პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ წევრი, მისი შექმნის დღიდან იყო. 2015 წლის 4 მაისს, კომისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეულობით ადამიანმა მიმართა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების შესწავლის მოთხოვნით. პრობლემის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეექმნა კომისია, რომელიც სტრუქტურულად და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იქნებოდა სამინისტროსგან და შეისწავლიდა სამინისტროში წარდგენილ განცხადებებს.
კომისია დაკომპლექტდა საქართველოს სახალხო დამცველისა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო „სამართლიანი არჩევნები“.