის“ მიერ, პოლიტიკური რეკლამის იდენტიფიცირების შემთხვევაში, რომელსაც თან არ ახლავს სავალდებულო ინფორმაცია, რეკლამის მოქმედება ჩერთდება.  ამასთანავე, ამოქმედდა გასაჩივრების, (report) ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენისთანავე, შეუძლია მიუთითოს, რომ რეკლამა შეეხება არჩევნებს ან პოლიტიკურ საკითხებს და არ ახლავს საჭირო შენიშვნა, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, „ფეისბუქი“მოახდენს რეკლამის დეაქტივაციას.

„ფეისბუქი“ რეკლამას ცნობს სოციალურ, საარჩევნო ან პოლიტიკურად იმ შემთხვევებში თუ:

  • რეკლამა შეეხება ან გამოქვეყნებულია  საჯარო მოხელის, კანდიდატის, პოლიტიკური პირის ან პოლიტიკური პარტიის მიერ/სახელით;
  • რეკლამა ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრის ინიციატივას, მოწოდებებს, როგორიცაა „მიდით არჩევნებზე“ ან საარჩევნო კამპანიას;
  • ეხება სოციალურ საკითხებს იმ რეგიონში, რომელშიც რეკლამაა გაზიარებული;
  • ის სახელმწიფოს მიერ რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა.

პოლიტიკური მიზნით მოქმედი ცალკეული ანონიმური წყაროები პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის და დეკლარირების ვალდებულების წესის ამოქმედების მიუხედავად, მაინც ახერხებენ გვერდი აუარონ დადგენილ სტანდარტებს, რაც განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციული რეკლამების თვალსაზრისით.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ყველა პარტიას და კანდიდატს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელიც „ფეისბუქზე“ ათავსებს პოლიტიკური შინაარსის რეკლამას, დადგენილი წესის მიხედვით გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამისთვის სავალდებულო რეკვიზიტები. ასევე, „ფეისბუქმა“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების აღმოსაჩენად და მათ, ვინც პოლიტიკურ რეკლამებს დეკლარირების/ავტორიზაციის გარეშე ათავსებს, დროულად შეუზღუდოს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, სანამ შესაბამის წესებს არ დაემორჩილებიან. ამასთან, „ფეისბუქმა“ არ უნდა დაუშვას არადეკლარირებული რეკლამის გაშვების შესაძლებლობა იმ გვერდებზე, რომლებსაც პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ავტორიზაცია აქვთ გავლილი. 

 

სამართლიანი არჩევნებისსოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებულიშტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, დასაქართველოს ღიასაზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდსამართლიანი არჩევნებისა დადემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არასახავდეს დონორების პოზიციას.