ანგარიშები

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი საბოლოო ანგარიში

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობების შესწავლის მიზნით სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ („საია“) 2012 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში განახორციელეს ერთობლივი პროექტი „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი.“ 

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესწავლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ ეთიკის კოდექსის შესრულების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრების მონიტორინგი. გარდა ამისა, პროექტის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი რეკომენდაციების შემუშავება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებისა და მათდამი ნდობის ამაღლებისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის პროექტი მოიცავდა რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის: 

1. საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების სტატისტიკური შესწავლას შემთხვევითად შერჩეული 396 უბნის მონაცემების საფუძველზე;

2. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადმინისტრაციული და დისციპლინარული სახდელდადებული პირების 2012 წელს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმეორებითი არჩევის მონიტორინგს; 

3. საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის შესრულების მონიტორინგსა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობების დაკისრების მონიტორინგს.

Monitoring of Election Administration Composition Final Report GEO by ISFED

პროექტი დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდებოდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. პროექტის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნები“ და „საია“ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. პროექტის აქტიური ფაზის დაწყებამდე ორგანიზაციებმა ცესკოს გააცნეს ინფორმაცია პროექტის მეთოდოლოგიისა და აქტივობების შესახებ. ცესკოს ასევე გადაეცა მონიტორინგის ცალკეული კომპონენტების შედეგები.