პროპაგანდა და საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში
„სამართლიანი არჩევნები“ 2025 წლის პირველ კვარტალში სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა თანხვედრა მათ მიერ გავრცელებულ გზავნილებსა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის. აღნიშნული გვერდები ღიად უჭერდნენ მხარს „ქართულ ოცნებას“, ახდენდნენ პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაციას, აქტიურად ავრცელებდნენ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებულ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების, დასავლური ქვეყნების ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო განცხადებებს.
სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა რუსული საინფორმაციო მანიპულაციები და ჩარევებიც. საანგარიშო პერიოდში რუსეთი ორ ძირითად საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებდა ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედი ქსელისა და რუსული Pravda-ის ქართულენოვანი ვებსაიტის საშუალებით.
როგორც რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელი, ასევე Pravda-ის ეკოსისტემა, ავრცელებდა გზავნილს, რომ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მსგავსად, დასავლურ ფონდები და ევროკავშირი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და რევოლუციის მოწყობას აფინანსებდნენ. რუსული ქსელი დასავლეთის ქვეყნებსა და დიპლომატებს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლაში სდებდა ბრალს, მათ შორის, სანქციებზე მითითებით.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ