საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის მონიტორინგის ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ საარჩევნო რეფორმის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა, აუცილებელია ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ხდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა. საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევმა ბოლო მასშტაბურმა კონკურსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები, რაც მოქმედი წესის გადახედვის საჭიროებას ადასტურებს.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურის პროცესის ხარვეზები
2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია 13 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 5 წევრს ცესკო ირჩევს 5 წლის ვადით. ასეთი მუდმივმოქმედი წევრების რაოდენობა 380 შეადგენს. კონკურსის გამოცხადება გამოწვეული იყო 193 წევრისათვის 5 წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 4 იანვარს ცესკომ ცვლილებები შეიტანა „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულებაში“, რომლითაც განისაზღვრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დააკვირდნენ საოლქო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. მოცემული ცვლილება ხელს უწყობს კონკურსის გამჭვირვალობას და დადებითად უნდა შეფასდეს.
მიუხედავად ამისა, კონკურსს სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები ახასიათებდა. მართალია, დებულების თანახმად, კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა, მაგრამ ამავე დებულების მე-8 მუხლით, გასაუბრების ჩატარება არ წარმოადგენს კონკურსის სავალდებულო ეტაპს და ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.
მოცემულ შემთხვევაში ცესკოს არ გამოუვლენია ინიციატივა კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარებისა, რაც მათი დიდი რაოდენობით (771 კანდიდატი) და დროის სიმცირით ახსნა. აქედან გამომდინარე, თუ ცესკომ ჩათვალა, რომ კენჭისყრის ეტაპზე გასული ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გაუგებარია, გასაუბრებისა და შეფასების კრიტერიუმების გარეშე, მხოლოდ წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, როგორ მიიღეს ცესკოს წევრებმა გადაწყვეტილება რომელი კანდიდატი იყო უკეთესი და რომლისთვის მიეცათ ხმა.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს სხდომაზე ხმის მიცემა ღიად მიმდინარეობდა და დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად დაკვირვებოდნენ ამ პროცესს, ნათელი არ იყო, რატომ აძლევდნენ ცესკოს წევრები ხმას ამათუიმ კანდიდატს. კითხვებს წარმოქმნის ის, თუ რანაირად მოახერხეს ცესკოს წევრებმა მხოლოდ საბუთების მიხედვით კონკურსანტთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასება. ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსის პროცესში, კერძოდ, კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მართებულობა, დახურული დარჩა საზოგადოებისთვის. მსგავსი წესით ჩატარებული კონკურსი თავისთავად ეჭვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის და სამართლიანობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ გასაუბრებისა და კანდიდატების შეფასების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია კანდიდატის სრულყოფილად შეფასება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
არაპარტიული წევრები პარტიული წარსულით
ჩვენ მიერ დანიშნული წევრების საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილების შესწავლამ გამოავლინა, რომ ცესკოს მიერ არჩეული „არაპარტიული“, დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მნიშვნელოვან ნაწილს პარტიული საარჩევნო გამოცდილება ჰქონდა. აღნიშნულმა გარემოებამ ცესკოს გადაწყვეტილებების ობიექტურობის შესახებ ეჭვები წარმოქმნა და ინტენსიური განხილვა გამოიწვია. დადგინდა, რომ ზოგიერთი არჩეული წევრი წარსულში საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული. 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2015 წლის შუალედური არჩევნების მიხედვით გადამოწმებული ინფორმაციით, 182 არჩეული კომისიის წევრიდან ასეთი 67 პირი აღმოჩნდა1 (წლები შერჩეულია, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და უახლოესი არჩევნები).
აღსანიშნავია, რომ 67 წევრიდან, რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე პირი სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ იყო დანიშნული. ამასთან, უმეტეს შემთხვევებში ისინი დანიშნული იყვნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების მიერ, კერძოდ, 22 შემთხვევაში პირი დანიშნული იყო პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ, 17 შემთხვევაში „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ მიერ, 10 შემთხვევაში „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, 9 შემთხვევაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, 9 შემთხვევაში „ეროვნული ფორუმის“, 5 შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატების, სამ-სამ შემთხვევაში „ევროპელი დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, ხოლო თითო-თითო შემთხვევაში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქრისტიან-დემოკრატიული- სახალხო პარტიის“ მიერ.
რაც შეეხება მათი კომისიაში მუშაობის ინტენსივობას, 67 წევრიდან 30 წევრი ორ არჩევნებზე იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, მაგალითად, 2013 და 2014 ან 2014 და 2015 წლების არჩევნებზე; 9 წევრი სამ არჩევნებზე და 1 ოთხ არჩევნებზე. 27 წევრი მხოლოდ ერთ არჩევნებზე იყო წარდგენილი პარტიის მიერ კომისიაში, აქედან 13 შემთხვევაში 2012 წელს, 6 შემთხვევაში 2014 წელს, 6 შემთხვევაში 2013 წელს, ხოლო 2 შემთხვევაში 2015 წელს.
დასკვნები და რეკომენდაციები
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო სარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს უპარტიო. მოცემული 67 არჩეული პირის შემთხვევაში არ არის ცნობილი არიან თუ არა ისინი პარტიის წევრები. მიუხედავად ამისა, გასულ არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშნული პირების საოლქო კომისიებში არჩევა ეჭვებს წარმოქმნის ცესკოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ რასაც კონკურსის შედეგად განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. ეს თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების ჭრილში. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებისას ცესკოს წევრებს გაეთვალისწინებინათ თითოეული კანდიდატის საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის ისტორია და მათი ასოციაცია კონკრეტულ პარტიებთან. ეს გამორიცხავდა საზოგადოებაში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეემოწმებინათ იყვნენ თუ არა კონკურსანტები წარსულში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრები ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიაში.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა. „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით. რეკომენდაცია ითვალისწინებს, ასევე, წევრების რაოდენობის შემცირებას და ორ დონიანი სერტიფიცირების შემოღებას. წარდგენილი რეკომენდაციებით პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ან კანდიდატი იყო.
რეფორმის სირთულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ შესაძლებელია მისი ეტაპობრივად განხორციელება, რაც დროულად უნდა დაიწყოს. ამასთან, რეფორმის სრულად განხორციელებამდე, უნდა გადაიხედოს საოლქო კომისიის წევრთა შერჩევის წესი, ვინაიდან, დიდი ალბათობით კვლავ დადგება ცესკოს მიერ საოლქო კომისიების წევრების არჩევის აუცილებლობა მათი ვადის გასვლის გამო. უფრო მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ:
• გასაუბრება უნდა იყოს კონკურსის სავალდებულო ეტაპი;
• აუცილებელია მოხდეს საუკეთესო კონკურსანტთა შერჩევა გასაუბრებისათვის, რისთვისაც შეიძლება, მაგალითად, დაწესდეს ტესტირება, როგორც კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი;
• გასაუბრების ეტაპზე კანდიდატთა შეფასება უნდა მოხდეს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების და ქულების მიხედვით, რაც უფრო ნათელს გახდის შეფასების პროცესს და უზრუნველყოფს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას;
• სასურველია გადამოწმდეს იმ კანდიდატების პარტიული კუთვნილება, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. გადამოწმება უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტის გადამოწმება გარკვეულ თანხებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, მხოლოდ გასაუბრებაზე გასული კანდიდატების გადამოწმებით შემცირდება გადასამოწმებელ პირთა რაოდენობა. ასევე, პროცესის გამარტივების მიზნით შეიძლება დადგინდეს, რომ ინფორმაციის გამოთხოვა მოხდეს მხოლოდ ბოლო ორ ან სამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისგან. თუ დანიშვნის შემდგომ გამოვლინდა, რომ პირი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია, ეს უნდა გახდეს უფლებამოსილების შეწყვეტის და ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი;
• სასურველია ის პირები, რომლებიც უახლოეს, მაგალითად, ბოლო ორ ან სამ არჩევნებზე იყვნენ პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრები, არ დაინიშნონ პროფესიული ნიშნით საარჩევნო კომისიებში.